ბათუმში თხევადი გაზის სადგურზე აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია
ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზის სადგურზე აფეთქება მოხდა. ცეცხლი სადგურთან მდებარე სახლებს წაეკიდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძრის შედეგად ერთი სახლი მთლიანად დაიწვა, ორ სახლი კი – ნაწილობრივ.
მოსახლეობა ამბობს, რომ უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც თვითმხილველებმა საკუთარი ავტომობილებით ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. “კვირას” ინფორმაციით, ერთ-ერთი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია, კლინიკა “მედინაშია” მოთავსებული.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები. მათივე ინფორმაციით, დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, ერთი მთლიანად, ერთი – ნაწილობრივ, ხოლო ორ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცალკეული კერების დაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არის.
“კვირა” აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.