ასოციაციას – ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები”და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პროექტის – „არა, ოჯახში ძალადობას“ ეფექტურად განხორციელების მიზნით, ასოციაციას – ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალები”და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა და ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალების” პრეზიდენტმა, ალლა ბეჟენცევამ მოაწერეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმი , მხარეების მიერ პროექტის მიზნისა და პირობების გაუმჯობესებას, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს.
პროექტი ,,არა, ოჯახში ძალადობას!“ ევროკავშირის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ,,არა, ოჯახში ძალადობას!“ ძირითადი მიზანია – ეფექტური ზომებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ბავშვების პირდაპირი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფა.
,,დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ემსახურება იმას, რომ ხელი შეუწყოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,არა, ოჯახში ძალადობას!“ ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, მრავლად არსებობს ფაქტები ოჯახური ძალადობის შესახებ, ხშირად ხდება ქალთა და მოზარდთა დისკრიმინაცია, სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ხელი შევუწყოთ მსგავსი შემთხვევების პრევენციას. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, მემორანდუმის ფარგლებში, აიღო ვალდებულება, გამოყოს ფართი, სადაც მოეწყობა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი და ასევე, ხელი შეუწყოს პროექტის განვითარებასა და მდგრადობას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.