გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციური სპექტრი შეხმატკბილებული არც არასოდეს ყოფილა, თუმცა სახეზეა ფრუსტრაციის და სასოწარკვეთის სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების და ჩაშლილი რევოლუციის გამო
ჩვენ გვჭირდება თვისობრივად ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც ხელისუფლებასთან დისკურსში წმინდა სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელებს და ნაკლებად გარედან თავს მოხვეული კარნახით, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი შეხმატკბილებული არც არასოდეს ყოფილა, თუმცა სახეზეა ფრუსტრაციის და სასოწარკვეთის სიტუაცია, რომელიც ერთის მხრივ, გამოწვეული ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების და მეორეს მხრივ, ჩაშლილი რევოლუციის გამო.
„დღეს, როდესაც ორ და მრავალ ბანაკად დაყოფილი ოპოზიცია ურთიერთბრალდებების რეჟიმზეა გადასული, ნათლად აჩვენებს იმ მოცემულობას, რაც ბოლო ერთ თვეში განვითარდა ქვეყანაში.
ოპოზიციის ურთიერთბრალდებები და ვერ შემდგარ რევოლუციაში ვინ ვინ ჩაუშვა იმდენად არ არის საინტერესო, რამდენადაც მისი გამომწვევი მიზეზები. კიდევ უფრო ტრაგიკომიკურია იმის გარჩევა პრეზიდენტის სასახლის ღობე იყო თუ არა წინასწარ მორყეული, გამოდის დამცავი ჭიშკარი სულ რომ არ ყოფილიყო სასახლეში შეჭრა დანაშაული არ იქნებოდა?!
ოპოზიციური სპექტრი შეხმატკბილებული არც არასოდეს ყოფილა, თუმცა სახეზეა ფრუსტრაციის და სასოწარკვეთის სიტუაცია, გამოწვეული ერთის მხრივ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების და მეორეს მხრივ, ჩაშლილი რევოლუციის გამო.
რეალურად, ოპოზიციის დიდი ნაწილი რომ თვითგანადგურებისაკენ მიდიოდა გუშინ არ დაწყებულა. დღეს სრულდება პროცესი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ არ აღიარა საპარლამენტო არჩევნების წაგება და გადავიდა ბოიკოტის და პერმანენტული ქუჩის პროტესტის რეჟიმზე. ამ ბოლო 5 წელიწადში სხვა ბევრი რამ საინტერესოც მოხდა, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა-გაუქმებით თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არ აღიარებით, და საკანონმდებლო ცვლილებებით გაგრძელებული, რასაც მსხვილი არასამთავრობო სექტორის ჩართულობით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული. ეს პერიოდი იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ოპოზიცია მუდმივად აყენებდა ხან ვადამდელი და ხან ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნებს, რასაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყოლოდა.
ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული საგარეო ვექტორი, ბრიუსელის და ვაშინგტონის სახით. ხელისუფლების დადანაშაულება „დემოკრატიულ უკუსვლებზე“ და პრორუსულ გადახვევებზე იყო „ქართული ოცნების“ რეპუტაციული დაზიანებით და დასუსტებით, მისი ჩანაცვლების ერთიანი პოლიტიკის ერთგვარი შეფუთვა.
დღეს, როდესაც ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციური 4 კვალიფიციური სუბიექტიდან მასში მონაწილე 2-მა სუბიექტმა, პირწმინდად წააგო და ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ დაანონსებული რევოლუციაც ჩავარდა, ბოიკოტმაც და 100 კაციანმა პერფომანსებმაც თავისი დრო მოჭამა და აზრიც დაკარგა.
რა მოიგო ოპოზიციამ ან ბოიკოტით ან ქუჩის პროტესტით? არც არაფერი. არა თუ რაიმე სარგებელი ნახა, არამედ ამ სტრატეგიიდან კიდევ უფრო დასუსტებული და ფრაგმენტირებული გამოვიდა. ოპოზიციის საქმე რომ მძიმედ იყო, პროტესტში ჩართული ახალგაზრდების მხრიდან დამოკიდებულებაც გვიჩვენებდა, როდესაც ოპოლიდერებს ბოლოს ტრიბუნაზეც კი აღარ უშვებდნენ.
სახელმწიფოსთან ბრძოლის რადიკალიზმმა კი მოიტანა, უკუშედეგი – ასამდე ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ხომ ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ საპარლამენტო ტრიბუნაზე უარის თქმა და ქუჩის ალტერნატივა რასაც მოიტანდა. ხელისუფლება იცვლება როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხედავს მის უკეთეს ალტერნატივას, სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ უსაფრთხოების თემატიკაზე დებატებით. იმის მუდმივად მტკიცება, რომ ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, რასაც რეალურად ვერც ამტკიცებ და ქვეყნის სტრატეგიულ გეზს იცვლის, არ არის საკმარისი როდესაც საკონსტიტუციო ჩანაწერი ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე არავის გაუუქმებია.
კონფლიქტი ბრიუსელთან და ვაშინგტონთან სულაც არ ნიშნავს ცალსახად ორიენტაციის შეცვლას თუ მეორე მხარეს არ არის პოლიტიკური მოძრაობები. აქ პირველ რიგში ვგულისხმობ ოფიციალურ მოსკოვს. ყველა ის პროგნოზი, რასაც ოპოზიციური მედია მათივე ექსპერტების ჩართულობით წინასწარმეტყველებდა ფინანსურ თუ ეკონომიკურ კრიზისზე არ გამართლდა და აღმოჩნდა პოლიტიკურად მოტივირებული. არც ეკონომიკა ჩამოშლილა, არც ლარის კურსი გაუფასურებულა და არც საერთაშორისო რეზერვები დაცლილა. პირიქით, რეზერვებიც სარეკორდოდ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა, ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპაში ყველაზე მაღალია, ხოლო პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო კვლევებით, მათ შორის ევროკომისიის ანგარიშებით ქვეყნის რეიტინგები არის გაუმჯობესებული, რითაც არა მხოლოდ რეგიონის ან ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილსაც.
ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილის არასახელმწიფოებრივი აზროვნება იმაშიც ვლინდება, რომ სიტუაციის აყირავების მცდელობები კიდევ უფრო ზრდის ისედაც გაზრდილ საგარეო რისკებს. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში ქვეყანა იდგა და დღესაც დგას დიდი გამოწვევების წინაშე. ნებისმიერ გაუაზრებელ მოძრაობას და შიდა არეულობას შეუძლია ქვეყანა კატასტროფის პირას მიიყვანოს.
ჩვენ გვჭირდება თვისობრივად ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც ხელისუფლებასთან დისკურსში წმინდა სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელებს და ნაკლებად გარედან თავს მოხვეული კარნახით.
ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი გამჭრიახობა, რადგან სამწუხაროდ, ეს ომი არა თუ მთავრდება, არამედ ახალ, მეტად საშიშ ფაზაში გადადის“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.