„ამ სიყვარულმა მდიდარი პოეზია შეაქმნევინა“… – მირზას საფლავიდან ჩამოტანილი იები
თიანეთში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით ეკონომისტი და ჟურნალისტია. ერთხანს ტელე–რადიოდეპარტამენტშიც მუშაობდა. მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე კი შემთხვევით მოხვდა, რაზეც თავადვე გვიამბობს… უკვე 29-ე წელია პოეტ მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ–მუზეუმს ხელმძღვანელობს. აქ ბევრი კარგი ტრადიცია აღდგა.
წელს მირზა გელოვანის დაბადებიდან 100 წლისთავია. ეს თარიღი, პოეტის ცხოვრების ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მუზეუმთან არსებული ნორჩ შემოქმედთა კლუბის ცხოვრება ჩვენი საუბრის მთავარი თემა გახდა. – ციცინო გაბიდაურის პერსონა.
– დავიბადე თიანეთში, ექვსნი ვართ მე და ჩემი დები. იმის გამო, რომ დედა ძალიან შრომისმოყვარე ქალია და მამა მაღალ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობდა თბილისში, არასდროს არაფერი მოგვკლებია. სამეზობლო და სანათესავო კარგი გვყავდა და გვყავს დღესაც; შესაბამისად, კარგ გარემოში გავიზარდე. ბავშვობიდან ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება დედაჩემის მკაცრი გაფრთხილება: ქუჩაში რომ ფული იპოვოთ, სახლში არ მოიტანოთო და ჩვენც, მსგავს შემთხვევებში (პირდაპირი მნიშვნელობით), ვეუბნებოდით სკოლის პედაგოგებს და ისინი პოულობდნენ ადრესატს. ეს, ცხადია, მარტო ამას არ ითვალისწინებდა, უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა.
მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ასე ვზრდით შვილებს. მამას დიდი სამეგობრო ჰყავდა. მოსკოვს დაქვემდებარებული მაღაზიის გამგე, ძმაკაცი იყო, ამის გამოც იყო ალბათ, კვების პრობლემა არასდროს გვქონდა.
მახსენდება ახალი წლის საღამოები, როცა მეზობლები ჩვენთან შავი ფქვილის ჯამებით ხელში, თეთრ ფქვილზე გასაცვლელად მოდიოდნენ, საახალწლოდ ნამცხვარი რომ გამოეცხოთ. ცხადია, დედა გაცვლაზე უარს ამბობდა: ერთი ჯამი რა სახსენებელიაო და ტკბილეულსაც სთავაზობდა, იქნებ არა აქვთ და ბავშვებს წაუღონო. თან იხსენებდა, ახალგაზრდობაში მდიდარი ოჯახის შვილი რომ იყო და მშობლების ჩუმად, რამდენი მეზობლის გული გაუხარებია თითო სათლი ფქვილით. კაბა და ფეხსაცმელიც ბევრჯერ უჩუქებია თანატოლი გოგოებისთვის.
ახლა 89 წლისაა, ახლაც ასეთი გულიანია და იტყვის ხოლმე, მდიდარი მამიშვილობით არასდროს მიმეტიჩრიაო. ჰოდა, როცა ღარიბ შეყვარებულს გაჰყვა ცოლად (მამაჩემს), ჩემთვის რა მქონდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, მაინც სხვის დასახმარებლად მიმიწევდა გულიო.
ჩვენც მეტ-ნაკლებად ვგავართ დედას. თუ ოდესმე, მასთან გულისტკენა გამომიხატავს, ვინმეს მიერ, ჩემი გაკეთებული სიკეთის დაუნახავობაზე, მეტყვის ხოლმე, ეგ შენი კი არა, ღმერთის წყალობაა მაგაზე და ნუღარ იტყვიო.
ახლა, როცა ზაფხულობით დასასვენებლად სოფელში ჩამოდის, მეზობლები სოფლის პროდუქტს უანგაროდ სთავაზობენ. სიამაყითა და სიხარულით ამბობს, რა კარგი სამეზობლო მყავს, ღმერთმა უშველოთ, სიკეთეს ათმაგად მიბრუნებენო!
– სკოლის პერიოდი…
– სკოლის პერიოდი ყოველთვის კარგად მახსენდება. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, ფრიადოსანი, თუმცა „შატალოებზეც“ დავდიოდი. მაშინ მსგავსი ამბები შედარებით იშვიათობა იყო. სხვის გადასარჩენად მთელ კლასს ტყუილიც გვითქვამს. თანაკლასელმა ისტორიის გაკვეთილის სწავლა ვერ მოასწრო და მაინცადამაინც ის გამოიძახა მასწავლებელმა. არ ვიციო! რატომო? ვერ გავიგეო. ჩვენც ავყევით, კი, რთული იყოო. მასწავლებელი მიგვიხვდა, ისტორიას რა დიდი გაგება უნდოდა და მე გიჩვენებთ სეირსო!
სათითაოდ გამოგვიძახა და ყველას, ჩვენი უარის პასუხად, 2-იანები ჩამოგვიმწკრივა. დიდი ამბავი მოჰყვა ამას, მშობლები დაიბარეს. ისტორიის მასწავლებელი ძალიან განათლებული და საყვარელი ქალი იყო, მაგრამ არ დათმო და არ გვაპატია. ძვირად დაგვიჯდა ჩვენი სულელური ტყუილი. ძლივს გავქაჩეთ ჩვენი 2-იანები (მაშინ ყველაზე დაბალი ქულა) 5-ანებამდე, მეოთხედის ბოლოს მაინც არ დაგვიწერეს „ფრიადი“. მერე კი დავათბეთ ჩვენი ურთიერთობები და დამსახურებულადაც შეგვაფასეს.
– რამდენიმე პროფესია გაქვთ, მათ შორის ჟურნალისტის… რატომ? რა გიტაცებდათ ყველაზე მეტად?
– მართალია, ეკონომისტიც ვარ, ეს „მაშინ“ ძალიან საჭირო და ავტორიტეტული ფაკულტეტი იყო, მით უმეტეს, თუ ჰუმანიტარული განათლებაც გქონდა. 80-იან წლებში ჟურნალისტიკა ძალიან მოდური სპეციალობა იყო და მეორადი ფაკულტეტი დავამთავრე. წლების განმავლობაში ტელე-რადიოდეპარტამენტში ვიმუშავე. ბენო მანთიძესთან და ეთერი ჩილაჩავასთან მუშაობამ, დიდი გამოცდილება შემძინა. ახლა ჩემი შვილი – რუსუდანი აგრძელებს ჩემს პროფესიას და ძალიან მომწონს.
სხვათა შორის, თვითონ აირჩია. მე ჩემი შვილების არჩევანში არ ვერევი, ამ მხრივ მათ სრული თავისუფლება აქვთ, თუმცა მაინც მითანხმებენ რაღაც საკითხებს. მიხარია, რომ ამ მიმართულებით წავიდა. ის მათემატიკოსია და ახლა მაგისტრატურაში ჟურნალისტიკის განხრით სწავლობს. ბევრს კითხულობს, ძალიან ნიჭიერია, შრომისმოყვარე და ძლიერიც.
– 28 წელია მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობთ. გაიხსენეთ, პირველად რომ მოხვედით ამ მუზეუმში…
– კი, 29-ე წელია, პოეტ მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ვხელმძღვანელობ.
თავიდან ძალიან გამიჭირდა. ყველგან შეიძლება წარმომედგინა ჩემი თავი, მაგრამ მუზეუმში არასოდეს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
წლების წინ (გასულ საუკუნეში) გავიგე, რომ თიანეთში „კარაქმრეწვის” სათავო ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი იყო გამოცხადებული და ჩავერთე კონკურსში. მოხდა ისე, რომ იქ დირექტორად სხვა დაინიშნა. მე კი შემომთავაზეს: მუზეუმის დირექტორის ადგილზე კიდევ ერთი ვაკანსიაა, ისე ძალიან მოგვეწონე, სწორედ თქვენნაირი ხელმძღვანელი გვჭირდება და კონკურსგარეშე დაგნიშნავთო.
ცხადია, უარი ვთქვი, სხვა სამსახურისთვის ჩავედი აქ, მუზეუმი ყოვლად წარმოუდგენელი იყო და განაწყენებული თბილისში დავბრუნდი. ამის შემდეგ განვლო 5-მა ლამაზმა თვემ და გავთხოვდი თიანეთში. მუზეუმში კვლავ ვაკანსია იყო და დამნიშნეს დირექტორად.
არც მაშინ მინდოდა, მაგრამ ბევრი უარი აღარ მითქვამს. მიუხედავად ჩემი მრავალმხრივი განვითარებისა, განვიცდიდი, რომ სამუზეუმო სფეროში არაფერი ვიცოდი.
მოკლე ხანში კულტურის სამინისტრომ, მოსკოვის კულტურის ინსტიტუტში (ახლა უნივერსიტეტია) 2-თვიან კურსებზე მიმავლინა სასწავლებლად. ძალიან საინტერესო ლექტორები გვიკითხავდნენ ლექციებს.
მოვიარეთ მოსკოვის თითქმის ყველა მუზეუმი, შევისწავლე პრაქტიკული მუშაობაც და დავბრუნდი მირზას მუზეუმში. არანაკლებ საინტერესო იყო იმდროისათვის საქართველოში, თბილისში ჩატარებული 3 და 5-დღიანი ლექცია-სემინარები. ვესწრებოდი ყველაფერს, რომ დამეხვეწა ჩემი მუშაობა და მივაღწიე კიდეც. თუმცა ახლაც არ ვთვლი, რომ ყველაფერი ვიცი, თუ სადმე მიმიწვევენ, დღესაც ვსწავლობ მე თვითონ და ვასწავლი, ვისაც ეს აინტერესებს.
უნდა აღვნიშნო, რომ თიანეთში ძალიან კარგი ადამიანები დამხვდნენ: ფატი შუშანაშვილი (კულტურის განყოფილების გამგე), ალაზა ხაიაური (მეცნიერ-მუშაკი), თამილა მარაული (ფონდების შემნახველი), ელიზბარ მგელიაშვილი (ფოლკლორისტი), დარეჯან არჩემაშვილი (ექსკურსიამძღოლი), რომლებთან ურთიერთობაც მიიოლებდა მუზეუმში მუშაობასაც და უცხო გარემოსთან შეგუებაშიც მიწყობდა ხელს.
დღეს ეს ადამიანები აღარ მუშაობენ მუზეუმში, ალაზა ხაიაური და ელიზბარ მგელიაშვილი გარდაიცვალნენ, ხელმძღვანელობაშიც სხვა თაობა მოვიდა.
მუზეუმში მანამდეც ვიყავი, როგორც რიგითი დამთვალიერებელი. ცხადია, ძალიან მომეწონა, მაგრამ, როცა დირექტორი გავხდი, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რა უნდა მეკეთებინა. სამუზეუმო საქმიანობა საინტერესოა, მაგრამ თუ საქმე არ იცი – ძალიან რთული.
აქ ბევრი კარგი ტრადიცია აღვადგინეთ. შემოვიკრიბეთ პოეზიის მოყვარული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. გავაფართოვეთ ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბი. დავიწყეთ პოეზიის თიანური საღამოების ჩატარება. სიმბოლურია, რომ ჩემი პირველი ღონისძიების, პირველი მონაწილე, იმ დროისათვის სკოლის მოსწავლე, ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილია. ის და სხვა ნიჭიერი მოსწავლეები გავაერთიანეთ ჩვენს ლიტერატურულ სალონში.
ღონისძიებათა მთლიან ციკლს დავარქვით „მთაში გაბნეული მარგალიტი”. ყველას თავისი საქმე ჰქონდა და აქვს დღესაც, ნაწილი ექსპედიციებში დავდიოდით, ან უბრალოდ მეზობლად მცხოვრები ბებია-პაპებისგან ვაგროვებდით ამ მარგალიტებს, ნაწილი პოეზიის საღამოს ამზადებდა და ასე მოვედით დღევანდლამდე. ვატარებთ პოეზიის საღამოებს, ვხვდებით გამოჩენილ ადამიანებს, ვთანამშრომლობთ სკოლებთან, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან და მუზეუმში ვიღებთ მირზას პოეზიის თაყვანისმცემლებს.
– პოეტის სასიყვარულო ისტორიებიდან გამომდინარე, მირზა გელოვანის ფსევდონიმ „მირზას“ სხვადასხვა ვერსია არსებობს… რომელი მიგაჩნიათ უფრო სარწმუნოდ?
– მირზა გელოვანის ფსევდონიმის შესახებ შემიძლია, ასეთი რამ გითხრათ. რეზო გელოვანს (მისი ნამდვილი სახელი ხომ რეზოა), თიანეთში, პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლისას, თანაკურსელი, სილამაზით განთქმული, მარიამ ცალუღელაშვილი შეუყვარდა.
ამ დროს რეზო 17 წლის იყო, მარიამი -16-ის. მართალია, ქალიშვილი არ იყო მის მიმართ გულგრილი, მაგრამ როდესაც ვაჟმა ცოლობა სთხოვა, ქალმა ტრადიციების დაცვა შეახსენა. რაც ითვალისწინებდა: რეზოს ოჯახის უფროსი ასაკის წარმომადგენელთა მისვლას, ქალის სახლში და ოფიციალურად ხელის თხოვნას. სითამამით ცნობილი რეზო, იმდენად მორიდებული იყო უფროსებთან მიმართებაში (როგორც ცნობილია, დედას თქვენობით მიმართავდა), რომ თვითონ ვერ გაბედა ოჯახში სიყვარულის გაჟღავნება და მეზობელს, ამავე დროს, საუკეთესო მეგობარს, შალვა სისაურს სთხოვა დედამისთან შუამავლობა.
როგორც მოგვიანებით შალვა იხსენებდა: იმდენად მოკრძალებული ურთიერთობა ჰქონდათ ჩემს მშობლებს მირზას მშობლებთან, რომ მე ბალღი, ასეთ რამეს, დედამისს როგორ გავუბედავდიო, რაზედაც მირზა შემომწყრაო. და როგორც მივხვდი, მირზა და მარიამი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენო.
ერთხელაც კლასი შევედი და რას ვხედავ, მირზას შუბლზე ხელი შემოუდვია და რაღაცას წერსო. რომ შემნიშნა, ფურცლის დამალვა დააპირა, მე დავტაცე და რას ვხედავ, გაუვსია ნაწერით, ნაჯღაბნით ერთი გვერდი: მირ-მარ, რეზო-მარიამი, მარო-რეზო მარ-მირ….. ბოლოს „მირზა“ ეწერა. რა არის-მეთქი. აღარ დამიმალა და მითხრა: მართალია, მარიამი ცოლად არ მომყვება, მაგრამ ჩემი ფსევდონიმი ჩვენი სახელების ინიციალების შერწყმით ამის შემდეგ მირზა იქნებაო.
მარიამი გათხოვდა ქუთაისში. ამ დროს მოგზაურობის მოყვარული მირზა ორჯონიკიძეში შეიტყობს სატრფოს გათხოვების ამბავს და იქედან უგზავნის ლექსს-შედევრს „მწყემსის მუქარა”, რომელსაც თავდაპირველად “ჩემი მუქარა” დაარქვა.
ფსევდონიმის შესახებ დასკვნების გამოტანა მკითხველისთვის მიმინდვია. სხვაც ბევრი უტყუარი მასალა ადასტურებს ფსევდონიმის ამგვარ წარმომავლობას.
– ყვავილი ია მირზა გელოვანის სიმბოლო იყო. თბილისიდან გაგზავნილ ამანათში იის კონაც იდო… ეს იები თინა მაქსიმელაშვილმა გაუგზავნა ფრონტზე… მას შემდეგ ჯიბით დაატარებდა იების კონას…
„მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან). კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი“... – წერდა მირზა.
გავიხსენოთ ლექსის „ნუ მწერ“ დაწერის ისტორია…
რატომ არის გავრცელებული ჭორები მირზა გელოვანის სასიყვარულო ამბებთან დაკავშირებით… იგი სილამაზით გამოირჩეოდა და გასაკვირი არ არის, რომ მრავალ ქალს მოსწონებოდა… და მაინც, ვინ იყო მისი რჩეული?
– გეთანხმებით, მირზა, გარდა თავისი გარეგნობისა და მომხიბლაობისა, თითქმის ყველაფრით გამოირჩეოდა თანატოლებისგან. იყო ძალიან ნიჭიერი, ინტელიგენტი, უყვარდა კითხვა და ლამაზი საუბარი იცოდა. ნაკლებად იყენებდა საუბარში ჟესტიკულაციას. მეგობრების წრეში ხშირად კითხულობდა საკუთარ ლექსებს და ამით, მსმენელის ყურადღებას იქცევდა. ამის და შესაძლოა, ვაჟკაცობის, თუ სხვა რაინდული თვისებების გამოც იყო, რომ ირგვლივ მყოფი ქალბატონების სიყვარულს იმსახურებდა.
ერთ-ერთ წიგნზე მუშაობისას, მქონდა ბედნიერება, პირადად გამეცნო მირზას ლექსის მუზა, ულამაზესი ქალბატონი, პოეტ ალაზა ხაიაურის და – სარა ხაიაური, რომელსაც მიუძღვნა ლექსი „თეთრი მიწა”. ეს იყო წმინდა, უმანკო, ხელშეუხებელი სიყვარული.
სხვათა შორის, „თმები შოლტები“ ხაიაურის ოჯახის ქალების ტრადიცია იყო და უნდა ვივარაუდოთ, რომ „მე თქვენი თმები დამაბრუნებენ”, სტრიქონების ადრესატიც სწორედ ეს ხევსური პედაგოგი ქალბატონი სარა ხაიაურია, რომელიც 76 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად ლამაზი იყო და მომხიბვლელად გამოიყურებოდა (დღეს ეს ქალბატონი აღარაა ცოცხალი და მომიტევოს უფალმა, თუ წლების შემდეგ ასე შევეხე მის სათუთ სულს).
„რჩეულის” ამორჩევა მართლა ძნელია, ამაზე კამათი შორს წაგვიყვანს, მაგრამ საყოველთაოდაა ცნობილი მირზასა და ნინო ახვლედიანის სიყვარულის ამბავი, რომელიც ჯარში წასვლამდე გაიცნო შოვში და ძალიან ლამაზი რომანი თვით ნინა ახვლედიანმა დაწერა, რომელიც „ასფურცელა და ოქროსთმიანას“ სახელითაა ცნობილი.
მირზას სიყვარულს ზოგნი თვითონაც იბრალებდნენ და ზოგნი სხვას აბრალებდნენ. ნონა ლასხიშვილზეც უთქვამთ, თინაზეც მომისმენია, რომელმაც იები გაუგზავნა მირზას და, მგონი, პოეტური ბუნების ადამიანისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისიც გულის ჯიბით დაატარებდა და ლამაზ წერილებს აგზავნიდა საქართველოში, ოჯახში, ამის თაობაზეც წერდა. მას მოუცლელობის გამო ბევრი ვერ უგზავნიდა წერილებს და ხშირად თინა პასუხობდა. მანამდე თბილისში მათი ურთიერთობა მხოლოდ კარგი დაძმური მეგობრობით შემოიფარგლებოდაო, – ასე იხსენებდენ მეგობარი ქალები.
როგორც უკვე აღვნიშნე, დიდი ხანია მუზეუმში ვმუშაობ და მირზას მრავალი თაყვანისმცემელი მინახავს მის კერაზე მოსული, მირზაზე ტკბილ-მოსაუბრენი, ისეთი განცდით ყვებოდნენ, რომ არაა გამორიცხული, თითოეულ მათგანში შეყვარებული აღმოეჩინა მსმენელს. მირზაც ალბათ მუდმივად იყო შეყვარებული, მაგრამ ვისზე? ეს, ყველაზე უკეთ ალბათ მან იცოდა. მთავარია, რომ ამ სიყვარულმა მდიდარი პოეზია შეაქმნევინა…
რაც შეეხება ლექსს „ნუ მწერ“, ნამდვილად მიუძღვნა თინას, ეს ინიციალებიდანაც ჩანს. ამას ალბათ ლექსოლოგები და მირზოლოგები უკეთ გვეტყვიან. ერთი რამ უდავოა, მირზას არ უყვარდა ზერელედ რაიმეს წამოძახება, თავისი ლექსებით აუცილებლად რაიმეზე მიგვანიშნებდა.
– მირზა გელოვანის 100 წლის იუბილეა. რა გაკეთდა მუზეუმში და რას აპირებთ კიდევ ამ თარიღთან დაკავშირებით. რამდენად იგრძნობა ქვეყანაში პოეტის იუბილე?
– წელს მირზა გელოვანის დაბადებიდან 100 წლისთავია. მუზეუმი წელგამართული, ახლად გარემონტებულ შენობაში შეხვდა ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. შენობა, სადაც გაიზარდა დიდი პოეტი, ისტორიულია. ეს სტატუსი გასულ წლებში მიანიჭა კულტურის სამინისტრომ, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლელა ქიტესაშვილის და რაიონის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ხელშეწყობითა და დახმარებით გარემონტდა.
მუზეუმი „ააიპ მუზეუმების გაერთიანებაშია“ (ხელ-ლი ნუნუ წიწაკიშვილი) და 100 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი გეგმა შევიმუშავეთ. გავაკეთეთ მოძრავი ფოტოგამოფენა. პროექტის მიხედვით მოვაწყეთ გამოფენები სკოლებში, ვატარებდით ლექცია-საუბრებს, რაშიც დიდი დახმარება რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გაგვიწია. უნდა აღინიშნოს სკოლების მომზადება და დაინტერესება. ეს ორმხრივი თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერი გამოდგა. სულ ჩავატარეთ 12 ფოტოგამოფენა და 32 ლექცია-სემინარი. 2 მარტს კი მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის ლიტერატურულ სალონში აღვნიშნეთ პოეტის დაბადების დღე.
მუზეუმში, როგორც გითხარით, ფუნქციონირებს ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბი, რომელშიც რაიონების სკოლების მოსწავლეები არიან გაერთიანებული. მათთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მირზასადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოში. მუზეუმი ასევე მონაწილეობდა მირზას სახელობის ბიბლიოთეკაში გამართულ საიუბილეო საღამოში. ტელევიზიით „ერთსულოვნება” გადაიცა სიუჟეტი მირზა გელოვანზე, სადაც მუზეუმის ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ზაფხულში თიანეთში იგეგმება გრანდიოზული საიუბილეო საღამო. ამის შესახებ წინასწარ ეცნობება მირზას პოეზიის ყველა თაყვანისმცემელს. მზადდება და ამ წელს გამოიცემა საიუბილეო წიგნი მირზაზე.
– მირზა გელოვანის გადმოსვენება ჭიანურდება. როგორც ჩანს, არის დამაბრკოლებელი ფაქტორები, ასახელებენ იმას, რომ სასაფლაოს შეხება ან გახსნა ბელორუსიის კანონმდებლობით აკრძალულია. ეს არის ძმათა სასაფლაო და მირზა გელოვანის ნეშტის იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელიაო...
– გადმოსვენებაზე ვერაფერს გეტყვით. წელს, 8-9 მაისს, ბელორუსიაში, მირზას საფლავზე იმყოფებოდა თიანელი ქალბატონი, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს მოსკოვში და ველოდებით მის ჩამობრძანებას. ვფიქრობ, ბევრ საინტერესო ამბავს ჩამოგვიტანს.
სხვათა შორის, ეს ქალბატონი მირზა გელოვანისა და მისი სახლ-მუზეუმის დიდი გულშემატკივარია. მან გასულ წელსაც მოინახულა მირზას საფლავი და, სიმბოლურად, საფლავის მიმდებარედ დაკრეფილი იები ჩამოგვიტანა, რომლებიც მუზეუმში ინახება. ბევრი კარგი იდეა გვაქვს განსახორციელებელი, ერთ-ერთი – დიდი პოეტის სამუდამო განსასვენებლის მონახულებაცაა, რაშიც რაიონის ხელმძღვანელობის დახმარების დიდი იმედი გვაქვს.
– გვიამბეთ ოჯახზე, შვილებზე… მართლაც, ბრწყინვალე გოგონებზე – დებ ზვიადაურებზე… რას საქმიანობენ?
– მაქვს ჩვეულებრივი ქართული ოჯახი, მყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი. მეუღლე მათემატიკოსია, მუშაობს თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად. უფროსი ქალიშვილი თამარი სწავლობს მაგისტრატურაში, წელს ამთავრებს ჯიპას პიარის განხრით… მუშაობს განათლების სამინისტროში (სსიპ-ში) სპეციალობით. სოფიკომ დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ მაგისტრატურა და მიენიჭა გარემოს მედიცინის აკადემიური ხარისხი, მუშაობს კლინიკა „კურაციოში“.
რუსუდანს აქვს ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში, ასევე აქვს მეორე სპეციალობა კულტურის მენეჯმენტი. ამჯერად სწავლობს მაგისტრატურაში მედიაკომუნიკაციის განხრით.
სტაჟირებას გადის ტელეკომპანია „იმედში“. ჩემი შვილები მღერიან სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამლში „დეკა“ (ხელ-ლი დავით რატიანი) ასევე, „თბილისის გოგონათა გუნდში’’ (ხელ-ლი ომარ ბურდული). არის ასეთი ანსამბლი „დები ზვიადაურები“, სადაც მხოლოდ დები: თამარი, სოფიკო და რუსუდანი მღერიან, თან ძალიან კარგად. რუსუდანი კომპოზიტორია, წერს სიმღერებს. პირველად, მეუფე თადეოზის ლექსზე შექმნა სიმღერა. მას შემდეგ ბევრი ნაცნობი და უცნობი ავტორი აამღერა. ოჯახში, ჩემი მეუღლე და მისი დებიც მღერიან, როცა ვიკრიბებით, კარგი მოსასმენია მათი შეხმატკბილება.
– ჰობი?
– რაიმეთი განსაკუთრებული გატაცება არასოდეს მქონია. ისე, მოგზაურობა მიყვარს და ვმოგზაურობდი ხოლმე, ახლა ნაკლებად მცალია ამისათვის.
– მუზუმთან ნორჩ შემოქმედთა კლუბი არსებობს… ვინ არიან მისი წევრები?
– მუზეუმის ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბი, აქ, ჩემს მოსვლამდეც არსებობდა. მე უბრალოდ ახალი სული ჩავუდგი. მისი წევრები ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც არიან.
ყველას ვაწევრიანებთ, ვისაც შემოქმედებითი ნიჭი და უნარი აქვს. მათი რიცხვი 800-ზე მეტია. ისინი, ძირითადად, რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. მრავალი ახალგაზრდა წერს ლექსებს, ჩანახატებს. მრავალი კარგი პოეტი აღმოვაჩინეთ და სტიმული მივეცით. ზოგი გვემატება, ზოგი პირიქით, დროის უქონლობის გამო ვერ გვეკონტაქტება და ავტომატურად გვაკლდება. ბევრი წლობით მეგობრობს ჩვენთან. ვეხმარებით სტუდენტებს საკურსო თემების მომზადებაში მირზა გელოვანზე. გვყავდა დიპლომანტიც, რომლის კონსულტანტი მე თქვენი მონა-მორჩილი გახლდით და რომელმაც მაღალ დონეზე დაიცვა თემა. ვამზადებთ ლიტერატურულ შეხვედრებს, ვმართავთ პოეზიის საღამოებს.
დიდი საღამოებისთვის სცენას კულტურის სახლი გვითმობს და ასე ურთიერთთანამშრომლობით ვაღწევთ კარგ შედეგს. პოეზიის ერთ-ერთ საღამოში 68 მოსწავლე-ახალგაზრდა მონაწილეობდა, ეს კი საჯარო სკოლებთან კარგი თანამშრომლობის შედეგია.
ძირითადად, მაინც 10-15 ბავშვიანი ჯგუფების მონაწილეობით ვატარებთ სხვადასხვა საღამოს.
ვაწყობთ ექსპედიციებს სოფლებში, დაბაში. თვითონ ბავშვებსაც აქვთ სურვილი და ახალ-ახალი იდეებით მოდიან მუზეუმში.
გვაქვს პროექტი მოხალისეთათვის, რომლებიც ექსკურსიების დროს, თვითონ უძღვებიან მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს და აწვდიან მათთვის საჭირო ინფორმაციას.
მათ ძალიან უყვართ მირზა და მისი მუზეუმი, გვეხმარებიან ეზოს მოვლა-პატრონობაში. ამ რამდენიმე დღის წინ, მუზეუმების გაერთიანებამ ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბის წევრები ერთდღიანი შემეცნებითი ექსკურსიით დააჯილდოვა. ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება მომავალშიც.
თამარ შაიშმელაშვილი