„იმედს ვიტოვებ, რომ ბანალური მელოდიები წარსულს ჩაბარდება“ – როგორ შეცვალა მარინა შანიძის ცხოვრება სიმღერამ
მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, სადაც ყველა მღეროდა. ყოველ დილით სკოლის ადგილობრივი რადიო მის სიმღერებს ასმენინებდა მოსწავლეებს და სოფლის მაცხოვრებლებს… შემდეგ იყო სტუდენტობა და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ტრიო, რამაც განსაზღვრა კიდეც მთელი მისი ცხოვრება.
თავადაც 4 შვილის დედაა და ოჯახშიც ყველა წევრი მღერის. მის ლექსებზე კი მრავალი ლამაზი სიმღერა შეიქმნა.
32 წლის პედაგოგიური გამოცდილება აქვს. მუსიკას ასწავლის სკოლაში.
ამბობს, რომ გემოვნებიანი და კულტურული მომავალი თაობის აღზრდა უმთავრესია და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. – პედაგოგის, პოეტისა და კომპოზიტორის, მარინა შანიძის პერსონა.
– ჩემი მშობლები სიყვარულით შეუღლდნენ. 5 შვილი აღზარდეს და მათ შორის უფროსი მე ვარ. ტყიბულის რაიონში, სოფ. ოჯოლაში გავატარე ბავშვობა. ძალიან მხიარული და უზრუნველი ბავშვობა გვქონდა, მიუხედავად მრავალრიცხოვნებისა, ოჯახს არასდროს ჰქონია გასაჭირი, რადგან მშობლები საკუთარი შრომით ახერხებდნენ, ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა, ასევე უდიდესი წვლილი ჩვენს აღზრდაში შეიტანა ბებიამ, მამაჩემის დედამ. მე მასავით ამაგდარი ადამიანი არ შემხვედრია. 9 შვილის დედაზე უამრავი მკაცრი ცხოვრებისეული თავგადასავლის გახსენება შემიძლია.
– ბავშვობიდან გიტაცებდათ მუსიკა?
– ბავშვობიდან მიტაცებდა მუსიკა. ეს ნიჭი მე და ჩემს დედმამიშვილებს, მშობლებისგან გვერგო მემკვიდრეობით. ორივე ჩემი სოფლის ხალხური სიმღერის ანსამბლის სოლისტი იყო. მე, როგორც უფროსი შვილი, ხშირად დავყვებოდი მათ კონცერტებზე და ფესტივალებზე. მამა შესანიშნავად უკრავდა გარმონზე, დედა კი -გიტარაზე და ფანდურზე. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ადრეული ასაკიდან ვეზიარე ამ ინსტრუმენტებზე დაკვრას. მეამაყება, რომ ჩემი სკოლის ადგილობრივი რადიო, ყოველ დილით, ჩემს სიმღერებს ასმენინებდა მოსწავლეებს და სოფლის მაცხოვრებლებს.
– სტუდენტობა…
– სტუდენტობის წლები ყველაზე მეტად განსაკუთრებული იყო ჩემს ცხოვრებაში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე სას. სამ. ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, უმაღლესი ქულებით. ჩარიცხულთა შორის პირველი ვიყავი სიაში. სწავლის პარალელურად ვიყავი ინსტიტუტის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის სოლისტი. ამასთან ერთად, საკუთარი სურვილით, შევქმენით ვოკალურ-ინსტრუმენტული ტრიო – მე, ბესიკ ღვინაშვილმა და დათო კერესელიძემ. სწორედ, ამ ტრიომ განსაზღვრა მთელი ჩემი მომავალი ცხოვრება, მე და ბესიკი შევვუღლდით.
– როდის დაიწყეთ ლექსების წერა?
– ლექსების წერა სკოლის ასაკში დავიწყე. პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „პიონერის“ 1977 წლის პირველ ნომერში. შემდეგ მუდმივად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ გაზეთში და დღესაც იბეჭდება.
– პროფესიით ეკონომისტი ხართ და, ამავდროულად, მღერიხართ, მუსიკას მისდევთ… როგორ უთავსებთ ამ ორ პროფესიას ერთმანეთს?
– ეკონომიკის ფაკულტეტის პარალელურად წარჩინებით დავამთავრე საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება. როგორც იცით, 32 წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, საბავშვო ბაღის მართვის საქმეში ძირითადი პროფესია დიდად დამეხმარა, მაგრამ უფრო მეტად, წარმატებები მუსიკასთან სიახლოვემ მომიტანა.
– სიმღერებს, ძირითადად, თქვენს ლექსებზე წერთ. როგორ იქმნება სიმღერა, ჯერ მელოდია მოდის თუ ლექსი?
– ყველა ჩემი სიმღერა შექმნილია ჩემივე ლექსზე. ამ მომენტში მიჭირს თქმა, რომელი იქმნება პირველად, მაგრამ უმეტესწილად ორივე ერთად მოდის.
– რას გაიხსენებთ თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან? – განსაკუთრებული დღე ან მოვლენა…
– ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია არცთუ ისე მწირია, მაგრამ შევეხები მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს: ეს არის საავტორო საღამოები 2001 და 2003 წლებში.
2001 წლის საღამო ბ-ნი ზაურ სვანიძის ინიციატივით ჩატარდა.
დღეს მადლობა მინდა ვუთხრა მის სულს, რადგან სწორედ მან დამარწმუნა ჩემს ძალებში და იმ დღიდან მოყოლებული სხვა შემართებით ვმუშაობ შემოქმედებითად. მუდამ თვალწინ მიდგას საგარეჯოს კულტურის სასახლის სავსე დარბაზი, მაყურებელთა ინტერესითა და სიყვარულით სავსე თვალები, მქუხარე აპლოდისმენტები.
ჩემთვის დიდი პატივი იყო კომპოზიტორთა კავშირისა და ხალხური შემოქმედების მეთოდური ცენტრის წამომადგენელთა სტუმრობა. კონცერტში მონაწილეობდნენ: ტრიო „ალინა“, ტრიო „თილისმა“, ანსამბლი „ხორუმი“, მომღერალი ნაირა ნაჩხატაშვილი, ტრიო „სიმი“, ანსამბლ „ერისიონის“ ვაჟთა ჯგუფი ნუგზარ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით და ჩემი ოჯახი. ამ საღამოზე წარმოვადგინე 21 სიმღერა და ლექსებიც.
გავიხსენებ ასევე 2003 წლის საღამოს, რომელიც ქ-ნ თამარ ქურდოვანიძის ინიციატივით ჩატარდა. აქაც წარმოვადგინე 19 სიმღერა და ლექსები. კვლავ უამრავი სტუმარი და მონაწილე იყო თბილისიდან, რომლებმაც დიდი შეფასება მისცეს ჩემს შემოქმედებას.
– ოთხი შვილი გყავთ… დიდი ოჯახი გაქვთ… როგორ ახერხებთ ოჯახის საქმეების და შემოქმედებითი მუშაობის შეთავსებას?
– ოთხი შვილის აღზრდა, შემოქმედებითი და სამსახურეობრივი საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსება, ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ მე ეს შევძელი და ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულადაც. ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს ჩემი მეუღლის მშობლებმა, რომ არა ისინი, ნამდვილად გამიჭირდებოდა.
– თქვენი ოჯახის ყველა წევრი მღერის და მრავალ ფესტივალზეც გაუმარჯვია...
– როგორც უკვე აღვნიშნე, მე, ბესიკ ღვინაშვილმა და დათო კერესელიძემ შევქმენით ვოკალურ-ინსტრუმენტული ტრიო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგაც ვაგრძელებდით სასცენო მოღვაწეობას. 1985 წელს, საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიულმა საზოგადოებამ ჩაატარა რესპუბლიკური კონკურსი ინდივიდუალურ შემსრულებელთა შორის: სოლო, დუეტი, ტრიო და კვარტეტი. ჩვენ ამ კონკურსის ლაურეატები და ოქროს მედლის მფლობელები გავხდით.
1995 წლიდან უკვე სცენაზე გამოვდიოდით მთელი ოჯახი. ჩვენი კოზირი იყო 4 შვილი და სიმღერასთან ერთად ინსტრუმენტების მრავალფეროვნება.
1995 წელი – ხალხური შემოქმედების დათვალიერების გამარჯვებული;
1997 წელი – ხალხური შემოქმედების ოლიმპიადა – პირველი ადგილი;
1998 წელი – „ესტრადა 98“ – მეორე ადგილი;
2001 წელი – ,,ესტრადა 2001“- მეორე ადგილი;
2004 წელი – ხალხურ ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა კონკურსი ,,ჩონგურო ჩემო“, გრან-პრი;
2007 წელი – რესპუბლიკური კონკურსი მუსიკალურ ოჯახებს შორის – მეორე ადგილი.
ყველაფერი ამის პარალელურად, გუგა და ბექა დამოუკიდებლადაც მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსში – მიღწეული შედეგების ფონზე ბექა ერთხელ იყო პრეზიდენტის სახ. სტიპენდიანტი, ხოლო გურამი – სამჯერ.
გვანცა და მაგდა არანაკლებ ნიჭიერები არიან, ისინიც მღერიან და უკრავენ ყველა ინსტრუმენტზე, ორივემ მიიღო სამედიცინო განათლება და დღეს კვალიფიციური ექიმები არიან.
ყველა შვილი დაოჯახებულია და გვყავს 10 შვილიშვილი. ბედნიერი ვარ, რომ შვილიშვილებიც ეზიარნენ სიმღერისა და ცეკვის კულტურას.
მეუღლე – ბესიკ ღვინაშვილი, ბავშვობიდანვე ჩართული იყო რაიონის კულტურულ ცხოვრებაში: ცეკვავდა, მღეროდა და უკრავდა სალამურზე. მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. სიმბოლურია ალბათ, რომ წლებია, რაც იგი რაიონის კულტურის სამსახურს უდგას სათავეში.
– თქვენი შვილები – გუგა და ბექა ანსამბლ „ძმებში“ მღერიან. ხშირად თქვენს სიმღერებსაც…
– გუგა და ბექა მღერიან სხვადასხვა ანსამბლში: „ალილო“, „ოროველა“, „ფაეტონი“, მაგრამ ძირითადი მათთვის მაინც ჯგუფი „ძმები“ არის. ჩემს შვილებთან ერთად ამ ჯგუფში კიდევ ორი ძმა – დათა და გიგა ლოლაშვილები არიან (სხვათა შორის, მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ გიგა ჩვენი სიძე გახდა, ჩემი დისშვილის მეუღლეა).
ნიჭიერი ბიჭები არიან, რაც მთავარია და რაც დღეს იშვიათობაა, მღერიან და უკრავენ ცოცხლად, ჩემი სამი სიმღერაც ააჟღერეს, მათ შორის ერთი სოფო ბედიასთან ერთად.
– რამდენი სიმღერის ავტორი ხართ?
– მაქვს 70-მდე სიმღერა.
– მონაწილეობდით „ტელეიმედის“ პროექტში – ,,მე მიყვარს საქართველო“ და თქვენი სიმღერა „მრავალჟამიერ“ ნახევარფინალამდე მივიდა… მას ცნობილი მომღერლების დადებითი შეფასებები მოჰყვა…
– მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის ფინალში ვერ მოვხვდი, მაინც ბედნიერი ვარ. არასდროს დამავიწყდება ზონალური ტური, სადაც 15 ავტორიდან მე მომცეს ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება. აქ ჩემი სიმღერა ანსამბლმა ,,ფაეტონმა“ შეასრულა.
მადლობა ანრი ჯოხაძეს, რომელმაც ჩემი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და იგივე სიტყვები მან, მეორე დღეს, „იმედის დილაში“ გაიმეორა.
ნახევარფინალში ჩემი სიმღერა სოფო ბედიამ და ანსამბლმა „შვიდკაცამ“ შეასრულა. არც ეს წუთები წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან…
პრესტიჟულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი უშიკიშვილი, მერაბ სეფაშვილი, მაია დათუნაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, მაცაცო სებისკვერაძე, ერთხმად აღიარეს, რომ ეს სიმღერა იყო სწორედ ის, რაც ამ პროექტს სჭირდებოდა და ამავდროულად იყო ქართული ტრადიციული სიმღერის კიდევ ერთი ნიმუში. მაგრამ მოხდა ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, უმაღლესი 63 ქულიდან 60 ქულის მქონე, ფინალში ვერ გადავედი (ეს სიმღერა 25 წლისაა).
2001 წელს ჩემმა ოჯახმა შეასრულა კონკურსზე ,,ესტრადა-2001“ და მეორე ადგილი დავიმსახურეთ.
– მუსიკას ასწავლით სკოლაში… რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ ბავშვმა თავიდანვე შეიყვაროს მუსიკა?
– მრავალმხრივ განათლებული მომავალი თაობის აღზრდა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ბავშვი დაბადებიდანვე უნდა ეზიაროს იმ მდიდარ ტრადიციებს, რომლებიც ასე უხვად გააჩნია ქართველ ერს.
ძალიან მიხარია განათლების სამინისტროს მიერ რამდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სკოლებში საყოველთაო მუსიკალური აღზრდა აუცილებელი მოთხოვნა გახდა. მაგრამ აქვე უნდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ სკოლების უმეტეს ნაწილს არ გააჩნია მუსიკის სწავლებისათვის შესაფერისი ბაზა.
ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დილეტანტური პროდუქციით ტკბობაშია ჩაძირული და ფოლკლორისა და კლასიკის მაღალმხატვრულ ნიმუშებს ეჭვის თვალით უყურებს.
თანამედროვე ტენდენციებიც ისეთია, რომ სულ უფრო და უფრო გაიზარდა აუცილებლობა – ბავშვებს მივცეთ ისეთი მუსიკალური განათლება, რომელიც მათ გზას გაუხსნის მსოფლიოს ხალხთა მუსიკალური კულტურებისაკენ, მაგრამ ეს მშობლიური მუსიკალური რეპერტუარის უგულებელყოფის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
– საგარეჯოს რაიონის ჩაილურის საბავშვო ბაღს ხელმძღვანელობთ…
– 2008 წელს მოვიპოვეთ გრანტი, რომელიც გაიღო იაპონიის საელჩომ. ამაში ლომის წვლილი მიუძღვის ჩვენი სოფლის მკვიდრს, ღირსეულ ახალგაზრდა ქალბატონს ლალი მახარობლიშვილს, რომელმაც კიდევ სხვა მრავალი სასიკეთო საქმე გაუკეთა საკუთარ სოფელს.
2009-2010 სასწავლო წელი დავიწყეთ ახალ, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილ ორსართულიან საბავშვო ბაღში, ვემსახურებით არა მარტო ჩვენი სოფლის, არამედ მეზობელი სოფლის აღსაზრდელებსაც.
ყველა სასწავლო წელი გამორჩეულია თავისი ორიგინალობით და მიხარია, რომ სახელი შორს გავითქვით ჩვენი წარმატებული მუშაობით.
– განსაკუთრებული შემოქმედებითი ღვაწლისათვის განათლების სამინისტრომ გოგებაშვილის მედლით დაგაჯილდოვათ…
– განათლების სამინისტროს, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამ, განსაკუთრებული შემოქმედებითი ღვაწლისათვის დამაჯილდოვა გოგებაშვილის მედლით. ეს ჯილდო ჩემი დიდი ბედნიერების კიდევ ერთი ნაწილია.
– როგორც კომპოზიტორს, რა პრობლემები გაქვთ?
– პრობლემა, რომელიც დღემდე ვერ მოვაგვარე, საავტორო უფლების დაცვაა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ბრალია.
– დღეს უამრავი სიმღერა იწერება, მაგრამ, სამწუხაროდ, მომრავლდა როგორც გაუმართავი ტექსტები, ასევე ბანალური მელოდიებიც… ხარისხმა უკან გადაიწია… რატომ?
– დღეს სუროგატი მძლავრობს! მთავარია, მოსმენილმა ცეკვისაკენ უბიძგოს, სინამდვილეში მისი შინაარსი და აზრი არავის აინტერესებს. ამიტომ ვანიჭებ სწორედ სასკოლო პროგრამას დიდ მნიშვნელობას, რომ რაც შეიძლება მეტი გაიგონ მოსწავლეებმა მუსიკალური ხელოვნების შესახებ, უსმინონ გემოვნებიან და სერიოზულ მუსიკას.
ყველა კლასის სახელმძღვანელოში მუსიკალური ხელოვნების მაღალი მხატვრული ნიმუშებია შერჩეული, გათვალისწინებულია ასაკი, ინტერესები, ფანტაზიები და სურვილები. საკმარისი დოზით არის წარმოდგენილი ქართული ხალხური მუსიკა, თანამედროვე ქართული და უცხოური საესტრადო სიმღერები, ასევე ჯაზური მუსიკა. მასწავლებლებმა მკაცრად უნდა მოსთხოვონ მოსწავლეებს მათი მოსმენა და ანალიზი, რაც გაამდიდრებს და დახვეწს მათსავე გემოვნებას.
იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს გემოვნებიანი და კულტურული მომავალი თაობის აღზრდას და დღეს მომძლავრებული გაუმართავი ტექსტები და ბანალური მელოდიები წარსულს ჩაბარდება.
– რაზე მუშაობთ ამჟამად? რას აპირებთ სამომავლოდ შემოქმედებითი მუშაობის თვალსაზრისით?
– ვაპირებ ლექსთა კრებულის და ასევე სიმღერების კრებულის გამოცემას, რომ ჩემს შვილებს დარჩეს ჩემდა სახსოვრად.
– სურვილი, რომელიც არ აგისრულდათ…
– არაფერი! „თითქმის ყველა მიუწვდომელს მივაწვდინე ხელი…“(მ.შ.)
– ერთი ლექსი „პერსონის“ მკითველისთვის…
***
გული ბევრჯერ გამებზარა,
განა მართლა ქვითკირია,
მარტო დარდი კი არა და
სიხარულიც მიტირია…
ხან დიდ ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი,
ხან პატარა წყენაც მკლავდა,
მიკვირს, გული პაწაწინა,
ამდენს როგორ გაუმკლავდა?
გულო ჩემო, გოლიათო,
მაგრამ ზოგჯერ ჩიტის გულო,
მე სიცოცხლის იმედი მაქვს,
ოღონდ შენ არ მიორგულო!
ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი