დედა, რომელმაც შვილის მკვლელს შეუნდო – „ბეგის ისე მეძახიან, სიყვარული – სახელად“…

18 წლის ბეგი-გაბრიელ მამალაძის შეწყვეტილი სიცოცხლე…  დედა – ვეფხისა და მოყმის ბალადის სხივს მოყოლილი, რომელსაც ერთადერთი შვილის ხსოვნა დარჩა იმედად და სულის მოსათქმელად… დედა, რომელიც შვილის მკვლელს შეუნდობს…
ბეგი მამალაძე ის-ის იყო დიდ ცხოვრებას იწყებდა… ხატავდა, წერდა, მღეროდა… რომ დასცლოდა, იქნებ მართლა შეეცვალა რამე სიცრუესა და უსამართლობაში… არ დასცალდა! მაგრამ თითქოს მოასწრო 18 წელიწადში მთელი ცხოვრების გავლა…  ამბობდა: ბეგის ისე მეძახიან, სიყვარული – სახელადო…
გარდაცვალების შემდეგ ბეგიმ მოახერხა, რომ თავისი სახელის ირგვლივ სიყვარულით გააერთიანებინა უამრავი ახალგაზრდა…
„თაობები იზრდებიან უსიყვარულოდ. სანამ დედამიწაზე სიყვარული არ დაბრუნდება, არაფერი გვეშველება“… – ამბობს ბეგის დედა.
რუბრიკა „პერსონის“ სტუმარი სწორედ ქალბატონი მარიკა ზედელაშვილია, შვილის უცნობი და ნაცნობი ისტორიებით…

 – ერთადერთი ვაჟი გყავდათ – ბეგი (ბეგლარ) მამალაძე. როგორი ბავშვობა ჰქონდა ბეგის?
– ოჯახი გვიან შევქმენი და, ღვთის მადლით, 39 წლის ასაკში გავხდი დედა.
ბეგის დაბადებამდე ჩემი მეუღლის მამიდამ სურვილი გამოთქვა, რომ მისთვის დიდი ბაბუის – ბეგლარ მამალაძის სახელი დაგვერქმია, ხოლო მისი ეკლესიური სახელი გაბრიელი მისმა ნათლიამ – მეუფე დანიელმა შეურჩია.  მისი მონათვლა  დაემთხვა გაბრიელ მთავარანგელოზის კრების დღეს, ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის პატარა ხის ტაძარში. ამ ტაძრის  ეზოში ახლა მისი მეგობრების ხელით აშენებული „ბეგის წყარო“ მოედინება.
სხვათაშორის, გაბრიელი მისი დიდი წინაპრის, ეროვნული გმირის, ბუღარა მამალაძის სახელი ყოფილა. ასე რომ, გაბრიელ ბეგი მამალაძემ შვიდი თაობის წინაპართა წრე დაასრულა. ბეგი ადრეული ასაკიდანვე ამაყობდა თავისი წინაპრებით, როგორც მამის, ასევე ჩემი მხრიდანაც. ჩემი მშობლები  რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგები იყვნენ, მამა – ხოშტია ზედელაშვილი, პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებამდე, მრავალი საკავშირო და რესპუბლიკური შეჯიბრების ბეჭდაუდებელი ფალავანი იყო.
ბეგის ბავშვობა მჭიდროდ არის დაკავშირებული კახეთსა და გურიასთან. იგი ყოველთვის ამაყობდა როგორც მშობლიური ხევით, ასევე კურორტ ბახმაროთი, სადაც მისი ბავშვობის ყველაზე შთამბეჭდავმა წლებმა გაიარა.
ბეგის გარდაცვალების შემდეგ, ბახმაროში მისი მონაწილეობით აშენებულ კოტეჯში,  უკვე 2 წელია, ზაფხულობით, „გაბრიელ – ბეგი მამალაძის სახელობის ბიბლიოთეკა“ ფუნქციონირებს.
ამ ბიბლიოთეკით მრავალმა დამსვენებელმა ისარგებლა.
– წლევანდელ ფერისცვალებაზე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – მარიამ ჯაშიც გესტუმრათ… მალე ჩოხატაურშიც გაიხსნება ბეგის სახელობის ბიბლიოთეკა…
–  ქალბატონმა მარიამ ჯაშმა  დიდი შეფასება მისცა კულტურული კერის არსებობას საკურორტო დასახლებაში. მხარში გვიდგას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიც, განსაკუთრებით ქალაქის მერი, ბატონი ირაკლი კუჭავა. იგეგმება ჩოხატაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბეგის ბიბლიოთეკის გახსნა.
– ბეგის სოფელი უზომოდ უყვარდა… მან სიყვარული მოთხრობაში – „ჩემი სოფელი“ ჩააქსოვა…
– მე ვთვლი, რომ მისი სულიერების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის სოფელს, სადაც დღემდე შემორჩენილია ის ზნეობრივი ფასეულებები, რითაც დღევანდელი ქალაქი ვერ დაიკვეხნის. მას ძალიან უყვარდა თავისი სოფელი ხევი და ამ სიყვარულზე მიუთითებს მისი მოთხრობის –  „ჩემი სოფლის“ ეპილოგი: „გათენდა, ცა ისევ შეტიალდა და ჩემი თბილისში წასვლის დროც მოვიდა. ვშორდები ამ მთებს, ამ ყანებს, სხვადასხვაფერებად რომ შეფენილან გორებზე, ჩემ ძროხებს, თხებს, ღორებს, ბურვაკებს, ჩემს გუბაზოულს – გიჟივით რომ მოდგლიშინებს გადარეული, ჩემს დაცარიელებულ, მაგრამ მხიარულ სოფელს. ამ ცას, ამ მზეს, რომ ამოიწვერება და სულ ზევით, ზევით რომ მიიწევს გორის უკნიდან, ჩემს საყვარელ ბიძას, ვასიკოს, ნინო ბიცოლას, ირა ბებიას, მოკუნცხული რომ დადის და მუხლჩაუხრელად შრომობს, ბაბუს, ჩემს კეკულას – ომახიანი ყეფით რომ მატყობინებს, საჭმელი მაჭამეო. მივდივარ გულანთებული, მაგრამ დაიწყება ისევ ქალაქური ცხოვრება, გინება, ჩხუბი, გამონაბოლქვის ყლაპვა, გაფუჭებული ბავშვები, რომლებიც მხოლოდ სხვების დაჩაგვრაზე ფიქრობენ და ბოლოს: სხვის ნიუ-იორკს And London-ს ჩემი ხევი მირჩევნია“. მადლობა რომ მომისმინეთ“. 2007 წელი. ბეგი.
– ბეგი ხატავდა, წერდა, მუსიკას ქმნიდა, მღეროდა, რეპით იყო გატაცებ­ული…  ყველაზე მეტად მაინც  რისკენ ჰქონდა მიდრეკილება?
–  ბეგი  ძალიან ცელქი იყო, შეიძლება ითქვას – ჰიპერაქტიურიც. ძალიან უყვარდა, როდესაც  წიგნებს ვუკითხავდი, განსაკუთრებით მითოლოგია, პატრიოტული და სამხედრო თემატიკა მოსწონდა. მისი ემოციისა და შთაბეჭდილების გამოხატვის ფორმა ხატვა იყო. თითქოს გული რაღაცას მიგრძნობდა, ყველა ნახატი ღრმა ბავშობიდან ბოლო დღეებამდე მაქსიმალურად შემოვინახე.
პროფესიონალი მხატვრები: რუსუდან ფეტვიაშვილი, გია ბუღაძე და სხვები დიდ შეფასებას აძლევდნენ ბეგის, როგორც ბატალისტი მხატვრის ნამუშევრებს (იგეგმება მისი ნახატების კატალოგის შედგენაც). იგი ხატავდა ყველგან, სადაც შეიძლებოდა მისი ემოციის გამოხატვა. ჩემმა ყველა ახლობელმა იცოდა მისი უნარების შესახებ და შეძლებისდაგვარად მამარაგებდნენ ქაღალდის მასალით. ერთხელ მომიტანეს ენცეფალოგრამის 3- მეტრიანი გრაგნილი. გადავწყვიტე, ფურცლებად მექცია, მაგრამ საბავშვო ბაღიდან მოსულმა ბეგიმ არ დამაჭრევინა, გრაგნილი იატაკზე გაშალა, დაწვა, თვითონაც იატაკზე დაჯდა და ნახევარ საათში ფლომასტერებით შესანიშნავი ბატალური ნახატი შეასრულა. შევაქე, შევნიშნე, რომ ზოგიერთი ფიგურა დაუსრულებელი იყო. მან კი აუღელვებლად მიპასუხა: ,,ვერ ხედავ? ომია! ან ფეხი არ ექნება მეომარს ან ხელიო.“
7 წლის ასაკში მისმა დეიდამ ნინო ზედელაშვილმა გოდერძი ჩოხელის ფილმი ,,აღდგომა“ უჩვენა (იგი გოდერძი ჩოხელზე გამოქვეყნებული ორი წიგნის – „ნაწილიანის“ და „დარდების შემგროვებელის“ავტორია).
ფილმის დასრულების შემდეგ რაც მოხდა, ნინომ მშვენივრად აღწერა მის პირველ წიგნში: ,,ბეგიმ ფურცელი და პასტა მომთხოვა, მაგიდასთან მოკალათდა და ხატვა დაიწყო. ღამის 10 საათზე დედამისმა ხვეწნა დაუწყო: წავიდეთ, ტრანსპორტი აღარ იქნებაო. მაცადე, სამასნი იყვნენ, ყველა უნდა დავხატო, თავაუღებლად უპასუხა ბეგიმ. მოგეხსენებათ, ფილმ ,,აღდგომაში“ არცერთი პერსონაჟი არ ჩანს, ფილმის ბოლოს ისმის ბრძოლის ხმები,  ამ ხმების მიხედვით და თავისი უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით ბეგიმ დახატა კრწანისის ბრძოლა 300 არაგველით, სპარსელებით, მეფე ერეკლეთი და არაგველების მოზარე გოდერძი ჩოხელით. დახატა და წავიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ბეგი თავისი ნამუშევრით გოდერძისთან წავიყვანე. გოდერძის გაუკვირდა პატარა ბავშვის უცნაური ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. მალე იქ გოდერძის მოძღვარი და ბეგის ნათლია – მეუფე დანიელი მობრძანდა. უცნაური კადრი მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა: ორი დიდი ქართველი – გოდერძი ჩოხელი და მეუფე დანიელი (დათუაშვილი) პატარა ბეგისთან ერთად მის „კრწანისის ბრძოლას“ ათვალიერებდნენ.“
– 14 წლის ასაკში რადიოპროექტში – „ეს მე ვარმონაწილეობდა. არსებობს ჩანაწერი, სადაც პირდაპირ ეთერში ათი წლის ასაკში დაწერილ ჩანახატს კითხულობს...
–  ჩემი მეუღლე ჟურნალისტ თათია ჩხეიძის საავტორო რადიოპროექტის – „ეს მე ვარ“ გადაცემის აქტიური მსმენელი იყო. ერთ-ერთი ეთერის დროს წამყვანსა და მას შორის შედგა სატელეფონო საუბარი და გადაწყდა, რომ ის მიეწვიათ გადაცემაში რუბრიკით – „მსმენელი მიკროფონამდე“. მიწვეულთა შორის ბეგიც აღმოჩნდა, რომელმაც ტექნიკური დახმარება გაუწია თურმე გადაცემის რეჟისორს. ეს იყო 9- საათიანი პირდაპირი ეთერი. გამთენიისას მოუწია ბეგის თავისი ჩანახატის „ჩემი სოფლის“ წაკითხვა. მე სახლიდან ვგულშემატკივრობდი მათ და დღესაც  მახსოვს ის დაუვიწყარი ემოცია, რაც მისმა წაკითხვამ გამოიწვია მსმენელში. უცხოეთიდანაც დარეკეს. ერთმა მსმენელმა პატარა დუმბაძეც კი უწოდა.
ეს ჩანაწერი შეგიძლია მოისმინოთ ბმულზე: soundcloud.com. „es me var-begi mamaladze“
– „დავითიანნის” რესპუბლიკურ კონკურსში – „საქართველოს მეფე-დედოფლები და პატრიარქები” (2011 წელი) ბეგის ნამუშევარს –  „დიდგორის ბრძოლას“ რუსუდან ფეტვიაშვილმა და გია ბუღაძემ უმაღლ­ესი შეფასებები მისცეს, ხოლო საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის კონკურსში, „ნახატები ბიბლიურ თემაზე”, ბეგიმ საპრიზო ადგილი აიღო… მისგან ნიჭიერი მხატვარი დადგებოდა… რისი დახატვა უყვარდა ბეგის?

წმინდა ხატები, რომლებიც ბეგის სახელზე მეუფე დანიელმა  აკურთხა, დედამ ბახმაროს ფერისცვალების ტაძარს შესწირა, სადაც ბეგი 6 წლის ასაკში მოინათლა.

–  ბეგის უსაყვარლესი თემატიკა ხელოვნების ნებისმიერ სფეროში იყო სამხედრო-პატრიოტული თემატიკა, განსაკუთრებით სამხედრო სტრატეგიები ძველ ბერძნულიდან დაწყებული თანამედროვე ეპოქის ჩათვლით. ამის დასტურად ერთ ამბავს გავიხსენებ. როდესაც თქვენ მიერ ხსენებული ერთ-ერთი კონკურსის შედეგად მოპოვებული ვაუჩერით  მივედით  რუსთაველის გამზირზე, არტმაღაზიაში, ბეგიმ ჩემს შეთავაზებაზე – შეეძინა დიდი გამოჩენილი მხატვრების ალბომები, სასტიკი უარი მითხრა და დიდი ხნის თვალიერების შემდეგ ძვირად ღირებული სამხედრო იარაღის კატალოგი შეიძინა. მისი მხატვრობისთვის ეს კატალოგი აუცილებელი მასალა იყო.
18 წლის იყო ბეგი მამალაძე რომ მოკლეს… 5 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ბეგის რაღაცნაირი წინათგრძნობა ჰქონდა. თავის ლექსებში წერდა: 
„მე კი არ მომიწევს მოცდა შემდეგ გაზაფხულამდე, ან ნეტავ შემდეგ რა იქნება,  ალბათ, დანას გამიყრიან…”  – თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი… საუბარში თუ ამბობდა რამეს სიკვდილზე?
– ბეგი ვერ ურიგდებოდა უსამართლობას, ტყუილს, ღალატს.  მას XXI საუკუნის დონ – კიხოტიც კი უწოდეს. სამწუხაროდ, ეს უსამართლობა სასულიერო გიმნაზიიდან დაიწყო  და გაგრძელდა ყველა იმ სკოლაში, სადაც კი ვცდილობდით უსამართლობისგან თავის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ.  ამ პრობლემებისადმი მისი პროტესტის მიუხედავად,  იყო ბევრი რთული  მომენტი მის ცხოვრებაში, პირადად მასთან და მის სამეგობროსთან დაკავშირებით. თუმცა იგი ფარ-ხმალს არ ყრიდა. ჩვენთან საუბარში სიკვდილზე არასოდეს საუბრობდა, საფრთხე კი ბევრი იყო.

გარეგნულად ძალიან ოპტიმისტი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი შემოქმედება საპირისპიროს ამტკიცებდა. მისი სოციალური პროტესტი არაერთ ნაწარმოებშია გამოხატული. ჩანს, რომ ის ფაქტობრივად სიკვდილისთვის ემზადებოდა და თუ ქრისტიანულად მივუდგებით, განა ჩვენი ცხოვრება საბოლოოდ გარდაცვალებისკენ მიმავალი ბილიკი არ არის? გააჩნია, როგორ გაივლი…. ის თითქოს გაუშინაურდა კიდეც სიკვდილს:

„სიკვდილის შიში სულაც არ მთრგუნავს,
და არც დედას ვთხოვ, ჩემზე იტიროს,
და სიკვდილის წინ სულ ერთს ვთხოვ უფალს,
სახეზე სიომ გადამირბინოს“.

აუხდა კიდეც წინათგრძნობა მაისის ერთ-ერთ სიცხით გათანგულ დღეს დასრულდა მისი ამქვეყნიური ცხოვრება და დაიწყო ახალი „სიცოცხლე“, რომელიც დღემდე გრძელდება.
3 ივლისს გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დილის ცხრა საათზე აბიტურიენტთა დარბაზში გამოცდა შეფერხდა ერთ-ერთი აბიტურიენტის გამოუცხადებლობის გამო. წაიკითხეს სია და როდესაც ამოიკითხეს ბეგის სახელი და გვარი, ყოფილი პარლამენტის წევრის, ირინა სარიშვილის შუათანა შვილმა, რომელიც არ იცნობდა მას, თქვა: „ბეგი ვერ მოვა, ის მოკლეს“. ეს ამბავი ირინა სარიშვილის ფეისბუქსტატუსიდან გავიგეთ, იმ დღეს ბეგი ადამიანისთვის ყველაზე მთავარ გამოცდას უფალთან აბარებდა.
 151- საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ხართ. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია, რომ მოზარდებში ამდენი მკვლელობა და სისასტიკე ხდება?
–  ის, რომ მოზარდებში ასე გახშირდა სისასტიკე და მკვლელობა, ახალი არ არის. სამწუხაროდ,  მოზარდებში ასეთი გაბოროტებისა და დაუნდობლობის მრავალი მიზეზი არსებობს. ჩემი აზრით, ის სამკუთხედი – სკოლა-ოჯახი-საზოგადოება, რომელსაც საფუძვლად სიყვარული უნდა ჰქონდეს დადებული, დაირღვა. დღევანდელი სკოლაც, ოჯახიც და საზოგადოებაც არათუ ვერ პასუხობენ  ამ გამოწვევებს, არამედ სირაქლემის პოზაში არიან და ერთმანეთისკენ თითის გაშვერით არიან დაკავებული. თაობები კი იზრდებიან უსიყვარულოდ. სანამ დედამიწაზე სიყვარული არ დაბრუნდება, არაფერი გვეშველება.
მთელი საზოგადოება ვალშია მომავალი თაობის წინაშე. ბეგი მოგვიწოდებს: „გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.
– ბეგი ბევრს ფიქრობდა… მან 18 წლის ასაკში თითქოს მთელი ცხოვრება განვლო… გასაოცარია მისი ესე – „სული დამიმძიმდა, იქნებ ავწონოთ?“
იგი წერდა: „დამიჯერეთ, დაცინვა იგივე ქურდობაა. მაშინ, როცა შენ ვინმეს დასცინი, მას სულის პატარა ნაწილს ართმევ“...
ამ ესეში ბეგი იმ ადამიანებზე წუხდა, ვისი სულებიც ცარიელია სიყვარულისგან. გისურვებთ სიყვარულსო, – წერდა.  როგორ უყვარდა ბეგის?
 –  ბეგი თავის ერთ ლექსსში წერს: „ბეგის ისე მეძახიან -„სიყვარული“ სახელად“!
ირაკლი კაკაბაძემ ბეგის სიკვდილს მიუძღვნა წერილი:  „რატომ მოკლეს და რატომ კლავენ ქართველ რემბოს?“
ბეგი მამალაძემ არტურ რემბოსავით სრულიად ახალგაზრდამ თამამად თქვა: მე ვხედავ და უარი თქვა უსამართლობაზე, თვალის დახუჭვაზე...  ამას მოჰყვა მეორე შედევრი – 30 ვერცხლად ისევ გვყიდიან. ის შელამაზებულ უსამართლობას ვერცერთი ხელისუფლების დროს ვერ შეეგუა...
– ბეგი ბავშვობიდან მეამბოხე იყო და ვერ ეგუებოდა ბოროტების გამოვლინებას, უზნეო და უღირს საქციელს, მწვავედ განიცდიდა საზოგადოებაში არსებულ მანკიერ მოვლენებს, ქვეყანაში არსებულ მწვავე სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. თავისი ასაკის მიუხედავად, მწვავედ რეაგირებდა ყოველ მოვლენაზე, რაც ქართველი ხალხისთვის საზიანოდ და დამამცირებლად მიაჩნდა.
ერთ-ერთ რეპში ბეგი პირდაპირ მიმართავს ილია ჭავჭავაძეს – „გაგიბახეს საქართველო, ჭავჭავაძე ილიკო!“  შეიძლება ვინმემ თავხედობაში ჩაუთვალოს პატარა ბიჭის მიერ წმინდანისადმი კნინობითი სახით მიმართვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომ ბეგიმ არ იცის, ვინ არის ილია ჭავჭავაძე, არ ესმის მისი მნიშვნელობა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. პირიქით, ძალიან კარგად იცის, რა უნდოდა ილია ჭავჭავაძეს თავისი ქვეყნისთვის. ეს მიმართვა გამოიწვია იმ სიმწარემ, რომ ბეგი ვერ ხედავდა თავის გარშემო იმ საქართველოს, როგორიც ილიას სურდა. ასე რომ იყოს, მაშინ ბეგი ვერ დაწერდა:

„ჩვენი პრობლემა იცით, რაშია?
ჩვენვე არა ვცემთ ჩვენს თავებს პატივს,
ჩვენი ბედი ძველ ქალამანშია
და სიწმინდეში ჯვრისა და ხატის“…
ბეგი თავის თაობას ელაპარაკება მისთვის გასაგებ ენაზე. წერის დროს ხშირად იყენებს ჟარგონს, უხამს ფრაზებსაც, ოღონდაც თანატოლებამდე მიიტანოს  სათქმელი. მოუწოდებს სიყვარულისკენ, დანდობისკენ: „თქვენ თუ ნერწყვი მოგდგომიათ,  სხვას სულში ნუ აფურთხებთ!“
მეგობრებს სთხოვს, რომ უყვარდეთ თბილისი და მთელი საქართველო:
„მინდა გთხოვოთ ნუ ივიწყებთ
და იფიქრეთ ერზე,
ჩემს საფიცარ საქართველოს
დაუდექით გვერდზე!“
ბეგი ცდილობდა, შეეცვალა მის ირგვლივ არსებული სამყარო. ამაზე არაერთ ლექსში ლაპარაკობს:
„მითხარი, რა გავაკეთო?
რა გადავაკეთო?
ეს დამპალი ცხოვრება
როგორ გადავაკეთო“…

„დიდგორის ბრძოლა“ – ბეგი მამალაძის ნახატი

რომ დასცლოდა, იქნებ მართლა შეეცვალა რამე. თუმცა გარდაცვალების შემდეგ ბეგიმ მოახერხა ის, რომ თავისი სახელის გარშემო სიყვარულით გააერთიანა უამრავი ახალგაზრდა. ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა ბეგის წიგნის წაკითხვის შემდეგ ასე მიმართა უცნობ ავტორს: „უაღვიროდ და უუზანგოდ დარბიხარ თავისუფლებაზე, სიმსუბუქესა და რეალობის უხეშ წანაზარდებზე, ცხოვრებას რომ კუზებად აქვს ამოზრდილ-დაგრეხილი“-ო.
– ბეგი ამბობდა: „მე სისტემასთან ბრძოლაში ვკვდები“,  „რისი შეცვლაც მინდოდა, ვერ შევცვალეო“… როგორ ფიქრობთ, რა მისიით მოვიდა იგი ჩვენთან?
–  ბეგი მოვიდა სიყვარულისთვის, სიმღერისთვის, ლექსისთვის. ის სულით მეომარი ადამიანი იყო, თვით ქვეყნის დაცვა უპირატეს მოვალეობად მიაჩნდა. თავის პირველ რეპში, რომელსაც „ოცნება“ უწოდა, ამბობს:

„არის სადღაც საქართველო,
იქ „შავლეგოს“ მღერიან…
მეც იქ მინდა, რომ წავიდე,
მეც იქ მელოდებიან.
იქ, იმ ქვეყნად ქართველები
კვლავ მტერს ეომებიან
და მტრები ჩვენს ქართულ მახვილს
ჩოქვით ემონებიან“.
– მესამე წელია, ბეგი აღარ არის ცოცხალი. გამოიცა მისი წიგნი „კიბე ცამდე“, უნივერსიტეტში გაიმართა ამ წიგნის წარდგენაც… რას გვეუბნება ეს წიგნი?
– ბეგის წიგნი  „კიბე ცამდე“ მისი მეგობრების დაფინანსებით 2016 წელს გამომცემლობა „საუნჯეში“ დაიბეჭდა. წინასიტყვაობა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ თამარელა წოწორიას ეკუთვნის: „ეს პატარა გულის ჯიბით სატარებელი წიგნი ბეგის „სიტყვამრავალი“ სულის გალობაა… თეთრი სტრიქონებით გვესაუბრება უინტერესო და წყნარი ცხოვრების უარმყოფელი ბეგი, რომელიც თავის სიყვარულიან სამყაროს სხვებსაც უნაწილებდა..

„ეს ჩემი სამყაროა:
ყველას ყველა უყვარს,
სხვებიც წამოიყვანე,
ვინმე გვერდში თუ გყავს“…

ბეგი მამალაძე რასაც გონებით მიუახლოვდა, გულითაც დაადასტურა. თავისი უეცარი მიცვალებით (თუ დაღუპვით) საკუთარ სულს შეუდგა კიდე ცამდე და მიუახლოვდა იმ სამანს, სადაც არ არის არცა ურვა, არცა შიში, არცა წუხილი და არც ცრემლები. ასევე კიბე ციდან იმათ სულებს გამოაცალა, ვინც ვერ იცნო და ვერ შეიცნო მისი სული“.

ბეგი მამალაძე – „თევდორე მღვდლის გმირობა“

წიგნი გამოცემისთანავე ძალიან პოპულარული გახდა და მისი ხელახლა გამოცემის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. ბეგის ფონდის ინიციატივით არსებობს წიგნის ელექტრონული ვერსია ელექტრონული წიგნების მაღაზია „საბა“-ზე, სადაც წამძღვარებული აქვს გიორგი კეკელიძის წინასიტყვაობა: „როცა ისეთი ადამიანი ტოვებს წუთისოფელს, როგორიც ბეგი იყო, ჩვენ მხოლოდ მის წასვლას როდი ვდარდობთ. დასანანია, უამრავი პერსონაჟის გაუმხელელი სიკვდილი, რომელიც ავტორს შეეძლო შეექმნა, ეს დიდი გარდაცვალებაა. ბეგის მინიატურები გამოცდილი კაცის დაწერილს ჰგავს, ცხოვრებისგან კარგად გაწვრთნილ და ყველა ავკარგის დამნახველი კაცის. ეგებ იყო კიდეც გაწვრთნილი და გამოცდილი. თემები მრავალფეროვანია, დიალოგები თითქოს წააგავს გურამ რჩეულიშვილისას, ლაკონურია და ემოციური, საყოფაცხოვრებო სცენები ფინალის მეშვეობით უმალ მისამართდებიან ფილოსოფიურ იგავებში. ენა მარტივია, ადვილად მისაწვდომი – სათქმელი რთული და ფიქრში ჩამწვდომი. გაიცანით ბეგი – გააგრძელეთ მისი სოცოცხლე“…
სულ ახლახან მერიისა და „თი-ბი-სი ბანკის“ ორგანიზებით, თბილისის რამდენიმე ქუჩასა და სკვერში გაიხსნა ელექტრონული ბიბლიოთეკა, საიდანაც QR კოდით წიგნი თქვენს სმარტფონში გადმოინაცველებს და მის წაკითხვას აპლიკაცია Saba Reader-ის საშუალებით ნებისმიერ ადგილას და სიტუაციაში შეძლებთ.
„ბეგი მამალაძე, რომ ძალიან კარგი მწერალი გახდებოდა, როგორც მისი მკითხველი, სრულიად დარწმუნებული ვარ და მისი ნახატები კი, ახლაც ისე მომაჯადოებელია ჩემთვის, რომ ამ შთაბეჭდილებების გადმოცემაც კი მიჭირს. მეტიც, ისიც კი დაუჯერებელია და აუხსნელია ჩემთვის, თუ როგორ შეიძლება, რომ ამ ასაკში ასეთ სამყაროს ქმნიდე ან ხედავდე ასე და ამ ნახატებს, მგონი ცალკე კვლევა და სხვა ანალიზი ესაჭიროება და არა უბრალოდ აღფრთოვანება“, –  ეს გახლავთ ამონარიდი მწერალ დათო ტურაშვილის შთაბეჭდილებებიდან.
ჩემთვის ძალიან ძვირფასია მეუფე დანიელის ამ წიგნზე ეპიტაფიასავით წამძღვარებული სიტყვები: „ბეგი, იგივე გაბრიელი ეს არის გულწრფელობა, რომელიც თავისუფლების ძიებით მიიღწევა. ეს არის ტკივილი, რომელსაც უანგარო სიყვარულის წყურვილი ბადებს, ეს არის სიცოცხლე, რომელიც არის მშვენიერი და ნათელი და იგი იარსებებს მარადის“.

„მინდა ერთი ძაფი ვიყო საუკუნო ქსოვაში“…

– თქვენი  შვილის მკვლელს შეუნდეთ და მკვლელის  დედას თანაგრძნობა გამოუცხადეთ… არ გაგიჭირდათ?
– მე ჩემი შვილის გარეშე ცხოვრება მიჭირს…
– ბეგი მამალაძის გარდაცვალები შემდეგ, შეიქმნა ბეგის ფანკლუბი, ახალგაზრდები მის ლექსებსა და მოთხრობებზე იზრდებიან… ატარებენ საღამოებს, ახლახან მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლემაც უმასპინძლა ბეგის შემოქმედებას… რას გვეტყვით ამ საღამოზე?
– ბეგის თავისი შემოქმედებით იმ ღირებულებებზე უნდოდა ყურადღების გამახვილება, რაზეც თვითონ აღიზარდა, რისმა დეფიციტმაც შეიწირა მისი სიცოცხლე. ჩემთვის დიდი შვება და სიხარულია, რომ უამრავ უცნობ ახალგაზრდას ასე უყვარს ბეგის შემოქმედება. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იცნობენ და მღერიან მის სიმღერებს. აფხაზეთში ცხოვრობს ერთი ბიჭი, რომელმაც ზეპირად იცის ყველა რეპი, ლექსი, თითოეული ფრაზა, რაც კი სოციალურ ქსელშია ატვირთული. ჩვენ მას ბეგის წიგნი „კიბე ცამდე“ და ბეგის გამოსახულებიანი მაისური წარწერით – „არა ძალადობას“ აფხაზეთში გავუგზავნეთ.
26 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ქართული ენის კაბინეტის (პედაგოგები: რუსუდან ყიფიანი, ნინო სალია)  აღსაზრდელების ინიციატივით ჩატარდა  ბეგის მოთხრობების განხილვა. ძალიან საინტერესო იყო მისი თანატოლების თვალით დანახული ბეგი.
– არსებობს გაბრიელბეგი მამალაძის სახელობის კულტურულსაგანმანათლებლო ფონდი ჩემი საქართველო“. რა გაკეთდა და რა არის ფონდის მიზნები?
–  ბეგის ფონდის მიზანია მისი შემოქმედების პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების დახმარება და საქველმოქმედო საქმიანობა. წელს უკვე მესამედ გაიმართება ბეგის ხსოვნის კვირეული, რომელშიც ქალაქის მასშტაბით არაერთი კულტურულ-შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება იგეგმება. ბეგის ფონდი ჩართული იყო ნიკა ჩოხელის დასახმარებლად გამართულ აქციაში, ასევე მოკრძალებული ფინანსური წვლილი შეიტანა ფილმ „ექვთიმე ღვთისკაცის“ ეკრანიზაციაში.
არ შემიძლია, არ გაგიზიაროთ ჩემი სიხარული. ბეგის წიგნი „კიბე ცამდე“ ინგლისურ ენაზე თარგმნეს 151-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – დათო ჯანელიძემ და სანდრო ჭიღლაძემ. სპეციალისტებმა კარგი შეფასება მისცეს თარგმანს. ეს ბავშვების პირველი მცდელობა იყო.
– ვიცი, რომ გამოსაცემად მზადდება ბეგის ლექსების ახალი კრებული… რას იტყვით ამ ახალ კრებულზე?
მზადდება ბეგის ლექსების კრებული, რომელსაც ამზადებენ ბეგის დეიდა – ნინო ზედელაშვილი და ბეგის დეიდაშვილი – თაკო კერესელიძე. კრებულში შევა ბეგის თითქმის ყველა რეპის ტექსტი და ლექსი. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ბეგის მისთვის დამახასიათებელი წერის  მანერა აქვს, განსაკუთრებული ყურადღებით სჭირდება  თითოეული ფრაზის ჩაწერას, რომ არ დაირღვეს რეპის აზრის მთლიანობა, არ დაიკარგოს მთავარი სათქმელი. გარკვეულ პრობლემას ქმნის ზოგიერთ რეპში გამოყენებული უცენზურო სიტყვები, სამწუხაროდ, ვერ ვცვლით. მოსაწესრიგებელია პუნქტუაცია, ღიმილით ვიტყვი, რომ ბეგის არ ეცალა სასვენი ნიშნების დასასმელად, იმდენად ეჩქარებოდა მთავარი აზრის დაფიქსირება. მის ერთ დიდ ლექსში შეიძლება მხოლოდ ერთი მძიმე და ერთი წერტილი იპოვოთ.
– ბეგის ერთი ლექსი?

– თქვენ ხართ ხალხი, რომელიც რომ არ განიცდის სიყვარულს.
გებრალებათ სხვები, თვითონ იმსახურებთ სიბრალულს.
ბორკილები დაგიდვიათ სხვისთვის, თვითონ მიჯაჭვულს,
არც ეძებთ თავისუფლებას თქვენსვე სულში მიმალულს.
ისევე ვერ მოიშალეთ სიწმინდეზე თამაში,
სიმართლესაც ვერ პოულობთ, თან ბერდებით კამათში.
ღმერთი მინდა ვიპოვო და ვერ ვიპოვე ამათში,
ქვიშის ნამცეციც ვერ ვნახე ვითომ ქვიშის საათში.
ისევ ისე გეზარებათ თქვენი ლოდის ტარება,
უკუღმა დაგიჭერიათ ეგ თქვენი სახარება.
დანაშაულს ჩადიხართ და არ გსურთ აღიარება,
ისევე ვერ მოიშალეთ სხვაზე გადაბრალება.
გული სულ მთლად გაგიშეშდათ, თვალზე ცრემლი დაგიდით,
მრუშობას კი გმობდით, მაგრამ თვალი მაინც გაგირბით.
სხვაზე ნურას ლაპარაკობთ, თქვენ თქვენს თავზე რას იტყვით?
ქრისტე კვლავ რომ დაიბადოს, ალბათ, ისევ გაყიდით.
განსხვავებულს შეშლილებად და გიჟებად აკურთხებთ,
თქვენ თუ ნერწყვი მოგდგომიათ, სხვას სულში ნუ აფურთხებთ.
გულთან არაფერი მიგაქვთ, არაფერი გაწუხებთ,
პატარა სიმართლესაც კი ტყუილებით ასუქებთ.
თქვენ ხართ ხალხი, რომელიც რომ არ განიცდის სიყვარულს…
ცხვირწინ გიდევთ ეგ გრძნობა და თქვენ დაეძებთ მიკარგულს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები