დღეს ნინოობაა

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 10.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიელი იყო. გადმოცემით, წმინდა ნინოს მამა ზაბულონი, იმპერატორ მაქსიმიანეს მხედარმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისათვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა. იერუსალიმიდან ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფექალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ საქართველოში წამოსულა. მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად ვაზის ტოტისაგან გაკეთებული ჯვარი აღუმართავს. ნინოს ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები გააქრისტიანა. ამის შემდეგ ნინოს რჩევით, მეფემ მოციქულები იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად გაგზავნა, რათა ხალხი მოენათლათ და ახლად აგებული ეკლესია ეკურთხებინათ. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც გაუგრძელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები