„ის, რისი შეცვლაც გვინდა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული“…
პირველი ლექსის მუზა 8 წლის ასაკში ეწვია. 10 წლის იყო, როცა პირველი კრებული გამოიცა. მოთხრობების წერა მოგვიანებით დაიწყო და ბუნებრივი თხრობით და ორიგინალური ხედვით მაშინვე მიიპყრო ლიტერატურული სამყაროს ყურადღება.
პარალელურად, 4 წლის განმავლობაში, ზედიზედ გაიმარჯვა ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ ოლიმპიადაში. ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში სამი წლის განმავლობაში ისვენებდა… 2015 წელს ამ ბანაკიდან აირჩიეს იმ თორმეტ ბავშვთან ერთად, რომელსაც წილად ხვდა ინგლისში გამგზავრება.
ამბობს, რომ იმ უამრავ მიღწევას შორის, რომელიც ჰქონია, ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში გამარჯვებაა.
ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია.
წლინახევრიდან ხატავს და არ ყოფილა წუთი, ხატვის სურვილი რომ არ ჰქონოდა.
ადარდებს, რომ ხშირად საკუთარი ქვეყნის ისტორიასაც ვივიწყებთ, რომელიც განყენებულად კი არ უნდა არსებობდეს, არამედ ჩვენი ნაწილი უნდა იყოს… – ლელა თოთაძის პერსონა.
– ბავშვობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე პაპაჩემმა მოახდინა. პაპა ჯავახი კაცი იყო, მისგან ვისწავლე, რომ რამდენადაც ცხოვრება ცდილობს ხელიდან გამოგგლიჯოს ბედნიერება, იმდენად უნდა ებრძოდე შენც ჯიქურ. ბევრს მიყვებოდა საკუთარი წარსულიდან, ქვეყნის ისტორიიდან, სჯეროდა, რომ ყოველი კაცი საკუთარ მიწასთანაა დაკავშირებული. ეს თავისებური, ჯავახური სიყვარული პაპასგან დამრჩა. ხშირად მახსენდება მესხეთში გატარებული ზაფხულის დღეებიც. მიზიდავდა იქაურ გორებზე სიარული, ზევით და ზევით რომ მივიწევდი და ჩამოსვლა აღარ მინდოდა.
დამამახსოვრდა მამაჩემის ზღაპრებიც, რომლებსაც თვითონ იგონებდა ხოლმე. ამ ზღაპრების გმირები არასოდეს ჰგავდნენ ცნობილი ზღაპრების გმირებს, ისინი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულები და უბრალოები იყვნენ ყოველდღიური შემხვედრებისგან, მაგრამ ყველას საკუთარი ამბავი ჰქონდა. მამა ბოლომდე არასოდეს ყვებოდა მათ ამბებს. ზღაპრები მე უნდა დამესრულებინა. მაშინ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ საჭირო არ იყო, გმირს ზებუნებრივი უნარი, ან განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონოდა. ნებისმიერი ადამიანი შეიძლებოდა გმირი ყოფილიყო და იყო კიდეც.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა კითხვა არ ვიცოდი, დედაჩემი ჩემთვის საბავშვო ილუსტრირებულ წიგნებს ყიდულობდა. ფრაგმენტებად მახსოვს, რომ ძალიან მინდოდა, კითხვა მცოდნოდა, გამეგო, რას ამბობდნენ სურათები. მეუბნებიან, ამ წიგნებს ზოგჯერ დაიჭერდი და ხმამაღლა შენით თხზავდი ამბებს, ვითომ კითხულობდიო.
– თქვენი ლექსები და ჩანახატები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა… 10 წლის იყავით, როდესაც ლექსების პირველი კრებული გამოვიდა… პირველი ლექსი?
– პირველი ლექსი პირველ თუ მეორე კლასში დავწერე. ზამთარი იყო და თოვდა. მახსოვს, აივანზე ვიდექი, ცისკენ ვიყურებოდი და ერთდროულად მიხაროდა და მამწუხრებდა თოვა: მართობდა, რომ თამაშით ეშვებოდნენ ფიფქები და მანაღვლიანებდა, რომ შეხებისთანავე მადნებოდნენ ხელებში. მხოლოდ ეს – აღტაცებისა და სევდის განცდა მახსოვს.
„ფიფქი ლელას ეუბნება, ნუ მახლებო ხელს, თორემ უცებ დავდნები და ვეღარ მნახავ მეტს…“ – ეს იყო პირველი სტროფი, რომელიც დავწერე.
ამ ლექსით გავიმარჯვე პირველად სასკოლო კონკურსში. მოგვიანებით, 10 წლის რომ ვიყავი, ჩემი ლექსების კრებული გამოიცა, რომლის წარდგინებაც თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ამ ბიბლიოთეკამ და მისმა ლიტარტურულმა სალონმა – „საგულისონმა“ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა.
– მოთხრობების წერა მოგვიანებით დაიწყეთ… მონაწილეობთ კონკურსებში და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეთ…
– მოთხრობების წერა მაშინ დავიწყე, როცა ძალიან ბევრი სათქმელი დამიგროვდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ვმონაწილეობდი ლიტერატურულ კონკურსში “ჩვენი თავგადასავალი”, სადაც წილად მხვდა, გავმხდარიყავი ირაკლი ჯავახაძის რჩეული. ამ პროექტში გამარჯვებულთა მოთხრობები იბეჭდებოდა წიგნებში „ჩვენი თავგადასავალი“. მიხარია, რომ ჩემი მოთხრობებიც ამ წიგნების ნაწილია.
ჩემი მოთხრობები დაიბეჭდა „ლიტერატურულ გაზეთში“, „მწერლის გაზეთში” და ჟურნალ „ანეულში“. მართალია, ბევრჯერ გამიმარჯვია ლიტერატურულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში, ისეთებში, როგორიცაა: „სენტენცია”, ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ლიტერატურის ოლიმპიადა, ეროვნული ოლიმპიადები და სხვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ჟურნალ „ანეულთან“ არსებული რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში მიღწეული წარმატებაა. რევაზ ინანიშვილი ჩემი საყვარელი მწერალია და ჩემთვის ეს წარმატება დიდი პატივია.
– რომელ მოთხრობას გაიხსენებთ, რომლის დაწერაც საინტერესო ისტორიას ან ამბავს უკავშირდება?
– რთულია, გამოვყო ასეთი მოთხრობა, რადგან ყველა მოთხრობა თავისთავად რაღაცას უკავშირდება, რაც ცხოვრებაში გადამხდენია, ან არ გადამხდენია, მაგრამ შინაგანად განვიცდი. მოთხრობა „ახალდათხოვნილი“ სტუდენტობის პირველ დღეებში დავწერე. ეს მოთხრობა თითქოს წერილი გახდა ჩემთვის, ჩემი მომავლისთვის. ჩემი ფაკულტეტი ძალიან მომწონს, მომავალზეც ხშირად ვფიქრობ, სად ვიმუშავებ და რას გავაკეთებ, მაგრამ საკუთარ თავს სულ ვუმეორებ, რომ არასოდეს გავხდები ამ მოთხრობის მთავარი გმირი, რომელიც წუთიერი ყოფისგანაა დაბრმავებული და ვერასოდეს ამჩნევს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
მოთხრობა თავისთავად იწერება, იმ განცდით, რომელიც მუდამ თან დამყვება, იმ სევდით, რომელსაც ამოვიკითხავ ხოლმე უცნობის თვალებშიც კი და აზრით, რომელიც იბადება, იზრდება, მთელ გონებას მოიცავს და ამბად ყალიბდება.
– 2013, 14 15, 16 წლებში გაიმარჯვეთ ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ ოლიმპიადაში. ისვენებდი ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში სამი წლის განმავლობაში… შემდეგ იყო ლონდონი…
– ინგლისში – ორჯერ ვიყავი, ერთხელ ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკიდან, მეორედ – სამოქალაქო განათლების ოლიმპიადიდან ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში გავემგზავრე.
ლონდონი ნისლიანი ქალაქია, სავსე, ხალხმრავალი ქუჩებით. ყველაზე მეტად ლონდონის ეროვნული გალერეა დამამახსოვრა, აქ ვან გოგის, პოლ გოგენის, რემბრანდტის, ბოტიჩელის, ტიციანის, რაფაელის და სხვათა შედევრებთან იმდენად ახლოს ვიყავი, რომ თითქოს ყველა მათ მონასმს ვგრძნობდი და ვხედავდი ტილოზე.
გამიტაცა კლოდ მონეს „გერმანულმა ბაღმა“, უცნაურ სიმყუდროვის გრძნობას გიზიარებს დანახვისთანავე. დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ეროვნულმა მუზეუმმაც, ბუკინგემის სასახლემ, ლონდონის თეატრმა, პარკებმა სანახაობებით, ძველებურმა ქუჩებმა… თუმცა ეს თვალისმომჭრელი გარეგნული მხარე ლონდონის მხოლოდ ერთი მხარეა.
ლონდონზე უფრო ღრმად ოქსფორდში გატარებული დროის განმავლობაში მეგობრებთან ერთად დატკეპნილი ქუჩები ჩამრჩა მეხსიერებაში. ყველა პატარა ქალაქიც, სადაც დაგვატარებდნენ, ფეხით გვქონდა მოვლილი.
ინგლისი საოცარია, თუმცაღა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის მეგობრობაა, რომელიც შევინარჩუნეთ. სხვათა შორის, ზოგიერთი მათგანი ჩემთან ერთად სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობთ. რატომ მაინცდამაინც იურისტობა, როცა ასე კარგად წერდით?
– ხშირად მეკითხებიან ამას. იურიდიულზე იმიტომ ჩავაბარე, რომ სამართალი ყოველთვის მაინტერესებდა. ლიტერატურასა და სამართალს ბევრი საერთო აქვს. ერთიცა და მეორეც ეხება ინტერესთა დაპირისპირებასა და ბრძოლას, ორივე აყალიბებს ადამიანის ქცევას. თუმცა ლიტერატურა სულის კუნჭულამდე წვდება ადამიანს, მის პიროვნებას ძერწავს და ესისხლხორცება.
ბევრი ფიქრობდა, რომ თუ სამართალზე ჩავაბარებდი, ლიტერატურას მოვწყდებოდი. გამოგიტყდებით, ამის მეც მეშინოდა, მაგრამ ჩავაბარე და მივხვდი, რომ ასე არაა, ლიტერატურა ჩემი პიროვნების ნაწილია.
– მწერალი, რომელმაც თქვენი ცხოვრება ცოტათი მაინც შეცვალა…
– მეორე კლასში ვიყავი, როცა იანუშ კორჩაკის „მათიუშ მეფე პირველი“ წავიკითხე. იქამდე მხოლოდ პატარ-პატარა მოთხრობებს ვკითხულობდი და ეს პირველი დიდი წიგნი იყო ჩემთვის. მაშინ ამ წიგნმა ერთიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. აღმაფრთოვანა წიგნის ავტორის ცხოვრებამ და მთავარი გმირის ამბავმა. იანუშ კორჩაკის ისტორიამ გამბედაობა და სიმამაცე შემმატა, ჩემი ხასიათის შენებისას მთავარი აგური გახდა, კალამიც ამიტომ ავიღე. მაშინ ბავშვი ვიყავი და ყველაფერი შეუმჩნევლად მოხდა.
მას შემდეგ ყოველი ახალი წიგნი თავისებურად ცვლის ჩემს ცხოვრებას, რთულია, ერთი რომელიმე მწერალი ან რომელიმე წიგნი გამოვარჩიო, თუმცა ჰიუგოს, კაფკას, ბეკეტს, მარკ ტვენს, დოსტოევსკის ხშირად ვუბრუნდები. ქართველი მწერლებიდან ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა: კონსტატინე გამსახურდიამ, ჯემალ ქარჩხაძემ, ოთარ ჭილაძემ, გოდერძი ჩოხელმა, რევაზ ინანიშვილმა, გურამ დოჩანაშვილმა…
– ხატვა ძალიან გიყვართ… როდის ხატავთ?
– ხატვა წლინახევრიდან დავიწყე, მეუბნებიან, ფანქარი ისე სწორად გეჭირა, მეხუთეკლასელების რომ ვერ იკავებენო. არ ვიცი, რამდენად მართალია, თუმცა არასოდეს არსებობდა ჩემთვის ისეთი დრო, რომ ხატვის სურვილი არ მქონოდა.
ხშირად ვხატავ. განსაკუთრებით მაშინ მინდა ხატვა, როცა ამის დრო არ არის, მაგალითად, გამოცდების წინ. ხატვა მყუდრო თავშესაფარივითაა ქარიშხლიან ამინდში.
– რას ფიქრობთ დღევანდელ ახალგაზრდებზე? როგორები არიან?
– რთულია ყველა ახალგაზრდაზე ერთნაირად ლაპარაკი. მე თვითონაც ხომ ახალგაზრდა ვარ. ჩემი მეგობარი ახალგაზრდები დაკვირვებულები, მიზანდასახულები, გონიერები და განათლებულები არიან, ისეთნი, რომლებსაც შეიძლება მომავალში ქვეყანა დაეყრდნოს.
ცხადია, სხვანაირი ახალგაზრდებიც არიან, ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია. თუმცა იმის გაცნობიერება, რომ მომავალი ჩვენზე, ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, ხშირად აიძულებს საზოგადოებას, „ახალგაზრდობა“ ერთიანად განიხილოს.
– ოცნება?
– ზოგჯერ ვოცნებობ, მეტი დრო მქონდეს. ზოგჯერ ისე ხდება, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, იმის კეთებას ვერ ვახერხებ. დრო ყოველთვის ძალიან ცოტაა. ზოგჯერ – დროის უკან დაბრუნებაზე, წარსულში მოგზაურობაზეც ვოცნებობ.
ხანდახან ვოცნებობ, ყველა ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი თავის მნიშვნელობა, მათი როლი ამქვეყნად. გააცნობიერონ, რომ ბედნიერებაცა და უბედურებაც, კმაყოფილებაც და უკმაყოფილებაც მათსავე ხედვაზეა დამოკიდებული. მინდა, ყველამ იპოვოს ის, რასაც ეძებს, და თუ არ იცის, რა მოძებნოს, ესეც გაიგოს.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ჩემ ირგვლივ ბევრი რამაა შესაცვლელი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის, რისი შეცვლაც გვინდა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. არასოდეს მავიწყდება იმ ბეღურას იგავი, ცეცხლმოკიდებულ ტყეში მხოლოდ ერთს რომ მიჰქონდა პატარა ნისკარტით წყალი ხანძრის ჩასაქრობად, და რომ ჰკითხეს, რას აკეთებო, უპასუხა, რაც შემიძლია, იმასო.
მეც იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია, და თუნდაც ერთი ადამიანი ამისთვის არ იყოს საკმარისი, მაინც მჯერა, რომ სამყაროს ცვლილება საკუთარი თავის შეცვლით იწყება.
– ყველაზე მეტად გული რაზე გტკივათ?
– გული მტკივა, რომ იცლება და სუსტდება ქართული სოფელი და მოხუცივით პატარავდება. ამიტომ დავწერე „დაუქვრივებელი“.
მაწუხებს ხალხმრავალი ქართული სოფლების ბედიც. რამდენიმე თვის წინ გურიაში მოგვიწია წასვლა პროექტიდან „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“. სამწუხაროა, რომ იქაურ სოფლებში უმუშევრობის გამო მრავალი იყო იმედგადაწყვეტილი, მათ შორის, ახალგაზრდებიც, რომლებსაც ხელი ჩაექნიათ მომავალზე.
ყველაზე მეტად გული იმაზეც მტკივა, დრო ისე სწრაფად გადის, ძნელია, თუნდაც ერთი ბედნიერი წამი შეინარჩუნო, ყველაფერი მაშინვე წარსულის კადრებად იქცევა. წამიერი ბავშვური სიცილი მეორე წამსვე სევდიანი მოგონებით იცვლება.
მამწუხრებს, რომ დავიწყება დაძლევს ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებასაც კი. ისიც მადარდებს, რომ ხშირად საკუთარი ქვეყნის ისტორიასაც ვივიწყებთ, რომელიც განყენებულად კი არ უნდა არსებობდეს, არამედ ჩვენი ნაწილი უნდა იყოს. ჩემი მოთხრობა „საღამოს ხევის ნაჩურჩულარიც“ ამიტომ შეიქმნა.
საერთოდ კი, შეუძლებელია, ისე იცხოვრო, რომ გული არ გტკიოდეს, და ესეც, თავისთავად, გულსატკენია.
თამარ შაიშმელაშვილი