„ჩარლი ჩაპლინი ჩემი კერპია“… – როგორია ნიკო ბაღაშვილის მერცხლების ქალაქი
ფეისბუქის გარეკანზე მისი პირველი ფილმის – „მკვდარი ქალაქის ანგელოზების“ გმირები – ბავშვები არიან გამოსახული. მის კინოკალეიდოსკოპშიც ბავშვებს ხშირად შეხვდებით. მათთან ერთად უამრავი საღამო ჩაუტარებია და გადაღება ჰქონია…
მისი გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა… ახსოვს 90-ანი წლების გაჭირვებაც და ქართული კინოს კრიზისიც… სირთულეების მიუხედავად, მაინც აისრულა წადილი – გახდა კინორეჟისორი.
მას შეხვდებით ყველგან, სადაც საღამო და წარმოდგენა ტარდება… უკვე დიდი არქივის მფლობელია. ამბობს, რომ კოლორიტული ადამიანებისგან სხვა ძალას და ენერგიას იღებს, მთავარია სიკეთე აკეთო და კაცის სახელი დატოვო ამქვეყნად. – რეჟისორ ნიკო ბაღაშვილის პერსონა.
– დავიბადე 1963 წლის 11 ივლისს სოფელ არბოშიკში. მაგ დროს სოფლად მშობიარობა არ იყო პრობლემა და სოფელში გავჩნდი.
დავიბადე 5კგ და 300 გრამი. ექიმმა ჩამწერა, როგორც გოლიათი. ამხელა წონა მართლა მოვლენა იყო. მერე, მოზრდილს მაკარონივით გამხდარს რომ დამინახავდა ექიმი, უკვირდა, შენ როგორ ჩაგწერე გოლიათადო… ჩემი დაბადება ძმის გარდაცვალებამ განაპირობა. სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა და რომ არა ჩემი ძმა, ამ ქვეყანას არ მოვევლინებოდი.
სახელი ნიკა დამარქვეს, მყავდა ძია, მამის ძმა, რომელმაც სკოლა მეზობელ სოფელში – ტიბაანში დაამთავრა.
ღარიბულად ცხოვრობდნენ და თან ზამთარში ზაფხულის მაისურით ჩადიოდა ტიბაანში. სკოლა ფრიადებზე დაამთავრა.
ატესტატს ახლაც ვინახავ, სულ ფრიადები უწერია. წავიდა ჯარში და არც ფოტო, არც წერილი არ დარჩენილა, უგზოუკვლოდ დაიკარგა ომში. სწორედ ამ ძიას სახელი დამარქვეს ჩვენებმა. ვერცერთი ფოტო ვერ ვნახე, მივუბრუნდი ჩვენებს და ვუთხარი, რადგან მისი ერთი ფოტოც კი არ გაქვთ, ისეთ რამეს გავაკეთებ, თქვენ ფოტოებით და კამერითაც დაგტოვებთ ამქვეყანაზე-მეთქი. ჯერ კიდევ პატარა ბიჭმა ვთქვი ისე, კინო და თეატრი რა იყო, არ ვიცოდი.
– ოჯახი… გარემო…
– მამაჩემი მწყემსი იყო, დედა – დიასახლისი. ბაღში არ მივლია და ახლაც მტკივნეულად განვიცდი. ჩემი სახლის აქეთ-იქიდან გოგონები ცხოვრობდნენ, ბაღში დადიოდნენ… რომ გამოდიოდნენ სახლიდან, გადმოდგებოდნენ და ლექსებს ამბობდნენ. შევყურებდი მათ და ბავშვმა ლექსების დაზეპირება დავიწყე. ახლა უკვე მე თვითონ რომ მივდივარ ბავშვებთან გადაღებაზე, სულ ბავშვობის ის წლები მახსენდება.
სკოლის პერიოდში შევკრებდი ჩემზე უფროს გოგონებს, უმცროს გოგონებსაც ჩავრთავდი ხოლმე და სოფლის კლუბში კონცერტებს და წარმოდგენებს ვმართავდი… მე ვრეჟისორობდი. ერთხელაც მამლაყინწობის ამბავი შემემთხვა, ორი წლით უფროს ბიჭს ვეჩხუბე. იმანაც ცხვირიდან სისხლი მადინა. არც ვაციე, არც ვაცხელე, ქვებით მოვიგერიე… მერე დიდობაში მითხრა, გახსოვს, ნიკო, რა მოხდა? ჩემს დოლს ისევ ამჩნევია სისხლის ლაქებიო…
სახლში ან კლუბში ჩაჯდომა მიყვარდა. ფილმი თუ გადიოდა, ორჯერ მაინც უნდა მენახა… ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნებსაც ორ დღეში ვკითხულობდი. ეჭვის თვალით მიყურებდნენ, არ სჯეროდათ, ასე ჩქარა როგორ კითხულობსო. აბა, მოგვიყევიო, მეუბნებოდნენ. გავწითლდებოდი და ვიწყებდი მოყოლას.
სკოლის პერიოდში ხორცის საკეპი მანქანით დავდიოდი და ფილმს ვიღებ-მეთქი, ვამბობდი. აქ „ლენტა“ დევს და რომ გავიზრდები, ისეთ რამეს გამოვიგონებ, სადაც ხმაც ჩაიწერება და გამოსახულებაც-მეთქი…
თავიდან მსახიობობა მინდოდა, მერე რეჟისორობამ გამიტაცა. პირველ წელს თეატრალურში ტელესარეჟისოროზე ჩავაბარე, რადგან იმ წელს კინოსარეჟისოროზე მიღება არ იყო გამოცხადებული. მერე სამჯერ შევედი ქალბატონ ეთერ გუგუშვილთან, რომ კინოსარეჟისოროზე გადავეყვანე. ვეხვეწებოდი, დიპლომი და ფურცელი არ მინდა, სახლიდან სკამს მოვიტან, ფანჯარასთან დავდგები და ლექციებს მოვისმენ-მეთქი. ქალბატონმა ეთერმა კინოფაკულტეტის დეკანს, გოგი დოლიძეს ჩააბარა ჩემი თავი. ბატონმა გოგიმ დამსვა და გურული დიპლომატიით მელაპარაკა – აქ დაგაწყებინებ მუშაობას და თან კინომცოდნეობის ლექციებზე ივლიო. დიპლომს რომ აიღებ, მერე კინორეჟისორიც გამოხვალო. მაინც საყვარელ საქმესთან ახლოს იყო და უარი არ მითქვამს. მაგრამ მაინც არ მომწონდა, ვიღაცას სპექტაკლი უნდა დაედგა და მე მეკრიტიკებინა. არ იყო ეს ჩემი საქმე.
და რადგან არაფერი გამოდიოდა თეატრალურ ინსტიტუტში, დავკარი ფეხი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავვარდი. გავიგე, რომ ოთარ იოსელიანს და ბუბა ხოტივარს მეორადი ჯგუფი ჰქონდათ. დავიწყე მეორად ფაკულტეტზე სწავლა კინორეჟისორის სპეციალობით.
იმავე პერიოდში დავიწყე მუშაობა რეჟისორის ასისტენტად თემურ ბაბლუანთან.
შემდეგ – რეზო ესაძესთან, ლევან ზაქარეიშვილთან, რეზო ჩხეიძესთან…
დავამთავრე „ნეილონის ნაძვის ხის“ სცენარის ავტორის ამირან დოლიძის ჯგუფიც, სადაც მართლა საინტერესო ადამიანებს შევხვდი, ტატა თვალჭრელიძე მიკითხავდა ლექციებს, ჩამოჰქონდათ აკრძალული ფილმები, აკაკი ბაქრაძის, ვახტანგ გოგუაძის, რისმაგ გორდეზიანის… ლექციებს ვუსმენდი.
იმავდროულად, რამაზ გიორგობიანის ხელოვნების აკადემიაში ვსწავლობდი. მხატვრული კინორეჟისორის სპეციალობით.
თეატრალურ ინსტიტუტში მიშა თუმანიშვილთან ბუბერაზ კაცთან მქონდა ურთიერთობა და რეზო ჩხეიძის ლექციებს ვესწრებოდი, თემურ ჩხეიძეს ვუსმენდი, რეჟისურა მარტო დიპლომის აღება არ არის, გამოცდილებაა, ცხოვრებისეული დაგროვილი… ელდართანაც ვიყავი ერთხანს… ასეთი ადამიანებისგან ვიღებდი სულიერ საზრდოს.
– კინო ვიდეოხელოვნების ფონდი „წიქარა – 21“ და კინო ვიდეოსტუდია „ნიკალა“ დააარსეთ…
– სამოქალაქო ომი, არეულობა, გაჭირვების წლები დაიწყო… ნელ-ნელა დაიშალა კინოსტუდია და მეც თეატრალური კინო ვიდეოხელოვნების ფონდი „წიქარა – 21“ შევქმენი. შრომის სასახლეში ვიწვევდი ბავშვებს, სკოლებს მივმართავდი და ფილმებს ვიღებდი ნიჭიერი ბავშვების მონაწილეობით.
კინო ვიდეოსტუდია „ნიკალა“ 7-8 წლის წინ დავაარსე. გადავწყვიტე საკუთარი ძალებით მაქსიმალურად ვიმუშავო, დავხვეწო ტექნიკური დონე და მე თვითონვე გავიდე ფონს…
– „ნიკალა“ ახალ საინტერესო პროექტებს გვპირდება…
– დავიწყე პროექტები… ძველ მსახიობებს ვიღებ. უკვე გადავიღე ლამზირა ჩხეიძე, გრიშა წიტაიშვილი, ლია კაპანაძე… მათი საღამოები აღვბეჭდე ფირზე. გადავწყვიტე ჩანახატების გაკეთება მსახიობებზე. ქალბატონ მანანა ჭალიძესთან ერთად სატელევიზიო გადაცემები მოვამზადე.
ახლახან მწერალთა კავშირს 100 წელი უსრულდება. მწერალთა კავშირის ბირთვზე 15-წუთიან ჩანახატებს ვგეგმავ. ამის გარდა, გადავწყვიტე, კოლორიტი პიროვნებების ვიდეოანთოლოგია შევადგინო, რომელიც მართლა ღირებული იქნება საზოგადოებისთვის და სულიერ საზრდოს მისცემს. შეიძლება პოეტი და პროზაიკოსი არ იყოს, მაგრამ ორგანიზაცია და ჟურნალი ჰქონდეს და საინტერესო დოკუმენტური ფილმებიც შეიქმნას.
ერთხელ ერთი საღამო ტარდებოდა და მეგობარმა მითხრა, ნიკო, ეს უნდა გადაიღოო? არა, არ ვიცნობ ამ, პოეტს-მეთქი. როგორო? – გაიკვირვა, შენ ხომ მწერალთა კავშირში ოპერატორად მუშაობო?!
კი, ოღონდ ხელფასს აგვიანებენ-მეთქი… – მეც ვიხუმრე…
უახლოეს ხანში, ასევე სერიოზულად ვაპირებ საბავშვო სტუდიის ჩამოყალიბებას.
– მწერლები ახსენეთ და… უკვე ძალიან დიდი არქივი გაქვთ…
– მემატიანეო, ამბობენ ჩემზე. ფირზე ვიღებ ყველაფერს და მართლა სამახსოვროდ რჩება ავტორსაც. შემოქმედთან მუშაობა მართლა ძალიან საინტერესო პროცესია…
შეიძლება ადამიანს შეხვდე და საინტერესოდ არ მოგიყვეს ამბავი, მაგრამ იმხელა ემოცია მოდის, მონაყოლს ჯობია. ტარიელ ხარხელაურმა რომც არაფერი თქვას, როდესაც ამ ადამიანს ხვდები, იმხელა ენერგიას, სითბო მოდის… საინტერესოა თავისთავად შეხვედრა. კითხვებს კი არ ვაძლევ მათ, ჩანახატს სპონტანურად ვიღებ… მე ჩემებურად ვკითხულობ მათ ტექსტებს და ასე ვთქვათ, სულს ვიკლავ…
– 5 ფილმი: „მკვდარი ქალაქის ანგელოზები“, „ღმერთის შვილები“, „ფიონი“, „მერცხლების ქალაქი“, „ზეცის მარგალიტები“ გადაიღეთ…
– „ღმერთის შვილები“ და „ზეცის მარგალიტები“ 2002 წელს ტელეკომპანია „202“-ის კინოფესტივალზე ვაჩვენე. მობილურების ზარით უნდა გამოვლინებულიყო გამარჯვებული. ორივე ფილმმა პირველი ადგილი აიღო იმ ჩვენების შემდეგ. ჯილდოდ ნიღაბი მაჩუქეს და რესტორან „ფაეტონშიც“, რომელიც მაგრად მიყვარს, სუფრა გამიმზადეს.
„ზეცის მარგალიტებში“ სოციალური ფენის ცხოვრება ავსახე, „ღმერთის შვილები“ კი – აფხაზეთის ტკივილზეა. გამიხარდა, რომ ამ ფილმებმა დიდი გამოხმაურება მიიღეს.
პირველი ფილმი „მკვდარი ქალქის ანგელოზები“, რომელიც უპოვარ ბავშვებზეა და რომელშიც ბიძინა ჩხეიძე და ვანიჩკა საყვარელიძე მონაწილეობენ, 2000 წელს კინოს სახლში ვაჩვენე და დიდი რეზონანსი ჰქონდა.
– ამჟამად ახალ ფილმზე მუშაობთ…
– პირობითად „ნევროზია“ შეიძლება ეწოდოს, რომელშიც სამი ნოველა შევა, ერთია „მოჟღურტულე ბეღურები“, ვფიქრობ, რომ თემურ ჩალაბაშვილი გადავიღო. მეორე – „მზის დარტყმა“ და მესამე – „ჩიტირეკია“.
ანუ სამი ნოველა და სამი ამბავია.
„ჩიტირეკიაზე“ მკითხეთ – კაცს, მიუსაფარ სახლში, რომელსაც არც ჭერი აქვს და ნანაგრევებში ცხოვრობს, ჩიტები აღვიძებენ. მან დაამთავრა უნივერსიტეტი, სადაც არის ლანძღვა-გინების და სტვენის კათედრა. მისი პროფესორია კახი კავსაძე.
იგი ფიზიკის დიდი აუდიტორიაში ყველას გადასცემს დიპლომებს.
ფილმში სხვადასხვა ტიპაჟს შეხვდებით. ერთ-ერთი ტიპაჟი არის ეს კაცი, ასევე გაჩერებაზე გაცნობილი ფუფულას მსგავსი ქალბატონი…
მათი ტანდემი დგება. ხელკავით და სტვენა-სტვენით მოდიან გამზირზე, ამ დროს ისმის ბავშვის ტირილი, სტვენა წყდება, შეხედავენ, ნაგვის ბუნკერში გდია მიტოვებული ბავშვი.
აიყვანენ ამ ბავშვს, ეფერებიან, აკეთებენ ნავსაყუდელს ისლით გადახურულ თავიანთ ქოხში, სადაც დგას ნავთქურა, ადუღებენ ჩაის… თან არც ჭერი და გვერდები აქვს ამ ისლით გადახურულ სახლს, მაგრამ ფუსფუსებენ და ჟღურტულებენ.
ფილმში ექიმი ოპერაციას აკეთებს სტვენა-სტვენით, მასწავლებელი გაკვეთილს ხსნის სტვენა-სტვენით, ავტობუსის მძღოლი მიდის სტვენა-სტვენით. კონტროლიორი ადის ავტობუსში სტვენა-სტვენით…
მამაკაცი და ქალბატონი კი ამ ბავშვს შესციცინებენ და ისევ ისმის ჩიტების სტვენა, რომელიც გადადის ქალაქის ხეებზე, ირგვლივ ჟრიამულია, ჟღურტულია, გაზაფხულზე რომ იცის ხოლმე ჩვენთან. თითქოს ჩიტების ბაზარია… ქალაქის ხედი ტრიალებს, ამოყირავდება გლობუსში, და გლობუსის ფონზე ისმის ჭიკჭიკი…
– ქალბატონ მანანა ზაზიკაშვილის რედაქტორობით თქვენი წიგნი გამოიცა…
– ქალბატონი მანანა ზაზიკაშვილი ასე გავიცანი: 5-6 წლის ამბავია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქუჩაში, ალექსანდრეს ბაღში ვცხოვრობდი. ზეცა იყო ჩემი თავშესაფარი.
მივედი რეჟისორ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილთან და ვუთხარი, ქუჩის რეჟისორებს როდის გვეშველება-მეთქი? რაო, რას ამბობო? ვწვალობ და გამნათებლად დამაწყებინე მუშაობა-მეთქი.
იმავე დღეს ხელი გამიმართა… ოთახიც მომეცით-მეთქი, იმან გაიგო, სამუშაო ოთახს ვითხოვდი, წამომყვა და მენეჯერს უთხრა, მიეცითო. დაჯდეს მაგიდასთან და გააკეთოს, რაც უნდა და ხელფასს გადავუხდიო.
ბატონო გოგი, ეს ოთახი კი არ მინდა, კუთხე მინდა, კუთხე, რომ დავწვე, დავიძინო-მეთქი. როგორ, სახლი არ გაქვსო? არა-მეთქი, ხან ალექსანდრეს ბაღში, ხან ბიძაშვილებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან… მეძინა… კაკო ყაჩაღივით დავდიოდი. ამ კაცმა მომცა სახლი და იქ დავიწყე ცხოვრება…
გავიხედე და მანანა უყურებს ჩემს მუშაობას, აკვირდება, რომ დავდივარ ბაღში, ბავშვებს ვაგროვებ, რაღაც ფილმებს ვიღებ, მოვიდა მანანა და სიყვარულით გადამრია… ადამიანი უყვარს, მეც მიყვარს ადამიანები და უნდა გვიყვარდეს. ასე გააკეთა წიგნი, სადაც ჩემი პიესაც შევიდა…
კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა და ჩემი ეს პიესა ათ გამარჯვებულს შორის მოხვდა.
– ფილმი „მერცხლების ქალაქი“ წინა ხელისუფლებაზეა…
– წინა ხელისუფლების უჭკუობას და სისულელეებს მივუძღვენი. ქალი ადის სასაფლაოზე, ვარდებს საყვარელ ადამიანს ულაგებს. ეიფორიაში ჩავარდნილი ხალხი მიდის, ვარდებს იღებს და რევოლუცია, რევოლუციაო… თამაშობენ. სიუჟეტში მრავალი ამბავია ჩართული… განზოგადებულია, რომ ჩვენ – ყველანი მერცხლები ვართ. ეს ჰაერი, დედამიწა, ეს კუთხე ყველას გვეყოფა, რომ ყველას თავისი ადგილი გვქონდეს და ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ… იქ ჩიტმა უსტვინოს, იქ ნიკომ იგიჟოს და ა. შ.
– ფილმი „ფიონი“ გარდაცვლილი მეგობარი პოეტის – რამაზ ბერაძის სიტყვებით იწყება…
– მე, რამაზი და სოსო ნადირაძე ვმეგობრობდით. ახლაც მახსოვს რამაზის სიკეთე, როგორ დამიდგა გვერდში დეპრესიის დროს და ლუკმა პურს ვიყოფდით…. იმ პერიოდში საღამო ჰქონდა და წიგნი გამოვიდა… სწორედ მაშინ გადავიღე ეს ფილმი და რატომღაც მისი წიგნიდან დავურთე ფინალს ტექსტი.
– „ფიონი“ რას ნიშნავს?
– სულხან-საბას განმარტებით „მთიდან მონაბერ“ ნიავს ნიშნავს. მე ჩემებურად დავამატე, ეს ნიავი ადამიანებს იმიტომ ესალბუნება, შეგვახსენოს, რომ ჩვენი ცხოვრება სიზმარია… რამდენად გადმოვეცი სათქმელი, არ ვიცი… მნახველმა შეაფასოს…
– ოცნება?
– ფიქრები მაინც გეთქვა… ხომ ხედავ, ოცნება როგორ გაშარჟდა? ყოველდღე ვოცნებობ… ახალი წლის ნაძვის ხესავით გაბრჭყვიალებულ სიტყვებს გეუბნები – არა მარტო მე მქონდეს შუქი, არა მხოლოდ მე და შენ, არამედ ყველას შუქი და ორიოდე პური არსობისა გვქონდეს!.. რომ ვისუნთქოთ. მე არ ვიძახი, რომ ყოველ ზაფხულს წავიდე ზღვაზე, არა! იმის საშუალება მქონდეს, რომ ჩავიდე მამაჩემის და დედაჩემის საფლავზე და კვერცხები ავაგორო. იქიდანაც რომ ჩამოვიდე, იმის ელემენტარული საშუალება მქონდეს.
ოცნება კიდევ ის არის, რომ ყველამ კარგად ვიცხოვროთ… უკვე 21-ე საუკუნეა და თუ ევროპელები გავხდით, საზღვარგარეთ წასვლის კი არა, აქედან რუსთაველზე რომ გამოვიდე, იმის საშუალება უნდა მქონდეს… სირცხვილია, ბოლოსდაბოლოს…
– საყვარელი რეჟისორი?
– ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ფრანსუა ტრიუფო, ჟაკ ლუი გოდარი, ბერგმანი, მილოშ ფორმანი…
ჩარლი ჩაპლინი ჩემი კერპია, ხალხს აცინებდა და მის ბიოგრაფიას რომ ვკითხულობ, თვალები ცრემლებით მევსება…
ქართველი რეჟისორებიდან ბრწყინვალე რეჟისორი იყო თენგიზ აბულაძე, „ნატვრის ხე“ რჩება ჩემს საყვარელ ფილმად ქართული ფილმებიდან.
– ქართველი მწერლები…
– თავის დროზე, როცა იგივე შეკითხვა დამისვეს, რეზო ჩხეიძე და გიორგი შენგელაია გადავრიე, რევაზ ინანიშვილი და დოსტოევსკი მიყვარს-მეთქი…
ორივე ადამიანს დღემდე დიდ პატივს ვცემ… არ ვიცი, რატომ მაინცდამაინც ეს ორი, მაგრამ რეზო სულ სხვაა… ამას წინათ, რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის დაჯილდოებაზე მისი მეუღლე მოვიდა ჩემთან… იცი, ჩემი სული როგორ ყიოდა, ინანიშვილის პრემია რომ გავიგე… ჟურნალი „ანეული“ რომ გამომატანე და რეზოს ციტატები წავიკითხე, ფეხები მეკეცება, რაღაც მომდის.
გოდერძი ჩოხელს ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ რომანი „მგელი“ საოცარი წიგნია. მისი პირველი ფილმის „ადგილის დედას“ დიდი წარმატება, სწორედ რეზოს დამსახურება იყო, ვისი ნოველის მიხედვითაც გადაიღო გოდერძი ჩოხელმა. რეზო ინანიშვილი ჯერ კიდევ იქიდან მიყვარს.
– წიგნის კითხვა გიყვართ…
– წიგნი კინოზეც, თეატრზეც, მუსიკაზეც მეტია… სხვა ხიბლი აქვს… სხვა სულიერი ღირებულებისაა…. არაფრისმთქმელი წიგნიც კი რაღაც საფიქრალს ტოვებს, ჩემი სულიერი საკვები იყო „ლიტერატურულ საქართველო“, რომელსაც ყოველ პარასკევს ველოდებოდი.
– ოჯახი…
– ძმა ალექსანდრე 15 წლით ჩემზე უფროსია, და – ანა, 10 წლით. ძმის შვილებს – ლია და ლევანი ჰქვიათ, ლევანსაც თავის მხრივ ორი შვილი – ნანუკა და ლევანიკო ჰყავს.
მეც ორი შვილი – ბექა და თიკო.
– „აღარც კანი და ვენეცია მესიზმრება და არც „ოსკარი“ მაბოდებს. მთავარია, რომ თვითეული ადამიანი მართლა ბედნიერი იყოს. არადა ბედნიერება ჩვენზეა დამოკიდებული“… – ეს სიტყვები ადრე თქვით… ამ გადასახედიდან, რას იტყოდით?
– დედის სულს ვფიცავარ, ყველა, ღმერთმა ისეთ ადამიანებს შემახვედრა, სულიერად გამამდიდრა…. ამ დროს სადღაც ზევით ვარ ხოლმე… საზოგადოებამ ძალიან თბილად მიმიღო და ეს ჩემთვის იცი, რამხელა სიხარულია…
ჩვეულებრივი ადამიანი ვერ, რომელიც საყვარელი საქმით ვსუნთქავ.
მინდა, რომ გენერალი გავხდე, ოღონდ ჩემს საქმეში. თუ გავხდები, გავხდები, თუ არადა, უფალს მაინც მადლობას ვეტყვი…
მადლობელი ვარ დედის და მამის, რომ ამქვეყანაზე მოვედი, დავინახე. იმ დღეს ვიყავი ქალბატონთან, რომელიც 15 წელია ჩაწოლილია და წიგნებს წერს, ფეხზე არ ამდგარა… მასთან შედარებით მე რამდენად ბედნიერი ვარ, რომ ფეხით დავდივარ… მართალია გზის ფული არ მაქვს, მაგრამ რომ არ ვწევარ და არ ვარ მიჯაჭვული, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? ღმერთმა დამიფაროს, სიგარეტის ფულს და პურს არსობისას უფალი ყოველდღე მაძლევს…
ერთ რამეს ვაკვირდები, როცა ვწუწუნებ, რატომ არ მაქვს ფული, შინაგანად ვიბოღმები. როცა არაფერზე ვფიქრობ, მოვდივარ და უცებ ბეღურა აჟივჟივდება და რაღაც სიხარული მოდის. დაილოცოს, უფალო, შენი ყოფნა ამქვეყნად, რომ ადამიანებს ასე გვახარებ. ფიქრობ და არ არი, არ ფიქრობ და არი, – აი ცხოვრების კანონზომიერება…
ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ვცხოვრობ სულიერებით, მინდა, რომ კაცად დავრჩე. ამქვეყანაზე არაფერი იკარგება უკვალოდ, ფელინის ფილმი მახსენდება, ამ სამყაროში კენჭიც კი ტყუილად არ არის დაგდებული… ყველას ჩვენი მისია გვაქვს დაკისრებული.
თამარ შაიშმელაშვილი