„ბიუჯეტის თანხებით მაშინაც კი არ მისარგებლია, როდესაც ამის კანონიერი უფლება მქონდა, რატომ და როგორ უნდა გავაკეთო ეს ახლა?!
ჩვენ ახალ, ჰუმანურ და მორალურ ქცევის წესებს ვამკვიდრებთ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში ჩვენმა ქვეყანამ დაივიწყა სიტყვა არჩევნების გაყალბება, დაბრუნდა ნდობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამ პროცესისადმი.
„ჩვენ ახალ, ჰუმანურ და მორალურ ქცევის წესებს ვამკვიდრებთ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ამაზე უამრავი ფაქტი, ანგარიში და შეფასება მეტყველებს, მათ შორის პირველ რიგში ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ჩვენმა ქვეყანამ დაივიწყა სიტყვა არჩევნების გაყალბება, დაბრუნდა ნდობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამ პროცესისადმი. რაც შეეხება სახელმწიფო რესურსებს, მე ბიუჯეტის თანხებით და სახელმწიფო ტრანსპორტით პირადი მოხმარებისა და მიზნებისთვის მაშინაც კი არ მისარგებლია, როდესაც ამის კანონიერი უფლება მქონდა და მით უმეტეს გაუგებარია, რატომ და როგორ უნდა გავაკეთო ეს ახლა, როცა კანონიც მიკრძალავს და წვდომაც აღარ მაქვს ამ რესურსებზე. რაც შეეხება მსოფლიო 29 სექტემბერს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩს, ღონისძიების ორგანიზატორია ფეხბურთის ფედერაცია, მე მასში ვმონაწილეობ სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკასთან დაკავშირება – მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ჩამოდიან საქართველოში საქველმოქმედო მიზნით. ეს ღონისძიება უმნიშვნელოვანესია და ვიმედოვნებ, ერთადერთი არ იქნება ბორჯომის უნიკალური ტყის გადასარჩენად, რისთვისაც ჩვენ, ყველამ, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ”, -განაცხადა კახა კალაძემ.