„EBRD“-ის წლიური შეხვედრა 2015 წელს საქართველოში გაიმართება
„EBRD“-ის წლიური შეხვედრა 2015 წელს საქართველოში გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებიც შეაფასა. პრემიერმა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერი უწოდა და განაცხადა, რომ ბიზნესმენები წელს საქართველოში ინვესტიციების ჩადებას და მსხვილი პროექტების დაწყებს გეგმავენ. ” შვეიცარიის პრეზიდენტთან განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, იგივე ჟენევის დისკუსიები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში შვეიცარია იქნება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენი სურვილია, ეუთოს მისია წარმოდგენილი იყოს საქართველოში. განვიხილეთ ასევე ეკონომიკურ სფეროში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები და რეალური პერსპექტივები, როგორ მოხდეს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია. ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელთან და წელს ძალიან მსხვილი პროექტების დაწყება იგეგმება. ყველა მიესალმება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და პროგრესს, რასაც ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიაღწია. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ისინი პოზიტიურად აფასებენ განვლილ პერიოდს. ჩვენი მთავარი გზავნილებია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის პოლიტიკური სტაბილურობა, გვაქვს კომპეტენტური წარმომადგენლობა და კონკურენტუნარიანი ბაზარი, საქართველოს რეალურად აქვს შანსი, გახდეს რეგიონის ჰაბი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა ბოლომდე გონივრულად იყოს ათვისებული და გამოყენებული”, – განაცხადა პრემიერმა.