ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა
ბათუმში 44 წლის ქალს სატვირთო მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ე.წ. ბარცხანის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საავტომობილო გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა.
ექიმების თქმით, ქალი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.