ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს 10 აგვისტოს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს 10 აგვისტოს საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, მდინარი ბებიაშვილი საკუთარ სახლში, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში გადაასვენეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას, თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (დაბ. 23.10.1991) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეით ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. სკოლის დასრულების შემდეგ (2010 წელს), საკუთარი სურვილით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ – 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა, მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ამჯერად, კი, უკვე მესამედ, ის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. მან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი გაიარა. მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში – “Rapid Trident 2013”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები