ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც შესაძლოა, 22 წლის ნიკა ბეგაძე იყოს
ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც შესაძლოა, 19 ივლისს გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძე იყოს. საქართველოს მოქალაქეს ისლანდიელი სამართალდამცავები თითქმის ერთი თვე ეძებდნენ.
როგორც „კვირას“ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია ისლადიურმა მხარემ საელჩოს აცნობა.
„ისლანდიური მხარის ინფორმაციით, ნაპოვნია ადამიანის გვამი, რომელიც შესაძლებელია იყოს ნიკა ბეგაძე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება. საბოლოო პასუხი სრული ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. ოჯახის წევრებს ჩვენ დავუკავშირდით და ინფომაცია მივაწოდეთ“, – განუცხადა „კვირას“ გიგი გიგიაძემ.
„კვირა“ ბიკა ბეგაძის ოჯახსაც დაუკავშირდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საელჩო მათ გუშინ გვიან ღამე დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდეს.
ნიკა ბეგაძე 19 ივლისს, ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო ღონისძიებები, იმავე დღეს დაიწყეს. სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე, რისთვისაც გამოყენებული იქნა სამხედრო-საზღვაო ვერტმფრენები.
24 ივლისს დაკარგული ახალგაზრდის ძებნა დროებით შეწყვიტეს, რამდენიმე დღეში კი ისევ განაახლეს.
ნიკა ბეგაძე ვიდეოკამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახია მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი.
რუსთაველი ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა.
ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი – პროგრამისტი იყო, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა.