„არ შეიძლება სიკეთე აკეთო და იმახსოვრებდე, ვის რა არგე“, ანუ პეპლებიანი „ზღაპრული ხე”
ბავშვობაში სხვადასხვა ნივთს მარილიანი ცომისგან ძერწავდა. შემდეგ სხვადასხვა მასალის გამოყენება დაიწყო. ამბობს, რომ ამ ნივთებით ცდილობს იმ პერიოდის დაბრუნებას, როცა ყველაზე კარგად გრძნობდა თავს და ბედნიერი იყო. ალბათ ამიტომაა, რომ მისი ხელით შექმნილი ნივთებიც მასავით ბავშვურები და ხალისიანებია… ლალიკო მაღრაძის პერსონა…
– ქალბატონო ლალი, როგორია სამყარო, რომელშიც თავს კარგად გრძნობთ?
– პირველ რიგში, ჩემი სამყარო ჩემი ოჯახია. ეგ არის ჩემი მაცოცხლებელი ძალა ,სტიმული, იმედი… ამ ყველაფერთან ერთად კი ხელოვნებაც დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში… პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ვარ, დავმთავრე მთარგმნელ- რეფერენტის ფაკულტეტი, ვიცი ინგლისური, რუსული და გერმანული ენები. ხელოვნება შეუცნობელი და განუსაზღვრელია, მეხმარება ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გამრავალფეროვნება – გალამაზებაში, ჩემთვის ყოველი დღე საინტერესოდ იწყება, რადგან დღის დაწყებასთან ერთად, რაღაც ახალიც იქმნება… ადრე სრულიად სხვა ინტერესებიც მქონდა. ბავშვობიდან მოყოლებული თითქმის სულ რაღაცის ძიებაში ვარ, სულ რაღაც ახალი მიტაცებს, უფრო ადრეულ წლებში ვხატავდი… კარგად გამომდიოდა, შემდეგ ამ საქმეში ინტენსიურად ჩავერთე, ფარდაგებს, საეკლესიო ფსალმუნებს, ყვავილებს ვქარგავდი… შემდეგ თოჯინების კერვამ გამიტაცა, შევქმენი მოწყენილი მასხარა, ბარაბაშკა… პატარა თოჯინები ჰოლანდიურ სტილში, ასევე მარილიანი ცომით სხვადასხვა ნივთს ვძერწავდი.
– ყველაზე მეტად რა ნივთების დამზადება გსიამოვნებთ?
– ასე, კონკრეტულად, გამორჩეული არ მაქვს. ყოველ ნივთს, დიდი სიყვარულითა და სიამოვნებით ვქმნი, სხვაგვარად არაფერი გამომდის… არ შეიძლება უხასიათოდ დაიწყო რაღაცის შექმნა და ის კარგი გამოვიდეს… ჩემი ყველა ნივთი, ძირითადად, ქაღალდით და მუყაოთი მზადდება, მხოლოდ ეს ყველაფერი დამუშავდება ხის იმიტაციამდე, რომ მყარი სახე მიიღოს და მოხმარებაში პრაქტიკული იყოს .
– დამეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ადამიანი ცხოვრობს, ვფიქრობ, თქვენი აქსესუარები და ნივთები ყოფას უფრო მიმზიდველს ხდის..
– ჩემი აზრით, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინ როგორ გარემოში ცხოვრობს, ვქმნი ისეთ ნივთებს, რომლებიც ნებისმიერ გარემოს დაამშვენებს და, რაც მთავარია, გამოყენების მხრივ საკმაოდ პრაქტიკული და სასიამოვნოა.
– როცა შეყვარებული იყავით, მაშინ უფრო განსხვავებულ ნივთებს ხომ არ ქმნიდით?
– დღეს მეუღლე და ორი შვილი, ნიკუშა და ანასტასია მყავს. როცა შეყვარებული ვიყავი, მაშინ სხვა ინტერესები მქონდა, ქაღალდისგან არ ვწნავდი, თუმცა მეუღლისთვის საჩუქარი, რა თქმა უნდა, გამიკეთებია, ჩემი ხელით გაკეთებული პატარა ზარდახშა მაქვს. მახსოვს, დაბადების დღისთვის მისთვის მინდოდა რაიმე განსხვავებული და განუმეორებელი მეჩუქებინა და ძალიან მოვინდომე. გავუკეთე პატარა სკივრი, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფას საჩუქრად იქცა…
– თქვენ თავად როგორი ადამიანი ხართ, სიმყუდროვე უფრო გიყვართ, თუ ხშირსტუმრიანობა?
– სხვათა შორის, ორივე ძალიან მიყვარს, მაქვს პერიოდი, როდესაც სიმყუდროვე და მარტოობა ჰაერივით მჭირდება, რათა რაიმე ღირებული შევქმნა, მოგეხსენებათ, ის გარემო, სადაც ვმუშაობ, ნაწილობრივ ჩემი სამყაროა.. ხშირსტუმრიანობას რაც შეეხება – ძალიან სტუმართმოყვარე ვარ, მიყვარს, როდესაც ჩემთან მოდიან მეგობრები, ახლობელი და საყვარელი ადამიანები, ისინი ძალიან დიდ წვლილს დებენ ჩემს წარმატებებში და მოხარული ვარ, რომ ჩემს ირგვლივ ასეთი ადამიანები არსებობენ.
– ყველაზე უცნაური შეკვეთა რომელი მიგიღიათ?
– ყველაზე უცნაური შეკვეთა იყო სპილო, რომელიც სარკის დასადგმელად და სამკაულების შესანახად გამოიყენებოდა.
– ამბობენ, ნივთებიც მათ შემქმნელებს ჰგავსო… – თქვენი ნივთები ბავშვურად ხალისიანები არიან…
– როდესაც ყველა ნივთს ვქმნი, დიდი სიყვარულით ვაკეთებ, მინდა მათში სილამაზე და დადებითი ენერგია ჩავდო, რომ ჩემი გულის პატარა ნაწილი, ბედნიერება ყველას ვუწილადო და ყველას სახლებში იყოს. მიხარია, როდესაც ამას სხვებიც გრძნობენ… ბავშვობის წლები, სამწუხაროდ, არ დაგვიბრუნდება. ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ყველაფერ ლამაზთან ასოციორდება. .. ჩემი ხელნაკეთებით კი ვცდილობ, ამ პერიოდის დაბრუნებას და გახსენებას, სწორედ ამიტომ ჩემი ხელით შექმნილი ნივთებიც ჩემსავით ბავშვურები და ხალისიანები არიან…
– რამდენადაც ვიცი, „ქართული ხელნაკეთი აქსესუარების“ ასოციაცია ჩამოყალიბდა და თქვენც მასში გაწევრიანებული ხართ…
– ამ ასოციაციის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ, მასში გაერთიანებულია დაახლოებით 30 – მდე ხელოვანი. მისი მიზანი კი ის არის, რომ გააერთიანოს ხელოვანები და პოპულარიზაცია გაუწიოს დღევანდელ ქართულ ხელნაკეთ ნივთებს და მათ ავტორებს, რომელთა მიერ დამზადებული ნივთები როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებსაც ძალიან იზიდავს.
– რაზე ოცნებობთ. თუ გაქვთ რაიმე ჩანაფიქრი, რომლის შესახებაც ჯერ არ გითქვამთ…
– ჩანაფიქრები, რა თქმა უნდა, მაქვს ,- მქონდა შემოთავაზება, საზღვარგარეთ საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე მიმეღო მონაწილეობა. თუმცა მე ვერ მოვახერხე გამგზავრება, მომავალში, რასაკვირველია, მაქვს რაღაც ჩანაფიქრები და გეგმები, მაგრამ ჯერჯერობით საიდუმლოდ შევინახავ.
– ნივთი, რომელსაც გასაყიდად ვერ იმეტებთ…
– თითქმის ყველა ნივთი ასეთია,- ყველა საკუთარი შვილებივით მიყვარა, თუმცა მაინც გამოვარჩევ ”ზღაპრულ ხეს”, რომელსაც ჩემი ხელით შექმნილი პეპლები ამშვენებს. ის ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია და ამიტომაცაა ჩემთვის ძვირფასი.
– ვიცი, რომ ქველმოქმედებასაც ეწევით.. როგორია სიკეთის თქვენეული გაგება?
– დიახ, დეკემბერში მქონდა პერსონალური გამოფენა, შემოსული თანხა გაჭირვებულ ბავშვებს მოხმარდება. ღვთის წყალობით, მინდა ყველა პატარა ჯანმრთელი და გახარებული იყოს. დიდი სურვილი მაქვს, ჩემთან ერთად სხვა ხელოვანებიც გაერთიანდნენ და დავგეგმოთ ისეთი გამოფენები, რომ მცირედით მაინც დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებს… სიკეთე ჩემთვის უფალთან ასოცირდება.
იმდენად რთული და მძიმე ცხოვრებაა, რომ სამწუხაროდ, ადამიანებს დაავიწყდათ, რა არის სიკეთე და ყველაფერს ანგარებით აკეთებენ… მართლა უანგაროდ ვცხოვრობ და ყველაფერს მთელი გულით ვაკეთებ,- რადგან მიყვარს ადამიანები და ამით ბედნიერი ვარ… არ შეიძლება სიკეთე აკეთო და იმახსოვრებდე, ვის რა არგე, მაგრამ ერთს კი ვისურვებდი, რომ რაც კი სიკეთე მიკეთებია, ჩემს შვილებს დახვდეთ ცხოვრებაში…
თეონა გოგნიაშვილი