„ვულოცავ მთავრობას გადადგმულ ნაბიჯს, რომ ფინანსური დახმარება გაუწიოს სხვა დენომინაციებს საქართველოში“
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას – ფინანსური დახმარება გაუწიოს სხვა დენომინაციებს საქართველოში, წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. „დღეს შევიტყვე ამ ამბის შესახებ. უნდა გავეცნო დეტალებს. როგორც ჩანს, სხვა დენომინაციების დაფინანსება მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ. ვულოცავ საქართველოს მთავრობას ამ გადაგმულ ნაბიჯს, რომ ფინანსური დახმარება გაუწიოს სხვა დენომინაციებს საქართველოში”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. სახელმწიფო მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შესაბამის საკითხს მინისტრთა კაბინეტი დღეს განიხილავს. “ბოლო პერიოდში მესმის, თითქოს, ჩვენი მთავრობის დროს გახშირდა რელიგიურ ნიადაგზე შუღლი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მთავრობის დროს არა თუ გაუარესდა ვითარება, არამედ გვაქვს გაუმჯობესება. გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიის მიმართ. ამის დადასტურებაა ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომლითაც ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ესენია: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნეობა და იუდაიზმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაფინანსება და ის ამ რელიგიებზე პროპორციულად გადანაწილდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, მისივე განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტი რელიგიებს არ აფინანსებს, რის გამოც მათი ინიციატივა უპრეცედენტო დადასტურებაა იმის, რომ ისინი თანაბრად სცემენ პატივს ყველა რელიგიას.