უკრაინის პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე არ გვისაუბრია
“ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, უკრაინისთვისაც ისეთივე მტკივნეული იყო, როგორიც ქართველებისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს პროვოკაციად აფასებს და რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირების პარალელებზე საუბრობს.
“ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, უკრაინისთვისაც ისეთივე მტკივნეული იყო, როგორიც ქართველებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოც ანალოგიურად განიცდიდა 2014 წელს ყირიმის ანექსიას. ამაზე იმ ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა მოწმობს, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერნენ, უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად. ქართველების მხარდაჭერაში მომავალშიც დარწმუნებული ვართ, ისევე, როგორც თქვენ უნდა გქონდეთ უკრაინელების მხარდაჭერის იმედი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
საქართველოში წმინდა პროვოკაცია მოხდა, უკრაინაშიც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას. მიუხედავად ამისა, მე, უკრაინის პრეზიდენტი, მზად ვარ, თუ მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებას მივაღწევთ და რუსეთი ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან სამხედრო ძალას გაიყვანს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხარს დაუჭერს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა აღდგეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მან ასევე ექსპერზიდენტ სააკაშვილის ექსტრადირების შესაძლებლობის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
“ექსტრადირების საკითხზე არ გვისაუბრია. მე ამაში ჩარევას გამოვრიცხავ. უკრაინის ხელისუფლებას ერთი მთავარი პრინციპი აქვს – სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტირებული ბრალდება. ჩვენ სამართლებრივი თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად მზად ვართ, თუ კრიმინალური შემთხვევა მართლაც ფიქსირდება”, – აცხადებს პეტრო პოროშენკო გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.