გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე მატარებელმა იმსხვერპლა
საქართველოს ორი მოქალაქე გერმანიაში მატარებელმა იმსხვერპლა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცს სატვირთო მატარებელი დაეჯახა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გერმანიის პოლიციამ საქართველოს საკონსულოს დაუდასტურა საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია.
„გერმანიის პოლიციამ საქართველოს საკონსულოს დაუდასტურა ინფორმაცია საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, რომლებიც ქალაქ ადლინგენიდან როტვაილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ, დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობებათ. გარდაცვლილების ვინაობას ამ ეტაპზე ვერ დავასახელებთ, ინციდენტის დეტალებს გამოძიება დაადგენს“, – განუცხადეს „კვირას“ საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილი მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა დაწყებულია.