ალექსი პეტრიაშვილი ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, ელჩ მიხაელ ლინჰარტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია. ხელისუფლება კი ძალისხმევას არ დაიშურებს ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის. მიხაელ ლინჰარტმა ავსტრიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებისა და, მისივე შემადგენელი, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობა.
„ავსტრია ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებს, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, ამავე დროს გამოხატავს სერიოზულ მზადყოფნას, რათა ორმხრივი თანამშრომლობა განვითარდეს, კიდევ უფრო გააქტიურდეს კონკრეტული პროექტების განხორციელებით. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ვიზიტით ჩამოვლენ მაღალი დონის ოფიციალური პირები ავსტრიიდან”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრის დროს ალექსი პეტრიაშვილმა ავსტრიულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიული რეფორმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ავსტრიას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
ალექსი პეტრიაშვილის შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები