მკითხველის Tet A Tete და ცხოვრება რევერანსების გარეშე
ცხოვრებაშიც და ადამიანებშიც მხოლოდ პოზიტივს ეძებს და ამიტომ მასთან ურთიერთობაც და მისი რესპონდენტობაც ერთნაირად სასიამოვნოა. პროფესიონალია და, რაც იშვიათად ხდება – მედიის ყველა სეგმენტშია ნამუშევარი: რადიო, ტელევიზია, პრესა, პიარი… დაწერა სცენარები სატელევიზიო ფილმებისათვის და არაერთი საინტერესო თემატური შეხვედრა თუ ღონისძიება ჩაატარა. – ჟურნალისტ თეონა გოგნიაშვილის პერსონა.
– ვიცი, რომ ძალიან გიყვართ ბავშვობის ამბების გახსენება, განსაკუთრებული რა იყო იქ?
– დასაწყისში მადლობა, რომ ჩემზე გადაწყვიტეთ მასალის მომზადება. ვინც მიცნობს, იცის, რომ არც ერთ ჩემს სატალევიზიო გადაცემაში კადრშიც არ ვჩნდებოდი. ჩემთვის მთავარი ის იყო, ვისაც ვწერდი. ასე რომ, ამჯერად საკუთარ თავზე ვილაპარაკებ და ეს ერთხელ მაპატიეთ რა!.. ბავშვობას რაც ეხება, უფრო ჩემი მის მიმართ დამოკიდებულებაა განსაკუთრებული… ვერაზე, ბაქრაძის ქუჩაზე, ერთ თბილისურ (და არა იტალიურ) ეზოში გავატარე ბავშვობა, ამიტომ ვერა ჩემთვის ქალაქის პრესტიჟული უბანი კი არა, მოგონებების ათვლის წერტილია… „იქაური“ მახსოვს ყველა და ყველაფერი: წყნეთელი მემაწვნე ქალი – ევა ერქვა, ჩვენს ეზოში ხშირად შემოსული ლეილა აბაშიძე – ჩემი ბავშვობის სოფი ლორენი… უსინათლო გერმანელი პროფესორი, ანნა ვინბერგი, რომელიც ხუთ ენას ფლობდა და რომელმაც ლიტერატურა შემაყვარა. თეატრი, სადაც მამას ყოველ შაბათ-კვირას დავყავდი და ყოველი ახალი სპექტაკლით ბავშვობის ზეიმს მიხანგრძლივებდა, კიდევ ათასი რამ. ერთი რამ მჯერა, რომ ადამიანი ბოლომდე რჩება ის, რაც ბავშვობაში ჩამოყალიბდა, დანარჩენი გამოცდილებისა და ცოდნის სახით ემატება, არსი კი უცვლელია…
– პროფესიით ფილოლოგმა ჟურნალისტობა გადაწყვიტეთ…
– ეს არცაა გასაკვირი, გარდა იმისა, რომ წერა მიყვარდა, ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემაც არასოდეს მქონდა. პირველად სახელმწიფო რადიოში (დღეს საზოგადოებრივ რადიოს რომ ეძახიან) მივედი, ჟურნალისტად დავიწყე და მერე რადიოს ახალგაზრდობის პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორად გადამიყვანეს, ამ პოზიციაზე 19 წელი ვიმუშავე. ვამზადებდი საავტორო გადაცემებს და გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ იმის ფუფუნება ყოველთვის მქონდა, დირექტივებით არ მემუშავა და საინტერესო თემებზე მხოლოდ სასურველი რესპონდენტები ჩამეწერა… აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ და ვთვლი, რომ მთავარი ადამიანური ურთიერთობის პოლიტიკა და პიროვნული ფაქტორია და სხვა ყველაფერი ამაზე აიგება. აქსიომაა – თავისუფალ სახელმწიფოს მხოლოდ პიროვნულად თავისუფალი ადამიანები ქმნიან, ვისაც სიახლეების შიში არა აქვს, მაგრამ ჩვენი ყველა პრობლემაც იქიდანაა, რომ ეს დღემდე ვერ გავაცნობიერეთ…
– თქვენი გადაცემები და სიუჟეტები რადიოს „ოქროს ფონდშია“ დაცული, რა მოგცათ რადიოს წლებმა?
– რადიო – შეიძლება ითქვას, ჩემი პირველი სიყვარულია, რადგან ჟურნალისტობა აქედან დავიწყე. მე თუ მკითხავთ, ყველა ჟურნალისტი რადიოდან უნდა იწყებდეს, რადგან აქ მუშაობით ყველაზე დიდ გამოცდილებას იძენ. მარტო ხარ მსმენელის პირისპირ და ტელევიზიის მსგავსად საკუთარ შეცდომას კადრით ვერ გადაფარავ, ყალბი ინტონაცია კი ეგრევე გაგყიდის. რადიოში პირდაპირ ეთერს სხვა ინტიმი და უშუალობა ახლავს, მე ვიტყოდი, ეს ერთგვარი პროფესიული „კაიფიცაა“… ოღონდ ზუსტად უნდა იცოდე, ვის რა და როგორ ელაპარაკო. რადიოს წლებმა თავდაჯერების შეგრძნება გამიჩინა.
როცა სიუჟეტებს ვამზადებდი, იმ დროს საინტერესო ადამიანების ძებნაში თბილისის ქუჩები ფეხით შემოვიარე. მიყვარდა ახალი თემები და ძველი თემების ახლებურად ჩვენება. მერე იყო პირდაპირ ეთერში საავტორო გადაცემების სერია: „ქართული ხასიათი“, „პირისპირ – Tet A Tete“ , „ღამის ლაბირინთი“, „სხვათა შორის“ და სხვ. ჩემი აუდიტორია მყავდა, მსმენელები გადაცემის შემდეგაც მირეკავდნენ და მიმეგობრდებოდნენ. 2007 წელს რადიო „იმედში“ საავტორო გადაცემის ,,თავისუფალი სივრცე“ რედაქტორი და წამყვანი ვიყავი. ეს იყო ყოველდღიური სამსაათიანი ეთერი, რომელსაც მწერალ გიორგი კაკაბაძესთან ერთად ვუძღვებოდი.
– რადიოს პარალელურად, ტელევიზიაში ამზადებდით საავტორო გადაცემებს, რომელს გამოყოფდით მათგან?
– რადიოს პარალელურად ტელევიზიის პირველ არხზე სტუდია „პუბლიცისტთან“ და უცხოეთის რედაქციასთან ვთანამშრომლობდი. ვუძღვებოდი საავტორო გადაცემას „ნოსტალგიური ალბომიც“, რომელშიც ჩავწერე ქართული ესტრადისა და თეატრის ძველი ვარსკვლავები, რომლებიც იმ დროს მართლა არავის ახსოვდა…
მოვძებნე ნამდვილი ხანუმას შთამომავლები, კაცი, რომელიც მუზეუმიდან ლენინის პალტოს ქურდობისთვის 20 წელი ციმბირის ციხეში იჯდა, საოცრად ინტელიგენტი ქალბატონი – ძველი ტაპიორი…. სულ სხვა კუთხით გავაცანი მაყურებელს ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობი, აბესალომ ლორია, რომლის საომარი წარსულისა და ომში მიღებული უამრავი მედლის შესახებ მანამდე მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ, მსახიობი აბრეკ ფხალაძე (ექიმი კინოფილმიდან „შერეკილები“), რომელსაც გერმანელებთან ტყვეობის დროს პირადი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი…
ტელევიზიის მეორე არხზე გადაცემაში „50 წლის შემდეგ“ მსახიობ ქართლოს კასრაძის კლასელები მისსავე სკოლაში და საკლასო ოთახში ერთმანეთს შევახვედრე – მართლა კარგი გადაცემა გამოვიდა: ჩემს წინაშე ასაკოვანი ცნობილი პროფესორები და აკადემიკოსები იყვნენ, რომლებიც სკოლის ამბებს და ხულიგნობებს პოზის გარეშე, ბავშვური უშუალობით იხსენებდნენ.
– ტელევიზიის და რადიოს პარალელურად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთანაც თანამშრომლობდით… მართლა მაინტერესებს, ამდენს ერთად როგორ ასწრებდით?
– რა ვიცი, ისე ეგ მეც მიკვრის, მაგრამ ფაქტია, ვასწრებდი… იმდენად მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი, რომ კარიერაზეც არასოდეს მიფიქრია, ამიტომ ტელევიზიაში ერთ სერიოზულ შემოთავაზებაზე ჩემი უარი არავის გაკვირვებია. იყო დრო, რომ ეროვნულ თემატიკაზე კრიტიკულ პუბლიკაციებსაც ვწერდი და ვაშარჟებდი ყველაფერს, რაც, ჩემი აზრით, განვითარებაში ხელს გვიშლიდა.
– იმ დროს გახმაურებულ მასალებს ხომ ვერ გაიხსენებთ?
– ორს გავიხსენებ: ერთი იყო ეროვნულ თემატიკაზე დაწერილი: „დროშები გვიხუნდება, ბატონებო!“ მასში ფსევდოპატრიოტიზმზე და პოლიტიკოსების მიმართ ქართველების (განსაკუთრებით ქალების) არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ვწერდი, რაც დღემდე მაღიზიანებს.
ვთვლი, რომ პოლიტიკოსს უნდა აფასებდე ან აკრიტიკებდე მისი საქმიანობიდან გამომდინარე, სიყვარულით კი – ოჯახის წევრი და საყვარელი მამაკაცი უნდა გიყვარდეს!… კიდევ გავიხსენებ პუბლიკაციას „ქალწულობა – ზნეობის ერთადერთი კრიტერიუმი თუ ფიზიოლოგიური რუდიმენტი“, რომელმაც იმ დროს გარკვეულ წრეებში პატარა აჟიოტაჟი გამოიწვია… არადა, სტატიაში ამორალური არაფერი იყო, იქ ქართული ოჯახის ფენომენისადმი ხშირ შემთხვევაში ფარისევლურ, ყალბ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდი და საკითხი სამედიცინო კუთხითაც იყო განხილული, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მაშინ მსგავს თემაზე დაწერილი, თანაც ასეთი სათაურის მასალა ცოტა ნაადრევი აღმოჩნდა…
– თქვენ განსაკუთრებულად ახსენებთ ხოლმე ტელეკომპანია „იმედში“ იმ დროისთვის საკმაოდ რეიტინგულ სატელევიზიო გადაცემას ,,არ იდარდო“, რომლის სცენარისტი და სიუჟეტების ავტორი იყავით…
– ეს იყო ბადრი პატარკაციშვილის „იმედის“ წლები, გადაცემის წამყვანი მსახიობი გივი ბერიკაშვილი იყო და იქ რეჟისორმა ირაკლი ჯაოშვილმა მიმიწვია, რის გამოც მისი დღემდე მადლობელი ვარ.
საკმაოდ რეიტინგული გადაცემა იყო იმ დროის ტელესივრცეში. მისი მომზადება დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, რადგან გადაცემის ფორმატი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველების ტელევიზიის ხარჯით ჩამოყვანას და სასტუმროში მათ დაბინავებას ითვალისწინებდა. ეს იყო გადაცემა, რომელიც ისე შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახალხო დიპლომატიის სერიოზული მედიამცდელობა. თანაც ამ თემას ჩვეულებრივი ადამიანური ისტორიების ფონზე, როგორც თემატურად შეკრულ შოუს, ისე ვაჩვენებდით.
შეიძლება ითქვას, რომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ერთ-ერთმა პირველებმა მოვამზადეთ ვრცელი და ადამიანური გადაცემა, სადაც პოლიტიკაზე სიტყვაც არ იყო ნათქვამი. გადაცემისთვის იმდროინდელი სოხუმიდან ჩამოვიყვანეთ აფხაზი ბავშვები, რომლებმაც აქედან დიდი სიყვარული წაიღეს… მახსოვს, მაშინ სოხუმიდან შემოგვითვალეს: ასეთი გადაცემები საქართველოში ხშირად რომ მოემზადებინათ, დღეს ჩვენ ერთად ვიქნებოდითო…
– სხვათა შორის, მკითხველმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სიმღერისთვის: „არ იდარდო“ გია ყანჩელის მუსიკაზე ტექსტი თქვენ დაწერეთ…
– ამ სიმღერის მშვენიერი არანჟირება მუსიკოს კოტე მალანიას ეკუთვნის. მოგვიანებით მითხრეს, როცა თავად გია ყანჩელმა მოისმინა ის, მოეწონა და უთქვამს: ამ რთულ მუსიკას ტექსტი რა კარგად მოარგეთო. სიმღერას თავიდან ჯგუფი „სეფას ბიჭები“, მოგვიანებით კი მომღერლები – დათო გომართელი და ირაკლი ალფაიძე ასრულებდნენ…
– ქართულ-აფხაზურის გარდა მოამზადეთ გადაცემათა ციკლი: ქართულ–ებრაულ, ქართულ–გერმანულ, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, რეპრესირებულებზე, ქართულ ენასა და სპორტზე…
– იმ გადაცემების მარტო შინაარსი კი არა, ფორმაც შთამბეჭდავი იყო, რადგან სტუდიაში წლების უნახავი ადამიანების შეხვედრა მათთვის მოულოდნელად ხდებოდა. ზოგი ამას ზედმეტ სენტიმენტალიზმში გვითვლიდა, მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენს პრაგმატულ დროში ასეთი ადამიანური პასაჟების ჩვენება უფრო აუცილებელია, ვიდრე მყვირალა და ნეგატიური თემების ინიცირება და ე.წ. ცნობადი “ფეისების“ დაუსრულებელი მასკარადი…
ამ მხრივ ქართული ტელევიზია, რბილად რომ ვთქვათ, სცოდავს, დღეს კრეატულობად ის ითვლება, რომ ადამიანები ძალიან ინტიმურ თემებს საკმაოდ უხამსად და უგემოვნოდ წარმოადგენენ, ამგვარ „ინოვაციებს“ კი სტუდიაში მყოფი „მაგარი“ გოგოები და ბიჭები აღფრთოვანებული „Cool“-ით ხვდებიან, რადგან ეს პუბლიკაც ტელევიზიების მიერ და ტელევიზიებისთვის შექმნილი „პროდუქტია“…
საუბედუროდ, ამ ქვეყანაში არ არის ერთიანი სახელმწიფო მედიაპოლიტიკა და ამიტომ ბევრად უკან ვართ იმ ევროპისგან, ვისი ნაწილიც საკუთარი თავი ასე ჯიუტად გვგონია. ყველაფერ აქედან გამომდინარე, პრინციპულად „არა აქტუალური“ ვარ, რადგან ჩემი პრიორიტეტი პოზიტიური თემები და არა ცნობადი, მაგრამ ნიჭიერი და დადებითი, მოაზროვნე ადამიანები არიან… და კიდევ, საბედნიეროდ, არ მახსენდება შემთხვევა, რომ ვინმესთვის, მხოლოდ იმის გამო, რომ პოპულარული პიროვნება იყო, ან მაღალი თანამდებობა ეკავა – რევერენსი გამეკეთებინა – არ ვტრაბახობ, მართლა ასეა. პოპულარული „ფეისი“ ყოველთვის კარგ ადამიანს რომ არ ნიშნავს – ეს ზუსტად ვიცი.
– საგანმანათლებლო ცენტრ ,,ლანგეითთან“ არსებულ ,,თავისუფალი შეხვედრების კლუბში“ თემატური საღამოების მენეჯერი და წამყვანი იყავით….
– ამ ცენტრის ხელმძღვანელი მარი ჩანგიანი იყო და ეს საინტერესო ინიციატივა ამჯერადაც ქეთი ხოსიტაშვილისგან წამოვიდა. კლუბში საკმაოდ საინტერესო პუბლიკა მოდიოდა, რადგან აქ სხვადასხვა თემატური საღამოები და აქტუალური შეხვედრები ჩატარდა. მათგან ყველაზე ხმაურიანს გავიხსენებ: რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმს „ნეტავი იქ თეატრი არის?“, რომელიც გასაგები მიზეზების გამო მაშინ დაბლოკილი იყო, სწორედ ჩვენთან გამართული ჩვენების და განხილვის შემდეგ დართეს ფართო ეკრანზე გასვლის უფლება. ამას ქალბატონი ნანა თავადაც აღნიშნავს. გარდა ამისა, კლუბში ჩატარდა ძალიან თბილი საღამოები: „სოხუმის მონატრება“, „ის აქ არის“ -კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილთან შეხვედრა, „ქართული ფოლკლორის საღამო“, „ფიროსმანის საღამო“, ჯემალ ღაღანიძისა და სოსო ლაღიძის მონაწილეობით საპირველაპრილო ,,ტყუილ-მართალი ამბების საღამო“, მაშინ ბევრ ახალგაზრდა, უცნობ ხელოვანს გავუწიეთ პოპულარიზაცია, რადგან ყველა ეს შეხვედრა ქართული ტელევიზიებით გაშუქდა.
– მრავალ ცნობილ ქართველს შეხვედრიხართ, ვინც დღეს ცოცხალი აღარ არის…
– რომელი ერთი გავიხსენო: გურამ საღარაძე, ედიშერ მაღალაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, რომელსაც ერთხელ რეპეტიცია თითქმის ჩავუშალე, გოგი გეგეჭკორი, გიზო ნიშნიანიძე, ოთარ რამიშვილი, რომელიც მე და თამარ ოქრუაშვილს ტელევიზიაში ხშირად გვსტუმრობდა, ნიჭიერი ნიკო გომელაური, ექსცენტრული მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე და იშვიათი ინტელიგენტი, მოქანდაკე თეიმურაზ ჭყონია, ამ ადამიანებთან ურთიერთობამ, შეიძლება ითქვას, სულიერად გამზარდა…
– ლექსებსა და ნოველებსაც წერთ, თქვენი საბავშვო ლექსები ხშირად იბეჭდებოდა „საბავშვო კარუსელში“, ასე რომ, შემოქმედებით საქმიანობასაც ასწრებთ…
– ნოველებს რაც შეეხება, ისინი 2003 წელსაა დაწერილი და თუ ოდესმე გამოვაქვეყნებ, ალბათ წიგნს „უჯრაში გამოკეტილ ნოველებს“ დავარქმევ. საბავშვო თემატურ ლექსებს კი რედაქციის დაკვეთით ვწერდი და ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ჟურნალი, სადაც გოგი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსები იბეჭდებოდა, ჩემს დაწერილსაც აქვეყნებდა… საბავშვო თემატიკამ მას შემდეგ დამაინტერესა, რაც სულ მოკლე ხანი, გაგიკვირდებათ და, ვიმუშავე საბავშვო ბაღში, სადაც დირექტორი ჩემი მეგობარი, ნანა ხაჩიძე იყო, რომელმაც ბაღის პიარი მთხოვა.
– დღეს აქტიურად აშუქებთ ემიგრაციის თემას და მრავალი ნიჭიერი ქართველი გააცანით მკითხველს…
– ძირითადად, უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებზე ვწერ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ უცხოეთში მხოლოდ ნიჭიერი ქართველები არიან. საერთოდ, ეს ფენომენი შესასწავლია. ხშირად ირკვევა, რომ ადამიანს, რომელსაც საქართველოში ფუნჯიც არ აუღია და ლექსის წერა არც უცდია, იქ მათთვის მოულოდნელადაც ხატვას და წერას იწყებს… თანაც ბევრი მათგანი დილეტანტის დონეს, კარგა ხანია, გასცდა. მათ უცხოეთში სერიოზული აღიარება მოიპოვეს და არა იშვიათად გამოფენებსაც აწყობენ. გარდა ამისა, მკითხველს უცხოეთში მცხოვრები ქართველი სპორტსმენები და რეჟისორები გავაცანი… ყველა მათგანი ჩვენი გენოფონდის სიამაყე და ამავე დროს ტკივილია… თუმცა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ერთ დღეს ისინი დაგვიბრუნდებიან…
– ვიცი, რომ მოგზაურობა გიყვართ…
– ძალიან მიყვარს. ყოველთვის მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ფულს მხოლოდ უძრავ ქონებაში აბანდებს. ქვეყნად ყველაფერზე უფრო ძვირფასი მოგონებებია და თუკი პრაგმატულად ავხსნით: მხოლოდ მასში ჩადებული ფინანსები მოიტანს „დივიდენდებს“- ულამაზესი მოგონებების სახით. ყოველი მოგზაურობის დროს შენს ცხოვრებაში ახალი ინფორმაცია, ახალი ემოცია და შთაბეჭდილება შემოდის. ჯერჯერობით რაც ვნახე, ყველაზე დიდი კულტურული შოკი ჩემზე ორმა ქალაქმა მოახდინა, ესაა: ფლორენცია და პრაღა…
– თქვენს რესპონდენტებს ხშირად უსვამთ ფსიქოლოგიურ კითხვებს, ახლა ჩემს სამ კითხვას უპასუხეთ: ა) რა არ მოგწონთ საკუთარ თავში? ბ) როგორ ადამიანს ვერ ეგუებით? ბ) რას ნანობთ?
– ა) არ მომწონს ჩემი მეტისმეტი ემოციურობა, რაც პრინციპში, მარტო გულწრფელ ადამიანს ახასიათებს, მაგრამ ჩემთვის მას კარგი არაფერი მოუტანია. მართალია, ამას ვაცნობიერებ, მაგრამ, ვფიქრობ, გამოსწორების შანსიც არ მაქვს, რადგან უსამართლო დამოკიდებულებას, ზოგადად, ვერანაირ უსამართლობას ვერ ვეგუები და ჩემი ემოციურობაც ხშირად ასეთ მომენტებში აქტიურდება ხოლმე. სამაგიეროდ, ადვილად ვივიწყებ წყენას და რა ვიცი, მგონი, არ ვარ ცუდი გოგო… ბ) ვერ ვეგუები: უმადურ, თავხედ, ძუნწ და ბოღმიან ადამიანებს, რაც შეეხება მესამე კითხვას: შეიძლება, ცოტა მკრეხელურადაც მოგეჩვენოთ ჩემი პასუხი, მაგრამ ჩადენილ შეცდომებს იშვიათად ვნანობ, რადგან მათი წყალობით: გავიზარდე, გამოცდილება შევიძინე და კარგია ეს თუ ცუდი, ვარ ის, ვინც ვარ…
P.S.
გთავაზობთ თეონა გოგნიაშვილის ლექსს:
***
ამშარა თავსხმა ამინდმა
თავს მისგან რითი დავიხსნი?..
ახლა სიფხიზლე არ მინდა,
გარსონ, ორმაგი დამისხი…
დარდი გამექცა სხვის მხარზე
მთვრალი ქალივით ატირდა,
წყალმა წაიღოს სიტყვები
რაც ითქვა, მაგრამ არ ღირდა…
ცა ფეხით დადის ქალაქში
და დღეც ირღვევა წარსულად,
ჯანდაბის იქით გავუშვათ
ის, ვინც წასვლამდე წასულა….
ამშარა თავსხმა ამინდმა,
სულს ააცალა სარქველი,
მოდი, ბოლომდე მისმინე,
სანამ ფეხზე დგას სათქმელი…
***
Ну что за ливень во дворе…
Гарсон, налей!-жизнь прозевали…
Давай все облики сожжем,
В которых в спешку превращались…
Тоска, как пьяная мадам
Все просит утешать словами.
Давай, не будем горевать
Что уходя, не предавали…
Ну что за ливень, черт возьми!
Все испaряется в тумане.
Жаль- что не тем дарили свет,
Обман за счастье принимали…
Опять карт-бланш в руках судьбы
И новый геим не за горами…
Выходит, ливень в пору мне,
Гарсон, налей!- мы проиграли….
თამარ შაიშმელაშვილი