„მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით გადაწყვიტოს პრობლემები“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით გადაწყვიტოს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოაგილემ დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზალკალიანის თქმით, საქართველო კატეგორიულად გმობს ყოველგვარ ძალადობას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს.
“ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში წარმოიშვა. რა თქმა უნდა, გვსურს, უკრაინა, რომელიც ჩვენთან ერთად არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანა, კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ ფასეულობებს და გვსურს, ჩვენთან ერთად ვიხილოთ ევროპულ დიდ ოჯახში. დარწმუნებული ვარ, უკრაინა დაუბრუნდება ამ გზას და მალე ჩვენ გვექნება საშუალება, უკრაინასთან ერთად გავაგრძელოთ ის გზა, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ზალკალიანის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გააკეთეს.