დაფქული აგური და ქვიშა წიწაკაში – როგორ გავარჩიოთ მავნე პროდუქტები: პროფესორის რჩევები მოსახლეობას
„წითელ წიწაკაში შემჩნეულია დაფქული აგური, შავ წიწაკაში კი – ქვიშა“, – ამის შესახებ ამბობს პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს.
საქართველოში ინტეგრალური მედიცინის დამფუძნებელი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი გამოცემასთან აცხადებს, რომ საქართველოში უამრავი ფალსიფიცირებული პროდუქტი იყიდება, რომელთა გასაყალბებად არაერთი აპრობირებული საშუალება არსებობს.
პროფესორი მკითხველს კონკრეტულ ფაქტებზე ესაუბრება და ყურადღების გამახვილებას სთხოვს.
გაზიანი სასმელები
„განსაკუთრებით საშიშია ტკბილი და გაზიანი სასმელები, რომლებშიც, ხშირ შემთხვევაში, შაქრის ნაცვლად ემატება სინთეტიკური შაქრის შემცვლელები: ნატრიუმის ციკლამატი E 952, ასპარტამი E 951, საქარინი E 954 და სხვა. ეს დანამატები შაქარზე ბევრად უფრო ტკბილია და გაცილებით იაფიც, მაგრამ ალერგიებს, დეპრესიასა და თავის ტკვივილებს იწვევს. ასპარტამი არღვევს ამინომჟავების მეტაბოლიზმს, ნერვულ ფუნქციას და ჰორმონალურ ბალანსს. ის გრადუსზე იშლება მეთანოლად, ფენილალანინად და ფორმალდეჰიდად, რაც კანცეროგენს წარმოადგენს.
რძის პროდუქტები
წონის გაზრდის მიზნით ხაჭოში უმატებენ სახამებელს, რაც ადვილად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ხაჭოზე იოდის დაწვეთებით. ასევე უმატებენ პალმის ზეთს, რომელიც იწვევს ქოლესტერინის მომატებას, ათეროსკლეროზს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ცნობილია, რომ ხაჭოს შენახვის ვადა 36 საათს არ აღემატება, აქედან გამომდინარე, თუ ეტიკეტზე უფრო ხანგრძლივი ვადებია დაფიქსირებული, მაშინ ის ხაჭო არ გახლავთ!
ფალსიფიცირებულ ყველს რძის ფხვნილისგან, ყველის წარმოებებში დარჩენილი სითხეებისგან და პალმის ზეთისგან ამზადებენ. თუ ყველი დაჭრისას დანას ეწებება, ეს იმის ნიშანია, რომ პალმის ზეთს შეიცავს.
სუნელები
ზაფრანას ურევენ დაფქულ კალენდულას, კურკუმას და ხახვის გამხმარ ქერქს, იშვიათად, მაგრამ წითელ წიწაკაში შემცნეულია დაფქული აგურიც, შავ წიწაკაში კი ქვიშა. ამ გზით პროდუქტის წონა მნიშვნელოვნად იზრდება.
ყავა
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მასში, თხილის დაფქული ნაჭუჭის შერევა. ყავაში ხშირად ურევებ დაფქულ ბარდას, თავად თხილს და ყურძნის კურკას.
პური
შავ და რუხ პურს საღებავებს უმატებენ. საერთოდ პურის წარმოების ტენოლოგიური პროცესები საქართველოში ტოტალურად ირღვევა! პურის მოსამზადებლად იყენებენ თერმოფილურ საფუარს, რომლის იმპორტირება, ძირითადად, თურქეთიდან ხდება.
ხორცპროდუქტები
სოსისები და მოხარშული ძეხვები მზადდება მეფრინველეობისა და საქონლის ხორცის საწარმოებში არსებული ნარჩენების – ფრჩხილების, ნისკარტების, ტყავების, მუცლის ქონის, ჩლიქებისგან. ამ ყველაფერს აქუცმაცებენ, ხარშავენ და უმატებენ სპეციალურად ქიმიურ ნივტიერებებს – საღებავებს. გემოს გამაძლიერებელს, საკვებ დანამატებს. ეს ნარჩენები უცხოეთიდან ბრიკეტების სახით შემოდის და ფართოდ გამოიყენება ხორცპროდუქტების წამყვანი მწარმოებლების მიერ. განსაკუთრებით საშიშია ქუჩაში და ბაზრებში იააფსასიანი ძეხვეულის, მათ შორის ფარშის შეძენა, რომელშიც არცთუ იშვიათია ცხენის ხორცია გარეული.
შებოლილი თევზის ფალსიფიკაცია ხდება სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც მას ფერსა და გემოს უცვლის.
და ბოლოს…საკვები პროდუქტი არ არის, მაგრამ ფალსიფიცირება ეხება ბენზინსაც, რომელშიც ოქტანური რიცხვის მოსამატებლად უმატებენ მომწამვლავ ტეტრაეთილტყვიას, დიზელის საწვავს კი – დიდი რაოდენობით გოგირდს.