რატომ ესროლა გოგა ონიანს მეგის ქარდავამ?
ციხეების სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მის ადვოკატ გოგა ონიანს შორის წარსულში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ლადო ბედუკაძის განცხადებით, ბაჩო ახალაიასა და გოგა ონიანს შორის ერთ-ერთ რესტორანში შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც მეგის ქარდავამ იარაღიდან გაისროლა. თუმცა, მეგის ქარდავას გასროლილი ტყვია გოგა ონიანის ნაცვლად სრულიად უდანაშაულო ადამიანს მოხვდა – ამის შესახებ ლადო ბედუკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
„ბაჩო ახალაიასა და გოგა ონიანს შორის რესტორანში მოხდა კონფლიქტი, კერძოდ ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, გოგა ონიანი და კიდევ სხვები რესტორანში ყოფილან, სადაც ახალაიასა და ონიანს შორის შელაპარაკება მომხდარა, მეგის ქარდავას იარაღი უსვრია გოგა ონიანისთვის, მაგრამ ტყვია სრულიად უდანაშაულო ადამიანს მოხვედრია. მთვრალები ყოფილან. ჩემი ინფორმაციით, ეს საქმე ჩაფარცხეს.
ამის შემდეგ გოგა ონიანი სასწარაფოდ გაუშვეს სასჯელაღსრულების სისტემიდან და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ეს ის პერიოდია, როცა „ნაცმოძრაობაში“ კლანები ყალიბდებოდა და გოგა ონიანი ახალაიების კლანიდან ვანო მერაბიშვილის კლანში გადავიდა. ონიანს ყოველთვის ვანო მერაბიშვილი მფარველობდა!“ – აცხადებს ლადო ბედუკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.