მაგდა პაპიძე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს – აღიარებს თუ არა დანაშაულს ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული

სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება. უვადო პატიმრობაში მყოფ მაგდა პაპიძეს დედამთილი, დარეჯან მინდიკაური სასამართლოში სამოქალაქო წესით უჩივის. ამჯერად საქმე ეხება ქონებრივ დავას. დარეჯან მინდიკაური მსჯავრდადებულისთვის იმ ქონების ჩამორთმევას ითხოვს, რომელიც ქმრის, ომარ ქაფიაშვილის გარდაცვალების შემდეგ მაგდა პაპიძის საკუთრებაში მოექცა, ვინაიდან, კანონის თანახმად, მეუღლე პირველი რიგის მემკვიდრედ მიიჩნევა.
მინდიკაური ირწმუნება, რომ, ვინაიდან მაგდა პაპიძე სასამართლომ ოფიციალურად ცნო ქმარისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ, მას უფლება არ აქვს, აღნიშნული ქონება განკარგოს, ან გაასხვისოს. ძირითადად დავის საგანია დაახლოებით 2500 დოლარად ღირებული ავტომობილი, რომელიც ომარ ქაფიაშვილის სახელზე იყო რეგისტრირებული და სადაც მისი შვილის, თორნიკე ქაფიაშვილის ცხედარი პირველად ნახეს.
როგორც ჩანს, უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძე დედამთილთან ქონებრივ დავაში უკან დახევას არ აპირებს. მეტიც, მას პატიმრობიდან გათავისუფლების იმედიც აქვს. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მსჯავრდადებულის და, ლანა პაპიძე ამბობს, რომ მაგდა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სკანდალური საქმის მთავარი ფიგურანტი ქმარ-შვილის მკვლელობას აღიარებს? როგორც წესი, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდადებულის შეწყალება, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების საფუძველზე ხდება ხოლმე, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფო მეთაური იყენებს თავის დისკრეციულ უფლებას და დანაშაულის აღიარების გარეშე ხდება ამა თუ იმ პირის შეწყალება. რთულად წარმოსადგენია, გიორგი მარგველაშვილმა ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდადებული ამ გზით შეიწყალოს. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, შეწყალების მოთხოვნაში აღიარებს თუ არა დანაშაულს მაგდა პაპიძე. ამის გასარკვევად ჩვენ მსჯავრდადებულის დას, ლანა პაპიძეს ვესაუბრეთ:
– მაგდას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. როგორც იცით, ის შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული და ჩაკეტილი სივრცე სერიოზულად ვნებს. ზოგადად, პირობები და ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობა ნორმალურია. ყველა ძალიან თბილად და თანაგრძნობით ექცევა.

– შეწყალების თხოვნა?

– კი, შეწყალების მოთხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დედამთილის მიერ შეტანილი სარჩელი გარკვეულწილად ართულებს სიტუაციას ამ მიმართულებით. დარეჯან მინდიკაურმა ჩემი დის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი და პატიმრობაში მყოფ ადამიანს ქონებას ედავება.

– კონკრეტულად რა ქონებაზეა საუბარი?

– დედაჩემი მუშაობდა თურქეთის ქალაქ ანკარაში ერთ-ერთ ოჯახში. სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ომარმა მოისურვა მანქანის ყიდვა. თანხა არ ჰქონდა, ამიტომ დედაჩემმა გადმოუგზავნა ამ მანქანის ფული. სულ რაღაც მიზერული თანხა აკლდებოდათ, რის გამოც მაგდამ ბეჭედი დაალომბარდა, ეს თანხა დაამატეს და იყიდეს „Fit“. რამდენიმე ხნის შემდეგ დედამ იგივე მოდელის მანქანა მეც მიყიდა. ახლა ლილი (დარეჯან) მინდიკაური სწორედ ამ ავტომობილზე დაობს, ანუ დედაჩემის ნაყიდ ქონებას ედავება ჩემს დას, ადამიანს, რომელიც სრულიად უსამართლოდ ჯერ სამუდამო პატიმრობისთვის გაწირა და ახლა იმდენად გახარბებულია, რომ ამაზეც კი არ იხევს უკან.

– ანუ საუბარია ავტომობილზე, სადაც თორნიკეს ცხედარი ნახეს ხომ?

– დიახ, ბავშვი გარეთ რომ ნახა მაგდამ, აიყვანა და მანქანაში ჩასვა. მას შემდეგ ეს მანქანა დალუქული იყო. დღეს უკვე ვიგებთ ლილის მოთხოვნას, რომ ეს მანქანა ჩემია, მე მინდა რომ გამოვიყენოო და ამიტომ შეიტანა სარჩელი. სამართლებრივად, როდესაც ქონების მეპატრონე გარდაიცვლება, ეს ქონება ავტომატურად გადადის მის მეუღლეზე, ამ შემთხვევაში მაგდას სახელზე. ვინაიდან მეუღლე არის მსჯავრდადებული, მისი ნებართვის საფუძველზე ქონებას განკარგავს მისი ნდობით აღჭურვილი პირი. სიმართლე გითხრათ, მე მაგ მანქანაში ვერასოდეს ჩავჯდები, რადგან იქ ჩემი თორნიკეს ცხედარი ესვენა. მეგონა, რომ ისედაც ეგენი სარგებლობდნენ ამ მანქანით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ დონეზეც დაეცემოდა ლილი. რა ემანქანება და რა სასამართლოები მოუნდა?! ორი წლის შემდეგ აცხადებს, რომ ეს მანქანა მე მეკუთვნისო. მორიგი შოკი მივიღე, ეს რომ გავიგე. არც კი გავდივარ მაგ გზისკენ, ყველანაირად ვარიდებ თავს მაგათ, შესაბამისად, არც კი ვიცოდი, რომ მანქანა ისევ მანდ, სახლთან ეყენა. სულ არ მაინტერესებს მანქანა ომარის და თორნიკეს შემდეგ. ფაქტობრივად, მესამე მიცვალებული ციხეში მიწევს მაგდას სახით. რა მანქანაზეა საუბარი. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ისე იყოს. ლილის მინდა მივმართო – თუ ფიქრობ, რომ მაგდამ შვილი მოგიკლა, დაგიჩეხა, მერე შვილიშვილიც მოგიკლა, ცხედრები ზურგზე მოიკიდა და ათრია, მაშინ რაღა მანქანაზე დარდი გაწუხებს?! როცა იცი, რომ ეს მანქანა დედაჩემის ნაყიდია? მე სულ არ მჭირდება ეგ მანქანა, მაგრამ გამოვიტან და დავწვავ.

– როგორ შეიტყვეთ, რომ სასამართლოშია სარჩელი შეტანილი?

– მაგდამ ციხეში მიიღო ეს სარჩელი. იურისტებს უთქვამთ ლილისთვის, რომ ეს მანქანა შენ არ გეკუთვნის, რადგან პირველი რიგის მემკვიდრედ მაგდა ითვლებაო, შესაბამისად, ვერც მოიხმარ და ვერც გაყიდიო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა სარჩელის შეტანა.

– შეწყალებას რაც შეეხება, უკვე დაწერილი აქვს განცხადება?

– ექვს თვეში ერთხელ უწევს, თუ არ ვცდები, განცხადების დაწერა. უკვე მივმართეთ პრეზიდენტს. დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და სიმართლე, ადრე თუ გვიან, დადგინდება. მაგდა გარეთ გამოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავს ლილი მინდიკაური თვალებში. თუ ჩემი და მართლა მკვლელი იქნებოდა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ მისთვის ხელი დამეფარებინა, მით უმეტეს, როცა პატარა თორნიკეს მკვლელობას ეხება საქმე. ამას არავის ვაპატიებდი, მაგრამ, როცა გამოძიებამ ვერანაირი ფაქტი ვერ დადო და მიმტკიცებდნენ, რომ 50-კილოიანმა გოგომ ცხედრები მეტრობით ატარა, რა თქმა უნდა, ვერ დავიჯერებ. როცა შემთხვევის ადგილზე ყველანაირი კვალი წაშლილია. ჩვეულებრივ ვგლოვობდი ცხედრებს და ვინმეს თავიდან მაგდაზე რომ ჰქონოდა ეჭვი, როგორ ფიქრობთ, ცოცხალს დამტოვებდნენ?! გადაწყვიტეს, რომ ხელი შეაწმინდონ უდანაშაულო ადამიანს და რეალური დამნაშავე საგულდაგულოდ დამალონ. დღეს ჩემი და არის მსხვერპლი, რომელსაც მოუკლეს ქმარ-შვილი და რომელსაც უსაშინლესი ცილი დასწამეს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა იმის მიუხედავად, ვინ რას ფიქრობს, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უდანაშაულო ქალის შეწყალების შესახებ.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულია, რომ, როცა ასეთი დანაშაული ხდება, ილუქება ყველაფერი და იწყება საგამოძიებო მოქმედებები. რა მოხდა ამ შემთხვევაში? მიდგნენ და ყველაფერი საგულდაგულოდ გაწმინდეს. როდესაც დავინტერესდი, მითხრეს, ლილი მინდიკაურის მდგომარეობა გავითვალისწინეთო. შე კაი ადამიანო, რას ჰქვია მდგომარეობა გაითვალისწინე, იქნებ რა მტკიცებულება წაიშალა ხომ?! ასე ხდება სადმე?!

– თუმცა იგივე მინდიკაურის ახლობლები ამბობენ, რომ, როდესაც შენ პირველად მიხვედი შემთხვევის ადგილზე, ამბობდი, ამას მაგდა ჩაიდენდა, თქვენ კიდევ არ იცით, ეგ ვინ არისო… ასეა?

– ეს არის სრული აბსურდი. ვინც ეგ თქვა, მაგ გოგოსთან სერიოზული კამათი მომიხდა, რის გამოც მიჩივლა კიდეც. როგორ ვიტყოდი მაგას, როცა საერთოდ თავიდან მეგონა, რომ მაგდა იყო მკვდარი და მაგას ვტიროდი. როგორ მოკლავდა ჩემი და სპეცრაზმელ კაცს, ჯან-ღონით სავსეს?! ეს ხომ აბსურდია, მით უმეტეს თორნიკეს არასოდეს გაიმეტებდა. ჩემს თავმოყვარეობას ნურავინ შეეხება, თორემ არავის არაფერს შევარჩენ, სადაც უნდა, იქ მიჩივლონ და ხელწერილები მაწერინონ. გაგვანებონ თავი. არავის არ გაუჩნდა კითხვა, სად მუშაობდა ომარი? რამე სამსახურებრივი პრობლემები ხომ არ ჰქონდა? არავის არ აინტერესებს ეს. კარგად დაგეგმილი და წინასწარ გათვლილი იყო ყველაფერი, მათ შორის ისიც, ვისთვის უნდა შეეწმინდათ ხელი. იცით, რომ იმ ღამეს ომარის იარაღიდან გასროლაა მომხდარი? სად და რა ვითარებაში მოხდა ეს გასროლა? რატომ დაიბლოკა მისი მობილური ტელეფონი? რატომ წაიღო სახლიდან ფული? გასცენ ამ კითხვებს პასუხი და თუ სურვილი ექნებათ, არც რეალური დამნაშავისა და მოტივის დადგენა გაუჭირდებათ.

– თქვენი აზრით, ვინ არის რეალური დამნაშავე?

– ეგ ობიექტურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ამას ქალი ვერ გააკეთებდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ეჭვები გვაქვს, მაგრამ ამაზე პასუხები გამოძიების გასაცემია. ომარის ცხედარზე აღმოჩენილია მესამე პირის ნერწყვი, რომელიც ვერ დაადგინეს, ვის ეკუთვნის, მაგდას არ ეკუთვნოდა. ვინ დააფურთხა ცხედარს, ეს გამოძიებისთვის საინტერესო არ არის? ჩემს დას თუ მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი, რა დარწმუნებული იყო, რომ იმ მომენტში ვინმე არ შევიდოდა მასთან, როცა ომარის ძმაკაცები სულ მიდო-მოდიოდნენ. გარდა ამისა, მე მითხრა, – ჩემთან გამოდიო. მე მელოდებოდა სახლში და, უბრალოდ, წასვლა დამეზარა. რა დარწმუნებული იყო, რომ ამ დანაშაულის მომენტში თავზე არ დავადგებოდი?! სად არის აქ ლოგიკა?! იმედია, ეს მოჯადოებული წრე ოდესღაც გაირღვევა და სიმართლე დადგინდება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

– თუმცა, როდესაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს, გამოდის, რომ ის გარკვეულწილად აღიარებს დანაშაულს…

– არა, ჩემი და არჩადენილ დანაშაულს ვერ აღიარებს. პრეზიდენტისთვის მიმართვა არ ნიშნავს რაიმეს აღიარებას. შეისწავლოს საქმე პრეზიდენტმა და თავად დარწმუნდება ყველაფერში.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები