ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილის მოკვლას ციხეშიც ბევრი აპირებდა – რა მოხდა ოზურგეთში

„გურამის მოკვლას ციხეშიც ლამობდნენ“, – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში ოზურგეთის ცენტრში მომხდარი მკვლელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ცნობისათვის, 20 ივლისს, გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი – დიმიტრი ომელჩენკო ოზურგეთის ცენტრში ავტომანქანაში ჩაცხრილეს. სამართალდამცველებს, ამ დროისათვის არავინ დაუკავებიათ.
43 წლის გურამ ფოცხიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილი იყო. მისი სიძე, დიმიტრი ომელჩენკო, მეტსახელად „გაზაფხულა“, შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გაზრდილი იყო. აღსანიშნავია, რომ გურამ ფოცხიშვილმა მკვლელობამდე რამდენიმე წლით ადრე, 2013 წელს, საპატიმრო დატოვა. იგი სამართალდამცველებმა 2006 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს და 25 წელი მიუსაჯეს.
„კვირის პალიტრის“ დღევანდელ ნომერში გურამ ფოცხიშვილის მკვლელობის ვერსიებზე ოზურგეთელი პირი საუბრობს, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ამხელს.
„გურამის ბაბუა, მისი მოსახელე, „კანონიერი ქურდი“ იყო, მამაც- დავითი კრიმინალური ავტორიტეტია. ისიც მამა-ბაბუის კვალს გაჰყვა, თუმცა „კანონიერი ქურდი“ ვერ გახდა. გურამს თბილისში რაღაც ბიზნესი ჰქონდა, ცოტა შარიანი ბიჭი იყო, სიმთვრალეში მუდმივად უსიამოვნებაში ეხვეოდა. თავის დროზე, მამამისს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოზურგეთელ აწ გარდაცვლილ „კანონიერ ქურდთან“, რომელიც მოსკოვში იყო გადახვეწილი. წლების წინ, მათ შორის დიდი კონფლიქტი მოხდა, რაც იმით დასრულდა, რომ გურამის მამამ, დავით ფოცხიშვილმა, ის კანონიერი ქურდი“ დაჭრა. რამდენიმე წლის წინ, სოფელ დვაბზუში სახლიც დაუცხრილეს. ცხადია, მეორე მხარე, დღეს თუ ხვალ, შურს იძიებდა. გურამის მოკვლას ადრე ციხეშიც ლამობდნენ, შესაძლოა, სულ სხვა ჯგუფიც გაუსწორდა, ბევრთან ჰქონდა კონფლიქტი. როდესაც ციხიდან გამოვიდა, მისი მეგობარი ჩაცხრილეს. ამით ფოცხიშვილი გააფრთხილეს, რომ შემდეგი ის იქნებოდა. წლების მანძილზე, ოზურგეთში კლანური დაპირისპირება იყო, ბევრი მკვლელობა მოხდა, რომლებიც არ გახსნილა. დიმა საერთოდ რა შუაში იყო? ის ფოცხიშვილს ზედ მიაყოლეს. სავარაუდოდ, მან ამოიცნო მკვლელები და როგორც მოწმე, მოიშორეს“, – წერს გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები