“ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი არ შეიძლება იყვნენ ციხეში, სადაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მუდმივად არ ინახება“
მაწუხებს და ობიექტური რეალობაა, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არ შეიძლება იყვნენ ციხეში, სადაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მუდმივად არ ინახება – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა “რუსთავი 2“ – ის ეთერში გადაცემა “პოზიციაში” საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მერაბიშვილის კამერის ჩანაწერი, რომ შენახულიყო “იმ აბსურდის“ შემოწმება, რაც მან პროკურატურის მისამართით განაცხადა, მარტივად მოხერხდებოდა.
“რაც მაწუხებს და ობიექტური რეალობაა, რომ ვანო მერაბიშვილი მოთავსებულია ისეთ საკანში, სადაც არ შეიძლება არ იყოს კამერები, რომელიც მისი პატიმრობის დასრულებამდე არ ინახავს ფირებს. იმიტომ, რომ ეს არის იმ დონის საქმე და ისეთი პატიმარი, ისევე, როგორც ბაჩო ახალაია, არ შეიძლება ისინი იყვნენ ციხეში, სადაც არ არის მუდმივად შენახვადი კადრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აბსურდი, რაც მერაბიშვილმა განაცხადა, მარტივად შემოწმებადი იქნებოდა. მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც ის მატროსოვის ციხეში მოთავსდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.