პრემიერი ე.წ. პირველი კატეგორიის მანქანების შესყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, მიმდინარე წელს მთავრობამ გამოაცხადოს მორატორიუმი და უარი თქვას ახალი ე.წ. პირველი კატეგორიის მანქანების შესყიდვაზე. ამის შესახებ პორტალ “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ინიციატივაა, “სამინისტროებმა ჩაატარონ არსებული ავტოპარკის მონიტორინგი და მოახდინონ იმ მაღალი კლასის მანქანების რეალიზაცია, რომლებიც არ წარმოადგენენ განსაკუთრებულ საჭიროებას და მათი შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება. მიღებული სახსრები უნდა მოხმარდეს ისევ იმ სტრუქტურის განვითარებას – კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას”.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ეხება მინების დამუქების წესის გადასინჯვასაც. როგორც პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, სახელმწიფო ავტოპარკის ავტომობილებზე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მინების დამუქების გამოყენების პრაქტიკაც. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და ავტომანქანების შესყიდვა/ჩანაცვლების წესი დღეს დაამტკიცა.
ამ წესის მიხედვით, I კლასის ავტომობილები განკუთვნილია ქვემოთ ჩამოთვლილი თანამდებობის პირებისათვის და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინისტრების და სახელმწიფო მინისტრების მოადგილეები და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირები; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი. საქართველოს პრემიერ – მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერ – მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირები. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება 47000 დოლარია (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).