საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი ეწვევა
პრეზიდენტის მრჩეველის საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი ეწვევა.
“გამოითქვა მზაობა თურქული მხრიდან, რომ გამომდინარე აქტუალურობიდან რაც არსებობს ზოგადად რეგიონში საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით, უახლოეს პერიოდში თურქეთის პრეზიდენტი ეწვევა საქართველოს. გამოითქვა ასევე ინციატივა, რომ მომზადდეს წინაპირობა გარკვეულწილად სამმხრივი ინიციატივების, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის ერთობლივი პროექტების შემუშავების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო თუ სხვა. პრემიერმა ერდოღანმა ასევე გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც საქართველოს ექნება ამის სურვილი ის განიხილავს საქართველოში ჩამოსვლის საკითხს და მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებას”, -განაცხადა მაჭავარიანმა. მისი შეფასებით, თურქეთში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი წარმატებული იყო. მაჭავარიანი განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს გიორგი მარგველაშვილის ოშკსა და იშხანში ჩასვლას.
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე პრეზიდენტის ვიზიტი ოშკსა და იშხანში. თურქული მხარე განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრო ამ ნაწილს. საკმაოდ რთული გზა იყო – არ არის ადვილი მისასვლელი და ამინდიც რთული იყო მაგრამ ის რაც იქ დაგვხვდა, მართლაც არის საოცარი ქართული კულტურის მემკვიდრეობის თვალსაზრისით. თურქულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ქართველი ექსპერტების ჩართულობას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეზიდენტი შეხვდა ადგილობრივებს და სთხოვა მხარდაჭერა, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნენებასა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოსა და იმ რეგიონს შორის, რომელიც ასევე დასახლებულია ქართველებით”, – განაცხადა მაჭავარიანმა. პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქეთში 20-21 იანვარს იმყოფებოდა.