„ნემსიყლაპიამ მიმახვედრა, რა იყო ჩემი მოწოდება“… – თინიკო თევდორაძის ორიგინალური ჩანთები
უდარდელი ბავშვობიდან მოდის. თუმცა ბნელი და ცივი 90-ანებიც გამოიარა, თეთრ ხალათზე სწორედ ბავშვობიდან ოცნებობდა, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტიც გახდა, მაგრამ მერე რატომღაც ისე მოხდა, რომ ექიმობა მისი მოწოდება არ აღმოჩნდა.
მოსწონს, რომ მოყვარული დიზაინერია და „თინას ჩანთები“ უკვე პოპულარულია თბილისში… ფერების სიყვარულს ნამუშევრებშიც გამოხატავს, უყვარს ყველაფერი ფერადოვანი. ამზადებს ჩვეულებრივ ჩანთებს, საფულეებს, საკრედიტო ბარათების ბუდეებს, კოსმეტიკის ჩანთებს… ბრენდული ნიშნით – ნემსიყლაპია. „ორივე ძალიან ვიღლებით, მეც და ტყავიც. საბოლოო შედეგით კი ორივე კმაყოფილები ვართ“. – ექიმისა და დიზაინერის, თინათინ თევდორაძის პერსონა.
– როგორც ყველას, მეც უდარდელი ბავშვობა მქონდა. ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, აპრილის ერთ ლამაზ დილას დავბადებულვარ. როგორც მამა მიყვება, ზუსტად ისეთი ვყოფილვარ, როგორიც ოცნებებში წარმოვედგინე (ანუ მისი ასლი). მახსოვს, როგორ მაკვრევინებდა მამა გიტარაზე კანფეტების სანაცვლოდ (თითო სიმღერა თითო კანფეტს უდრიდა). ისიც მახსოვს, მთელი ბავშვობა (და დიდობაც) და-ძმაზე ვოცნებობდი, განსაკუთრებით მინდოდა, ტყუპისცალი მყოლოდა, რომ ერთნაირად ჩაცმულებს გვევლო. მარტოობისგან საკუთარ თავს წერილებს რომ ვწერდი, ეგეც მწარედ მახსოვს. ტყუპისცალი რომ მყავდეს, ახლაც მინდა და ხშირად მე და ჩემი შვილი ერთნაირად ჩაცმულ-დახურულები დავდივართ.
– სკოლის პერიოდი…
– ჩემი სკოლის პერიოდი 90-იან წლებს უკავშირდება, როცა სიბნელე, სიცივე, ნავთის სუნი, ლამპის დაბურული მინა და შეშის ღუმელი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მხიარული თაობა ვიყავით, ამდენი ცუდი არ გვესმოდა… კარგი კლასელები და პედაგოგები მყავდა, ბევრმა მიაღწია წარმატებას სხვადასხვა სფეროში. უმრავლესობასთან ახლაც ვმეგობრობ. ყველაზე კარგად სკოლიდან ქართული ენის გაკვეთილები მახსოვს (მე არ მასწავლიდა, მაგრამ დედაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია და შეიძლება ამანაც მოახდინა გავლენა), გრამატიკა ისე კარგად მახსოვს, რომ რამდენიმე წელიწადი საკმაოდ ცნობილ გაზეთშიც ვმუშაობდი შტატგარეშე კორესპონდენტად და მიხაროდა, კორექტორთან გაგზავნილი ჩემი ტექსტი თითქმის უცვლელი რომ მიბრუნდებოდა.
– რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?
– ვინ არ ოცნებობს თეთრ ხალათზე?.. ყველა პატარა გოგონას საყვარელი თამაშიც ხომ დედობანა და ექიმობანაა. არც მე ვიყავი გამონაკლისი. თან ექიმობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაცაა. ძალიან ბევრი ახლო ნათესავი ექიმი მყავს – როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან.
მეც ვოცნებობდი, ლამაზი, მშვიდი, კეთილი და ძალიან ჭკვიანი ექიმი ვყოფილიყავი. გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა სცენაზე ან კინოში თამაში, თუმცა მაინც ექიმობა ვარჩიე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
ძალიან კარგი, აქტიური სტუდენტობა მქონდა. სტუდენტურ დღეებზე სცენაზე დგომით ვიკლავდი სცენისა და აუდიტორიის წყურვილს. ვცეკვავდი, ვმღეროდი, იუმორისტულ ნომრებში ვმონაწილეობდი.
ბოლო წლებში, როცა უკვე ნამდვილ პაციენტებთან (და უხშირესად ახალშობილ ბავშვებთან) მოგვიწია ურთიერთობა, ძალიან გამიჭირდა. პრაქტიკას სხვადასხვა საავადმყოფოში დღეს ძალიან ცნობილ ექიმებთან გავდიოდით. პალატები ისეთი კეთილმოწყობილი არ იყო, როგორიც დღეს არის, ხალხსაც უჭირდა. ჩვენ კი, ყოველ დილას ერთსა და იგივე პაციენტის ანამნეზის შეკრებასთან ერთად ძალაუნებურად მათი ყოფის მოზიარეებიც ვხდებოდით. მეცოდებოდნენ. ვიტანჯებოდი. სახლში ჩუმად ვტიროდი. ერთი მოხუცი პაციენტი ახლაც მახსოვს… რამდენჯერმე პური და მაწონი რომ მივუტანე, შეფიქრიანებულმა კურატორმა სრული სერიოზულობით მითხრა, შენგან ექიმი ვერ დადგებაო და მეც მივხვდი, სულ სხვაგან მოვხვდი!..
ექიმობა მარტივი არასოდეს მეგონა, ვიცოდი, რა სირთულეებიც მელოდა წინ, თუმცა არ მეგონა, თუ შუა გზაში გული მიღალატებდა. მალევე მივხვდი, ექიმობა მოწოდება უნდა ყოფილიყო და არა პროფესია! სამწუხაროდ, ექიმობა ჩემო მოწოდება არ ყოფილა…
– როდის მიხვდით, რომ ხელოვნებას, უფრო სწორად დიზაინერობას მიანიჭებდით უპირატესობას?
– სკოლის ასაკში ძალიან მიყვარდა ხაზვა და ხატვა. კერვა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე. ბებია (დედის დედა) პროფესიით ბიოლოგია და არაჩვეულებრივად კერავს. მთელი ბავშვობა აღფრთოვანებული ვუყურებდი, სამსახურიდან მოსული დაღლილი ბებია თავის საოცარ ოთახში საათობით როგორ მუშაობდა და შედევრებს ქმნიდა ოჯახის წევრებისთვის. ვგრძნობდი, სიამოვნებდა… ამ ოთახში იდგა პატარა მაგიდა, საკერავი მანქანა, ლამფა და სხვადასხვა ფერის კაბებისგან მორჩენილი ნაჭრებით გამოტენილი რამდენიმე ტომარა. ჩემი და ჩემი ბიძაშვილების საყვარელი საქმიანობა ამ ტომრების გადმოყრა და ყველა ნაკუწის საფუძვლიანი შესწავლა იყო (ალბათ ამიტომაც ერიდებოდა ბებია ყველა შვილიშვილის ერთად მოწვევას).
სწორედ ამ ჯადოსნური ტომრიდან ამოვაძვრინე ერთი წითელი, უჯრულა ნაჭერი, რომელიც ჩემი სულის ნიადაგში ხელოვნების მარცვალივით ჩავარდა. მაშინ მეოთხე კლასში ვიყავი. ბევრი ვიფიქრე და სახლში მოსულმა გულისფანცქალით შემოვაკერე ძველ თმის სამაგრს. მომეწონა. მესიამოვნა. გამიხარდა, რომ გამომივიდა. დავმალე და ძლივს მოვითმინე მეორე დღემდე. დედას ვუთხარი, კლასელმა მოიტანა გასაყიდად და ხომ არ ვიყიდოთ-მეთქი. დაათვალიერა და მითხრა, ვიღაცას ხელით გაუკეთებია, მაგრამ მომწონს, ვიყიდოთო. ძალიან გამიხარდა და მას მერე კერვაც მოვსინჯე. თავიდან დედის ტანსაცმელების გადაკეთება უფრო მიადვილდებოდა, ცოტა უფროს კლასებში კი დამოუკიდებლად კერვაც დავიწყე. მთელი სტუდენტობა ჩემი შეკერილი სამოსით და აქსესუარებით გავატარე. ყოველი შექება და კომპლიმენტი უდიდეს სტიმულს მაძლევდა.
თუმცა ცოდნა ამ სფეროში არასოდეს მიმიღია. დღემდე არ ვიცი ზომების აღება ან თარგის აგება, ლამბსაც კი არ ვხმარობ. მოწონებულ ქსოვილს ვყიდულობ, მოდელს გონებაში წარმოვიდგენ, შემდეგ თვალზომით ვჭრი და პირდაპირ საკერავ მანქანასთან ვჯდები. ამიტომაც მუდმივად, ყველა გადაცემასა თუ პირად საუბარში ვაპროტესტებ სიტყვას „დიზაინერი“, მეუხერხულება, მეც ამაყად ვატარო ეს სახელი იმ ადამიანების გვერდით, ვინც ამ პროფესიას წლები შეალია და დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს.
– ახლა მთლიანად დიზაინერობაში გადაერთეთ… მოყვარული, თვითნასწავლი დიზაინერი ხართ… რას განიცდით ექიმობის მიმართ? ორივეს შეთავსება შეუძლებელი იყო?
– ექიმობა ძალიან მენატრება. ხშირად მესიზმრება, რომ თეთრი ხალათი მაცვია, თუმცა ზუსტად ვიცი, არასოდეს დავუბრუნდები! ექიმის პროფესია ყველაზე დიდი პატივისცემის გრძნობას აღძრავს ჩემში, გული მიჩუყდება და მზად ვარ, ვეთაყვანო ნამდვილ ექიმს, ადამიან-ექიმს, სულით და გულით ექიმს! მე ახლა ჭრილობის დანახვაც მაშინებს…
სამწუხაროდ, ვერ შევძელი, თორემ კეთილი ექიმი ვიქნებოდი, ოპერაციის სანაცვლოდ მიზერულ ხელფასს მოვითხოვდი და არასოდეს ვეუხეშებოდი პაციენტს!..
არ ვნანობ და არ ვამბობ, რომ სამედიცინოზე სწავლაში 6 წელი დავკარგე. ვთვლი, რომ ძალიან დიდი ცოდნა მივიღე, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ოჯახში ძალიან მეხმარება. მე ვარ ჩემი შვილის პედიატრი და ჩემი მეუღლის ოჯახის ექიმი. ძალიან კარგად ვსწავლობდი ლათინურ ენას, რომლის დახმარებით დღემდე ჩემთვის უცნობ უცხო ენაზე ნათქვამიდან შემიძლია, აზრი გამოვიტანო.
– ნემსიყლაპია – ბრენდული ნიშანია. რატომ?
– ნემსიყლაპიას გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში ერთი უცნაური ისტორია აქვს. 2002 წელს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ გულანთებული სტუდენტი ვიყავი და ძლიერ პედიატრობაზე ვოცნებობდი, გამოვიდა ფილმი „Dragonfly“ , რომლის მთავარი გმირი პედიატრი გოგონა დაავადებულთა დასახმარებლად ვენესუელაში მიემგზავრება, სადაც ტრაგიკულად იღუპება. მისი თილისმა იყო ნემსიყლაპია და სწორედ ნემსიყლაპიების საშუალებით ეკონტაქტება თითქოს გარდაცვლილის სული თავის მეუღლეს. ძალიან შთამბეჭდავი ფილმია გასაოცარი ფინალით. მახსოვს, როგორ აღვფრთოვანდი და ყველგან ნემსიყლაპიებს ვიხატავდი: ჩანთაზე, ფრჩხილზე, თმის სამაგრზე, კაბაზე… ცოტა რომ წამოვიზარდე და დავსერიოზულდი, ცოტა მივივიწყე, თუმცა სპეცშეკვეთით დამზადებულ მინანქრის საყურეს მუდმივად ვატარებდი.
2012 წელს კი ნემსიყლაპიამ თავად შემახსენა თავი. მაშინ ონკოლოგიურ საავადმყოფოში ვმუშაობდი. დამთრგუნველი სამუშაო დღის შემდეგ თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ავტოსადგომზე ჩემს მანქანასთან მივლასლასდი და ანტენაზე ნემსიყლაპია შევნიშნე. გავშეშდი. ადრე არასოდეს მენახა. თან შემეშინდა ამ უზარმაზარი მწერის, თან მონუსხულივით მივაჩერდი, ისეთი ლამაზი იყო, ათასფრად ელავდა. ალბათ 15 წუთი მაინც ვაკვირდებოდი და არც განძრეულა, ფოტოებიც კი გადამაღებინა ძალიან ახლოდან.
ველოდე, ველოდე და რომ აღარ გაფრინდა, ჩავჯექი და ძალიან ფრთხილად წამოვედი ბავშვის სკოლიდან გამოსაყვანად. ადგილზე მისულმა მაშინვე ანტენას შევხედე, რა თქმა უნდა, არ დამხვდა და გული დამწყდა, თუმცა სხვას რას ველოდი… სახლში მოსულმა ბევრი ვიფიქრე (ქალებს გვიყვარს რაღაცების ერთმანეთთან დაკავშირება).
იმ დღეს თითქოს ნემსიყლაპიამ თავი შემახსენა, მიმახვედრა, რა იყო ჩემი მოწოდება. ამიტომ სამსახურიდან (რომელიც ძალიან მეამაყებოდა, მაგრამ ტანჯვას მაყენებდა) წამოვედი და მთლიანად ხელოვნებაში გადავეშვი. იმ დღიდან ჩემს ყველა ნამუშევარს ნემსიყლაპია ამშვენებს.
– ამზადებთ საკრედიტო ბარათების ბუდეებს, კოსმეტიკის ჩანთებს და ჩვეულებრივ ჩანთებს, საფულეებს… მუშაობთ ნატურალურ ტყავზე და ხელით კერავთ… რა არის დამახასიათებელი თქვენი ხელწერისთვის?
– ერთხელ მეგობარი ბიჭი მიმტკიცებდა, რომ ტრანსპორტში მდგარ გოგონას ჩემი ჩანთა ეჭირა. მერე სხვამაც მითხრა, რომ იუსტიციის სახლში, რიგში მდგარ გოგონას ჩემი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. იყო კიდევ რამდენიმე შემთხვევა, რაც ძალიან მახარებს. კარგი გრძნობაა, როცა შენს ნამუშევარს ასე ცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნამუშევარს ნემსიყლაპია გარედან არ აქვს.
ძალიან მახარებს ასევე მამაკაცების კომპლიმენტები, როცა მეუბნებიან, რომ „კარგი ნამუშევარია“. ისინი, მართლაც, ნამუშევარს აფასებენ. გოგონებმა კი შეგვიძლია, ნივთი მხოლოდ ფერის გამოც შევიძინოთ. მგონია, რომ მამაკაცები უფრო სხვა კრიტერიუმებით აფასებენ. თავად მე მიჭირს თქმა, რითი ჰგვანან ჩემი ნამუშევრები ერთმანეთს.
ჩემი მოძებნა ფეისბუქზე ძალიან ადვილია – „თინას ჩანთები“ ჯგუფია, რომელსაც 5000-მდე მომხმარებელი ჰყავს. იშვიათად მემატებიან სრულიად უცხო ადამიანები, ყველაზე მეტად მახარებს, როცა მიმოწერაში მხვდება წერილი: „გამარჯობა, მე ნინო ******-ის მეგობარი ვარ, კლუბში თქვენი ჩანთა ეჭირა და ძალიან მომეწონა, შეგიძლიათ მიიღოთ ჩემი შეკვეთა?“
ჩემი ჩანთების 98% ასე იყიდება, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს!
– ტყავთან ჭიდილი – ძალიან შრომატევადი პროცესია, როცა სულ საღებავში გაქვთ ხელები, რასაც ემატება წებოს სუნი და ფიზიკური ძალა… არ იღლებით? როგორ, რის ფასად ახერხებთ, რომ ტყავი დამყოლი გახდეს?
– ტყავთან ჭიდილი და მისი დაყოლიება/მოთვინიერება ძალიან შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო პროცესია. ორივე ძალიან ვიღლებით, მეც და ტყავიც. საბოლოო შედეგით კი ორივე კმაყოფილები ვართ. ტყავთანაც ზუსტად ისევე დავიწყე მუშაობა, როგორც ქსოვილთან მეოთხე კლასში.
მომწონს, რომ თვითნასწავლი ვარ. მომწონს, რომ რაღაც არ ვიცი. ეს საშუალებას მაძლევს, აღმოვაჩინო და გამიხარდეს, ვიწვალო და გამომივიდეს…
თიხაზე მუშაობაც ასევე წლების წინ დავიწყე. მინაზეც.
იცით, სხვადასხვა მასალაზე მომუშავე ხელოვანი ადამიანები ხშირად მთავაზობენ ერთობლივი პროექტის შექმნას, თუმცა, ჯერჯერობით, რატომღაც უარზე ვარ. მომწონს, როცა „მარტო ვმუშაობ“. მახსოვს, ერთ-ერთ პერსონალურ გამოფენაზე სტუმრებს ფურშეტიც ჩემი მომზადებული დავახვედრე და უზარმაზარი ტორტიც (კინაღამ გავწყდი წელში, მაგრამ მაინც)…
– რომელი ფერები გიყვართ და როგორ უხამებთ ფერებს?
– ძალიან მიყვარს ყველაფერი ფერადი. მახსოვს, მამაც უშლიდა დედას შავის ჩაცმას, მეც პატარაობიდან ყველაფერი ფერადი მეცვა. ფერების სიყვარულს ნამუშევრებშიც გამოვხატავ და მაქსიმალურად ვცდილობ (თუ დამკვეთი არ ითხოვს), შავ ტყავზე არ ვიმუშავო.
ბავშვობაში სადღაც წავიკითხე, რომ არსებობს ფერები, რომლებიც ერთმანეთს არ უხდება და მათი შეხამებისგან თავი უნდა შევიკავოთ. მახსოვს, გავბრაზდი და გავაპროტესტე, როგორ შეიძლება ბუნებამ ისეთი ფერები შექმნას, რომ ერთმანეთს არ უხდებოდეს-მეთქი. მგონია, რომ მას შემდეგ ეს პროტესტის გრძნობა მაინც შემომრჩა ფარულად და მუდმივად ვცდილობ, ეს სტერეოტიპი დავამსხვრიო.
– ერთ ინტერვიუში თქვით, რომ მუზა გჭირდებათ, ისე ვერ მუშაობთ… როგორ მოდის მუზა თინიკო თევდორაძესთან?
– მართლაც, ყოველთვის მუზას ველოდები. მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ ვდგამ. ჩემმა ბევრმა მომხმარებელმა იცის ეს და ხშირად მეუბნებიან, არ იჩქარო, როცა მზად გექნება, მაშინ შემეხმიანეო. ესეც მოწმობს იმას, რომ მე დიზაინერი კი არა, მოყვარული ხელოვანი ვარ.
მქონია შემთხვევა, სასწრაფო შეკვეთა იყო და მუზას ვერ დაველოდე, შედეგად არაფერი გამომივიდა… მომხმარებელი, რომელიც იცნობს ჩემს ნამუშევრებს (თავად ან მისი ოჯახის წევრს აქვს), ხშირად ასეთ შეკვეთას მაძლევს: მეუბნება ზომას, ფერს, სტილს და ყველაზე ტკბილ სიტყვებს: „დანარჩენში გენდობი!“ ასეთ შეკვეთაზე მუშაობა მთელი სიამოვნებაა, ერთი ამოსუნთქვით ვაკეთებ! არის ისეთი შეკვეთებიც, როცა უცნობი ადამიანი, რომელმაც ტელევიზიით ან ფეისბუქით შეიტყო ჩემ შესახებ და ყველაფერს მაინც უნდობლობით ეკიდება, ასეთი მომხმარებლები ყველაზე იაფიანი ნივთის უმცირეს დეტალზეც კი ჯვარს გაცვამენ და ათასჯერ გადათქვამენ, თუმცა საწუწუნო არაფერი მაქვს. ყველა მომხმარებლის დიდი მადლობელი ვარ ნდობისა და გულშემატკივრობისთვის.
– ხელნაკეთი ჩანთების გარდა, კიდევ რას ამზადებთ? სამკაულებსაც?
– ვამზადებ, ვქსოვ და ვკერავ ყველაფერს. სახლისთვის მხოლოდ საჭმელს და აპარატურას ვყიდულობთ, გარდერობისთვის კი, მხოლოდ ფეხსაცმელს და სუნამოს.. ავეჯსაც კი მე და ჩემი მეუღლე ჩვენი დიზაინით და ხელით ვაკეთებთ. სახლში ყველაფერი ჩემი გაკეთებული გვაქვს – თეთრეული, ფარდები, სუფრა, ჩემი და ბავშვის ზამთრისა თუ ზაფხულის ტანსაცმელი, სამკაულები, ჩანთები, აქსესუარები… დაბადების დღეზე ხშირად მებუზღუნებიან ახლო მეგობრები, შენ რა უნდა გაჩუქოთო? სუნამოები მაჩუქეთ, არ მოგერიდოთ! ვგიჟდები სუნამოებზე… ყველა შეფუთულ საჩუქარში მხოლოდ სუნამო წარმომიდგენია!
– მაისში გამოფენისთვის ემზადებით და 100-მდე ნამუშევარი გამოიფინება…
– ჩემი ყოველი გამოფენა, ჩემი ფიქრების და ემოციების საჯაროდ გამოფენაა… საოცარი განცდაა, მაგალითად როგორც დიასახლისი ელოდება სტუმრებს და მისი გამზადებული კერძების დაგემოვნება/შექებას, აი ეგრე ვარ ყველა გამოფენაზე და მგონია, რამდენი გამოფენაც არ უნდა გავმართო, სტუმრების მოსვლისას, მაინც ყოველთვის ისე ამიფანცქალდება გული, როგორც პირველად. ყველა ახალი პროექტი დიდი გამოწვევაა და მზად ვარ ხოლმე, თავით გადავეშვა.
ახლახან დამიკავშირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. თურმე მის მეგობარს ჩემი ნამუშევარი აქვს და ძალიან მოეწონა.
ვისაუბრეთ, დავმეგობრდით და ერთობლივ პროექტზე ვიწყებთ მუშაობა, რომლის მიზანი იქნება, ჩავრთოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე ხელი შევუწყოთ თვითრეალიზებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში.
– როგორ უნდა აირიდოს ხელოვანმა პლაგიატი, რაც ასე ხშირია დღეს?
– პლაგიატორობა ძალიან უღირსი საქციელი მგონია. სამწუხაროდ ამ საკითხში ძალიან მწარე გამოცდილება მაქვს. ნამუშევრის იდეას კი არა, ნამუშევარსაც ითვისებენ და სპეციფიკაციაც კი ზუსტად აქვთ გადაკოპირებული.
სულ ვცდილობ კომენტარი და ნამუშევრის აღწერილობა გამართული ლიტერატურული ქართულით დავწერო ჯგუფში, შემდეგ ამ ტექსტს (წერტილ-მძიმით გადაკოპირებულს) რომელიღაც ონლაინმაღაზიის საიტზე ვხედავ…
ზუსტად ახლახან იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ერთმა გოგონამ (რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ სცემს პატივს), ჩემი იდეა კი არა, პირდაპირ ნამუშევარი მიითვისა და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავის ნამუშევრად ასაღებდა!
რა თქმა უნდა, დამთხვევები არსებობს როგორც ხელოვნებაში, ასევე ლიტერატურაში, მუსიკაში, ბევრ სხვადასხვა სფეროში. სავსებით შესაძლებელია, მე აქ და ვიღაცას ცხრა მთას იქით ერთი და იგივე იდეა დაგვებადოს, თუმცა, როცა ზრდასრული ადამიანი ჩემს ნამუშევარს თავის ნემსიყლაპიებიანად უნიჭოდ დააკოპირებ, ძალიან ცუდი საქციელია და დაცინვის ღირსი ხარ!
კულინარია ძალიან მიყვარს, მაქვს ჩემი პაწია ბლოგი და საკუთარ რეცეპტებს ვაქვეყნებ ფოტოებთან ერთად. იყო შემთხვევა, დავდე საფირმო (ჩემი მოგონილი) რეცეპტი სახელწოდებით: „ბლომანჟე ბეილისით“, რომელიც ძალიან მალე იმდენმა ბლოგმა და ვებგვერდმა დააკოპირა, რომ აზრიც არ ჰქონდა გაპროტესტებას. არცერთ მათგანს სახელი და გვარის მიწერა აზრად არ მოსვლია. ასეთი საქციელი ძალიან საწყენია…
– ოჯახი სიყვარულით შექმენით… იუთუბიზე ფილმიც არის გადაღებული თქვენს სიყვარულზე…
– ჩემი მომავალი მეუღლე ეზოში ბადმინტონის თამაშის დროს გავიცანი. დედა ახლაც ამბობს ხოლმე, ერთხელ ჩაგიშვი ეზოში მარტო და უკან შეყვარებული დაბრუნდიო… ჩემს მეუღლეს რომ ჰკითხოთ, მაშინვე შემიყვარდი, რომ დავინახე, დარბოდი და ბავშვივით კისკისებდიო… მახსოვს, ვისაც ვეთამაშებოდი, იმასთან მივიდა და ჩოგანი გამოართვა. მას მერე სულ ერთად ვთამაშობთ. 10 წელია დასასვენებლად გამგზავრებისას ბადმინტონს მთავარი ადგილი უკავია ჩვენს ნივთებში. გვყავს 8 წლის ქალიშვილი, რომელიც მამას ჰგავს, თუმცა ჩემს ფერებშია (შვილიც კი ფერადი გამომივიდა) და ყველას ჰგონია, რომ მე მგავს…
– ჰობი…
– მინდა მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ჰობი იყოს. ვცდილობ, ყველაფერი საყვარელ საქმედ ვაქციო და სიამოვნებით ვაკეთო. შვილსაც ამას ვასწავლი… თუმცა, პირველ რიგში, მაინც სულ სიკეთეს ჩავაგონებ. ჩემი შემოსავლის ნაწილი, აუცილებლად ხმარდება სიკეთეს და ამას ყოველთვის ჩემს პატარა ქალიშვილს ვაკეთებინებ.
სიკეთის კეთების ჩვენეული მეთოდები გვაქვს. მუშაობაშიც ხშირად ვთხოვ დახმარებას, მინდა ხელებიც დაისვაროს და მიხვდეს, საიდან მოდის ფული, შემდეგ იმ ფულით სხვას რომ დაეხმარება, უფრო ბევრ რამეს მიხვდება…
თამარ შაიშმელაშვილი