დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს კასპის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს კასპის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სოლიდარობის ნიშნად, გაიმართება ფერადწინდებიანთა მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობა, ახალგაზრდები.
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია “სენის“ კასპის ორგანიზაცია, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოაწყობენ გამწვანების აქციას -11.00 საათი; დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი მიიპატიჟებს ბავშვთა გასართობ დღის ცენტრში – 15.00 საათი.
21 მარტს, 15.21 წუთზე საქართველოს ყველა რეგიონში ერთდროულად დაფიქსირდება აქტივობა – ბავშვთა გასართობ დღის ცენტრიდან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი ჩაერთვებიან პირდაპირ ეთერში“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. კავშირი „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეექვსედ აღნიშნავენ მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. 13 – 26 მარტს აღნიშნულთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები