„დათოს თავისმა მოსწავლეებმა „სულის პეპელა“ უმღერეს უკანასკნელად “… – ეს სიმღერა გოდერძი ჩოხელს განსაკუთრებულად უყვარდა
სიღნაღის რაიონში პედაგოგის ოჯახში დაიბადა. უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მომავალი მეუღლე – დავით კერესელიძე შემთხვევით ღონისძიებაზე გაიცნო, აღმოჩნდა, რომ რაჭიდან იყო წარმოშობით და მის ოჯახში ყველა მღეროდა.
მამა – ექიმი, ლოტბარი და კომპოზიტორი ვახტანგ კერესელიძე იყო. მალევე დაქორწინდნენ… დავით კერესელიძე შესანიშნავად მღეროდა, მოსწავლეებს ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს აყვარებდა… წერდა სიმღერებს. ბოლოს ანსამბლ „პატარა ერისიონის“ ხელმძღვანელი გახდა… და მათაც სიყვარულით აზიარებდა ქართულ მუსიკალურ კულტურას… შვილებიც – ბაჩო და თამარი ქართული მუსიკის სამყაროში გაიზარდნენ.
მაგრამ ბედმა არ აცალა მუსიკალური საქმიანობის ბოლომდე მიყვანა, მოულოდნელად გულმა უღალატა…
9 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დავით კერესელიძის ხსოვნის საღამო გაიმართება… – პედაგოგის და პოეტის, ნინო ზედელაშვილის პერსონა.
– დავიბადე სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში, ჩემი მშობლები იყვნენ რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგები, მამა: სპორტსმენი, საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში, სიღნაღის რაიონში კლასიკური ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი – ხოშტია ზედელაშვილი. დედა: რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი, მრავალი თაობის აღმზრდელი.
სკოლა წარჩინებით დავამთავრე, ვიყავი არაერთი ოლიმპიადის და კონფერენციის გამარჯვებული. ძალიან მიყვარდა ბიჭებთან ერთად თამაში, მათსავით ვიბრძოდი თამაშის დროს. ბავშვობიდან დამამახსოვრდა ბებია, რომელიც თავის მოწყობილ სამლოცველოში მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა, ძალიან გრძელი ნაწნავი ჰქონდა და განსაკუთრებულ კადრად ჩამრჩა მეხსიერებაში. უამრავი სტუმარი მახსოვს ჩემს სახლში, რომელიც ახლა ცარიელია და – მოფუსფუსე, მკაცრი და ძალიან მზრუნველი დედა.
– სტუდენტობა…
– სკოლის შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები. უნივერსიტეტიც წარჩინებით დავამთავრე და მამაჩემის თხოვნით და სურვილით დავბრუნდი სიღნაღში. ვმუშაობდი ხირსის რვაწლიან სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. მალევე ამირჩიეს სიღნაღის რაიონის ახალგაზრდა მასწავლებელთა რაიონული საბჭოს თავმჯდომარედ, ამ პერიოდში არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარე.
– ერთ–ერთი ღონისძიების დროს გაიცანით მომავალი მეუღლე… ანუ სიმღერა გახდა თქვენი გაცნობის მიზეზი…
– ერთ-ერთი ღონისძიებისას, რაიონის შემოქმედებით ახალგაზრდობასთან შეხვედრის დროს გავიცანი დათო კერესელიძე. პირველივე შეხვედრაზე დავმეგობრდით. სუფთა ბუნების იყო, გულღია და მასთან ურთიერთობაში არანაირი ბარიერი არ არსებობდა. ეს საღამო ძალიან კარგად ჩატარდა და მაშინ საჯაროდ, ღონისძიების დროს დავუსვი კითხვა, გაითვალისწინებ თუ არა მეუღლის არჩევის დროს მის მუსიკალურ მონაცემებს-მეთქი. დათომ მიპასუხა, აუცილებლადო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ შეცდა, მთელი ოჯახი მღეროდა – დედა, მამა, და. მე მაგ საკითხში ვერ აღმოვჩნდი კომპეტენტური.
– დავით კერესელიძე ონში გაიზარდა. მამამისიც მღეროდა. 9-10 წლის იყო, პირველად რომ გამოვიდა სცენაზე…
– დათო ონში დაიბადა და გაიზარდა. 8 წლის ასაკში უკვე 80-კაციან გუნდთან ერთად იდგა სცენაზე. მე-9 კლასამდე თბილისში სწავლობდა, შემდეგ ონში გააგრძელა და დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა.
დათოს მამა, ვახტანგ კერესელიძე ექიმი, ლოტბარი და კომპოზიტორი, არაერთი ლამაზი სიმღერის შემქმნელი და შემსრულებელი იყო. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის, რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდის, დუშეთის საავადმყოფოს ქირურგი და იქაური ანსამბლის ხელმძღვანელი, სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ქირურგი და ხალხური სიმღერის გუნდის, „მრავალჟამიერის” ხელმძღვანელი.
– ვახტანგ კერესელიძეს ეკუთვნის სიმღერა „ერთხელ გაკოცე“, მაგრამ უმეტესმა მათგანმა არ იცის ავტორი...
– ეს სიმღერა მრავალი თაობის საყვარელ სიმღერად იქცა… დათო მამამისთან ერთად ყოველთვის აქტიურად მღეროდა. ჩააბარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში და სწავლასთან ერთად, მღეროდა ინსტიტუტის მუსიკალურ გუნდში, უკრავდა ხალხურ საკრავთა ორკესტრში (ხელ-ლი დალი კანდელაკი).
– სწორედ ამ პერიოდიდან იწყება დავით კერესელიძის აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა…
– ქალბატონ დალის დათო მთელი ცხოვრება მიიჩნევდა დიდ მასწავლებლად და ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იხსენიებდა და საუბრობდა მასზე. ინსტიტუტში მარინა შანიძესთან და ბესიკ ღვინაშვილთან ერთად მღეროდა ტრიოში, რომელიც არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა.
ამ პერიოდში დათო უკვე წერდა საკუთარ სიმღერებს. მოგვიანებით, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ წავიდა სიღნაღში, მუშაობდა სოფ. რამის სამეცნიერო საცდელ სადგურში მეცნიერ-მუშაკად და პარალელურად განაგრძობდა მუსიკალურ საქმიანობას. სოფ. ტიბაანში ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, რომელსაც არავინ დაუტოვებია გულგრილი. ასევე ჰქონდა ქალაქური სიმღერების ტრიო და იყო სიღნაღის სახალხო თეატრის მსახიობი და მუსიკალური ხელმძღვანელი. თეატრთან ერთად წარმატებით მოიარა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. საოცარი ორკესტრი, გამორჩეული ბავშვები ჰყავდა ტიბაანში. რომ დავქორწინდით, მაშინაც აქტიურად დადიოდა ტიბაანში და ბავშვებს ამეცადინებდა.
– დათო კერესელიძე „პატარა ერისიონის“ ხელმძღვანელი იყო… ვინ იყვნენ ეს „პატარა ერისიონელები“ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა დათოს მათ მიმართ? როგორ ასწავლიდა სიმღერას?
– ორი წლის მეგობრობის შემდეგ, 1988 წელს დავქორწინდით. საცხოვრებლად გადმოვედით თბილისში და დათომ ვაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დაიწყო მუშაობა, შექმნა ბიჭუნათა ანსამბლი „შავლეგო”. ამავე პერიოდში კომპიზიტორ ავთო შარვაძესთან და მერაბ ვარდოსანიძესთან ერთად მღეროდა ტრიოში.
1993 წლიდან დათო მღეროდა ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონში”. ანსამბლის წევრად 9 წელი იმუშავა და შემდეგ ბატონი ჯემალ ჭკუასელის გადაწყვეტილებით დაინიშნა ბავშვთა ხალხური სიმღერის ანსამბლ „პატარა ერისიონის” ხელმძღვანელად. სიმღერის გარდა მათ ასწავლიდა ქართულ საკრავებზე დაკვრას და ხუმრობითაც ამბობდა, ჩემზე უკეთესად უკრავენო.
დათო არასდროს ყოფილა მკაცრი მასწავლებელი, უყვარდა თავისი საქმე, თავისი მოსწავლეები და ამ სიყვარულს თითოეულ ბავშვს უნაწილებდა, რაც ნათლად ჩანს დღესაც. მისი გაზრდილი ბიჭები აქტიურად მღერიან, აქვთ უდიდესი სიყვარული სიმღერის, ერთმანეთის და დათო კერესელიძისადმი. ზოგი მათგანი თვითონ გახდა ლოტბარი.
– იყო ასეთი შემთხვევა, დავით კერესელიძის მოსწავლე შემთხვევით დააპატიმრეს და ციხეში მგალობელთა გუნდი შექმნა… პატიმარმა იქ თავისით ისწავლა ნოტები „შენ ხარ ვენახის“ მიხედვით…
– ძალიან ცუდი გაუგებრობის გამო დათოს ერთ-ერთი მოსწავლე აღმოჩნდა პატიმრობაში და იქ, ციხეში მოხდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ნიჭიერმა ბიჭმა დათოს ნასწავლი საგალობლის „შენ ხარ ვენახის” საშუალებით შეისწავლა ნოტები, თვითონ ისწავლა სხვა საგალობლებიც, შემდეგ ასწავლა ათობით პატიმარს და იქ, გეგუთის ციხის ტაძარში წირვა-ლოცვა მათი გალობის თანხლებით ტარდებოდა. ამ შემთხვევამ არა მარტო ამ ბიჭის, არამედ ათობით პატიმრის სულიერება გადაარჩინა. დათო ყოველთვის ამაყობდა ამ ბიჭით!
– ანსამბლ „პატარა ერისიონის” გარდა თქვენი მეუღლე ტრიო „თილისმაში” მღეროდა, ნონა ნაჭყებიასთან და ქეთი ფაილოძესთან ერთად. თითქმის ყველა სიმღერა თქვენს ლექსებზე იყო დაწერილი. ერთ ინტერვიუში დათო ამბობს, რომ „ნინო მუსიკალურად არა, მაგრამ პოეტურად ჩართული იყო ამ საქმეშიო“…. რომელი სიმღერა გიყვართ განსაკუთრებულად?
– ტრიო „თილისმა” დათოსთვის ყველაფერი იყო. ყველაზე ბედნიერი დღეები, ულამაზესი კონცერტები, დათოს მუსიკაზე და ჩემს ლექსებზე შექმნილი უამრავი სიმღერა… სიმღერის შექმნის პროცესი ორივეს დიდ სიხარულს და სიამოვნებას გვანიჭებდა. მენატრება ის დღეები, როცა ლექსის და მუსიკის საოცარი შერწყმით იბადებოდა ულამაზესი სიმღერები. დათო, ბუნებით ფაქიზი და დახვეწილი გემოვნების ადამიანი, წერდა ძალიან ლამაზ მუსიკას, რომელსაც არაერთხელ მისცეს უმაღლესი შეფასებდა.
ჩემი და დათოს შექმნილი სიმღერებია: „ჰიმნი მასწავლებელს”, „ჰიმნი ონს”, „ფანტელები”, „მაგნოლიები”, „იასამანი” და სხვ. ერთ-ერთი სიმღერა, „ვედრება” – პატრიარქს უმღერა ანსამბლმა „პოპური”, რომელსაც დათო ხელმძღვანელობდა და ბოლო 5 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა მის ცხოვრებაში.
ძალიან უყვარდა თავისი კუთხე, რაჭა. ყოველ ზაფხულს ონში ბებია-ბაბუის სახლში ატარებდა. იქ ყოფნის დროს აქტიურად იყო ჩართული ონის მუსიკალურ ცხოვრებაში.
ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება ქალაქის სახალხო დღესასწაული „ონელობა”, სადაც სრულდებოდა „ონის ჰიმნი”. ავტორები: ნ. ზედელაშვილი, დ. კერესელიძე. ასრულებდნენ: დათო, ჩვენი ქალიშვილი – თაკო და ანსამბლი „რაჭა”. წელს პირველად შესრულდა სიმღერა დათოს გარეშე, რომელიც ონელებს ძალიან უყვართ.
იგი ონისა და სიღნაღის საპატიო მოქალაქედ იყო არჩეული.
– შვილები – ბაჩო და თამარი მღერიან, ცეკვავენ, ქართული ფოლკლორი აინტერესებთ….
– დათოს შვილებისადმი განსაკუთრებული და თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა. მკაცრი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ძალიან პრინციპული იყო. ბაჩოს დაბადება ულამაზესი სიმღერით მომილოცა – „ცისფერთვალა ანგელოზი”. თაკოს დაბადება ძალიან გაუხარდა, გოგონა უნდოდა. სიმღერის ნიჭი დათოსგან თაკოს გამოჰყვა. ბაჩო მე მგავს, არ მღერის, მაგრამ კარგი სიმღერის ფასი იცის. ორივე ქართული მუსიკის სამყაროში გაიზარდა. თაკომ აქტიური სიმღერა გვიან დაიწყო. ჯერ ფანდურზე დაკვრა ისწავლა, მერე ამღერდა, და ბოლოს, საოცრად ლამაზი სიმღერები დაწერა, რაც დათოს ძალიან ახარებდა. შექება არ სჩვეოდა, უბრალოდ თვალებში დიდი სიხარული ჩაუდგებოდა და სასწრაფოდ იწყებდა სიმღერის ხმებში გაშლას. 5 წლის წინ დათომ შექმნა ანსამბლი „პოპური”, სადაც თაკო დღემდე მღერის.
ბაჩომ მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად. მაინც ხელოვნების სფეროში უწევს საქმიანობა.
– როგორ გრძელდება ცხოვრება დავით კერესელიძის გარეშე?
– გოდერძი ამბობს: „სიკვდილი ადამიანად არ ყოფინის სევდაა”.. ფიზიკური არ ყოფნა დიდ სულიერ ტკივილებსაც იწვევს. ვცდილობთ, გავუმკლავდეთ. დათო განსაკუთრებული ნიჭიერების, სიკეთის და სიყვარულის ადამიანი იყო. მასთან გატარებული წლები იმდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და სიხარულიანი იყო, რომ თითქოს მიმსუბუქებს კიდეც ამ მდგომარეობას ყველა ის მოგონება, რომლებიც იმ წლებში დარჩა. მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ უმისოდ ცხოვრება ადვილია.
– 9 აპრილს გაიმართება დავით კერესელიძის ხსოვნის საღამო…
– “ერისიონში” მუშაობის პერიოდში ყოველთვის დარდობდა ერთ ფაქტზე. ანსამბლის ტრადიციის მიხედვით ყოველი წევრის დაბადების დღეზე მღეროდნენ „მრავალჟამიერს”.
დათოს დაბადების დღე, 9 აპრილი დასვენების დღედ არის გამოცხადებული და ამიტომ არასდროს მოუწია, რომ ანსამბლს მისთვის ემღერა. მაგრამ, ბოლოს, დაკრძალვის დღეს, დათო ანსამბლმა „ერისიონმა” და მისმა მეგობრებმა „მრავალჟამიერით“ გააცილეს.
ეს სიმღერა შესრულდება დათოს მოსწავლეების, პატარა „ერისიონელების“ მიერ დათოს შემოქმედებით/ხსოვნის საღამოზეც, რომელიც 9 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება და სიამოვნების მიღება კარგი ქართული სიმღერით. იმღერებენ ანსამბლები: “პოპური”, „დავითიანი”, “რაჭა”, “პატარა ერისიონი” და იქნება ჩანაწერები ტრიო „თილისმის“ რეპერტუარიდან.
– გოდერძი ჩოხელს ახლოს იცნობდით და მასზე წიგნი დაწერეთ, „ნაწილიანი“, რომელიც უმალ გახდა პოპულარული… ვიცი, რომ სამომავლოდ კიდევ აპირებთ გოდერძი ჩოხელზე წიგნის დასტამბვას...
– ღმერთმა წყალობა მოიღო და საშუალება მომცა, ჩვენი დროის უდიდეს შემოქმედთან, გოდერძი ჩოხელთან ურთიერთობის და მეგობრობისა. გოდერძიზე მოგონებების წიგნი “ნაწილიანი” მისი გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. წიგნის მიზანი იყო, რომ დარჩენილიყო და ხალხს გაეცნო დოკუმენტური მასალა მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ქართველ ხალხს სცოდნოდა ისეთი გოდერძი, როგორსაც მე ვიცნობდი და მიყვარდა. „ნაწილიანის“ გამოსვლის შემდეგ დაგროვდა ბევრი და საინტერესო მასალა.
ძალიან მალე მკითხველს წარვუდგენ ახალ წიგნს – „დარდების შემგროვებელი”, სადაც შესულია რეზო ჩხეიძის, მზექალა შანიძის, ბუბა ხოტივარის, ტარიელ ხარხელაურის და სხვათა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წერილები.
პარალელურად ვმუშაობ ლექსების კრებულზე – „ჩემი შვილები ცეკვავენ ქართულს”, რომელიც დათოს მიეძღვნება.
2005 წლის 9 აპრილს გოდერძი ჩოხელი დათოს დაბადების დღეზე მოვიდა, მაშინ უკვე აღარსად დადიოდა… სასწაული საღამო იყო.
გოდერძის უყვარდა დათო, ამბობდა, ასე მგონია, მთელი ცხოვრება ვიცნობო. ის ხომ გულით გრძნობდა სუფთა ადამიანებს, დათოს კიდევ ბავშვივით სუფთა სული ჰქონდა.
ორი სიმღერა დაწერა დათომ გოდერძის ლექსებზე – ,,მოვა თოვლი” და ,,სულის პეპელა”. უამრავი სიმღერის ავტორს, „სულის პეპელა“ განსაკუთრებით უყვარდა… სწორედ „სულის პეპელა“ უმღერეს დათოს თავისმა მოსწავლეებმა, სანამ ჩაასვენებდნენ…
თამარ შაიშმელაშვილი