„ჩემი იერუსალიმი აფხაზეთია“ – რატომ ეძებს ირაკლი შამათავა გამუდმებით თავგადასავლებს?

გალში დაიბადა და ბავშვობა იქ გაატარა. 5 წლის იყო, აფხაზეთის ომის გამო მშობლიური კუთხის დატოვება რომ მოუწია… შემდეგ იყო სტუდენტობა, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი… მძიმე წლები და ბავშვობადაკარგული თაობის ხვედრი… ყინვასა და სუსხში ლიტერატურა გახდა ნავსაყუდელი.
4 პროზაული კრებულის და 7 ლიტერატურული პრემიის მფლობელია. ფიქრებით კი მუდამ აფხაზეთშია და დაბრუნების იმედს არ კარგავს… იქ დედა და, როგორც თავად ამბობს, „ტკივილების ჟამთააღმწერელი“ ენგური ელოდებიან. – იურისტის და მწერლის, ირაკლი შამათავას პერსონა.

16216055_1282575501789110_863004182_n-1993 წლის შემოდგომაზე, აფხაზეთის სისხლიანმა ქრონიკამ გვაიძულა, მშობლიური სოფელი მიგვეტოვებინა. მაშინ სულ რაღაც ხუთი წლის ვიყავი… შუაღამეზე საყვირის ხმა გაისმა, „დატოვეთ სოფელი, სასწრაფოდ გაიქეცით, ომი დაიწყო და მტერი გვიახლოვდებაო“… არაფრით მესმოდა, ვინ მოგვდევდა, ან მტერი რანაირად შეიძლებოდა გვყოლოდა… ჩვენი ოჯახი ხომ ყოველთვის სტუმართმოყვარეობითა და კეთილშობილებით გამოირჩეოდა!  სხვათა შორის, ეს „ხმა“ დღემდე მომსდევს და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სულ სადღაც გავრბივარ.
ჩვენი სოფელი ენგურის ხიდთან ახლოში მდებარეობს და როცა მდინარე ვაი-ვაგლახით გადმოვლახეთ, გონება დავკარგე. დედა და ნათესავები მანუგეშებდნენ თურმე, რომ მალე დავბრუნდებოდით და კვლავ გავაგრძელებდი ეზოში ბიძაშვილებთან თამაშს. მაშინ ვერაფრით წარმოგვედგინა, რომ აფხაზეთში დაბრუნება ასე სანატრელი გაგვიხდებოდა. აი, სწორედ ამაზე ვწერ „ბავშვობადაკარგულ თაობაში“: – „ბავშვობა, რომელიც მდინარე ენგურზე ცურვის დაუფლებით, თევზაობით, ათასგვარი თავგადასავლებით, საპოვნელას, ნიშხანიშხასა და კუკუმალობანას თავშექცევით დაიწყო, უსასრულო უბედურებამ ჩაანაცვლა“-მეთქი.
ხუთი წლის ბავშვს არ შეიძლებოდა, ბევრი რამ დამმახსოვრებოდა, მაგრამ ის კი დანამდვილებით გავიგე, რომ სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდით ომის ქარცეცხლში, საიდანაც გადარჩენილებმა ერთმანეთის ხათრითა და ჯიბრით დავიწყეთ ცხოვრება. მართალია დედა ცდილობდა, ომის მიზეზი განემარტა, თუმცა ქვეცნობიერს აწუხებდა, რატომ ვიწექი იატაკზე, რა იქნა სათამაშოები და რას ნიშნავდა ასე ყოველ წუთში ნათქვამი სიტყვა „უსახლკარობა“… რომ სოფლიდან – სოფელში, ქალაქიდან – ქალაქში (ორიოდ ჩემოდნით) წანწალით გავიზიარეთ ადგილუპოვნელთა ბედი…
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი  დაამთავრეთ. სტუდენტობა… როგორი წლები იყო თქვენთვის? 16238007_1282568148456512_828017219_n
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და შეიძლება ითქვას,  საკმაოდ მძიმე სტუდენტობა მქონდა. ლანგარზე მორთმეული ცხოვრება  არასდროს მქონია და შეგუებული ვიყავი ადრიდანვე, რომ ბრძოლის და თავგანწირვის ფასად უნდა მომეპოვებინა წარმატება.
ბაკალავრიატზე სწავლის პირველ წელს მამა გარდაიცვალა. მძიმე რეალობას წინ აღუდგა დედა, რომელსაც შიშველი ხელებით თბილისში სამი სტუდენტი ჰყავდა სარჩენი. მე პირადად, არ მიჭირს და არც მერიდება იმ ჯოჯოხეთის გახსენება, რაც სტუდენტობას უკავშირდებოდა. წყნეთში ვცხოვრობდი ქირით და საცხოვრებელი წვიმის დროს მთლიანად იტბორებოდა. ვიჯექი ჩემთვის განმარტოებული… ყინვასა და სუსხში ვცდილობდი, ლიტერატურით გავმთბარიყავი. დილით თუ გამოიდარებდა, ჩემს ბედს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ძაღლი არ დაჰყეფდა, რადგან წინა დღით დასველებული და დანესტიანებული სამოსის ოდნავ გამოშრობა მაინც მოესწრებოდა. თსუ-ს ლექციების შემდეგ, საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი საკითხავად და პოპკორნს შევექცეოდი.
როცა „ბავშვობადაკარგული თაობა“ დავწერე, ვფიქრობდი, „პოპკორნების თაობა“ ხომ არ დავარქვა-მეთქი. უსაშველოდ რთული წლების მიუხედავად, ჩემს დუხჭირ ყოფას ვერავინ იგებდა, არ ვიმჩნევდი და არც არავის ვახვევდი თავს ამ მწუხარებას. შემეძლო გზის ფულის არქონისას ფეხით მევლო წყნეთიდან უნივერსიტეტამდე, მაგრამ ლექციაზე ყველაზე თავმომწონედ ვმჯდარიყავი!.. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ სტიპენდიანტი და 19 წლის ასაკში აწ უკვე მწერალი ვიყავი…
შემოქმედებითი ნიჭი ადრევე გქონდათ, რატომ გადაწყვიტეთ იურისტობა?16196837_1282568165123177_173579540_o
– გარდა ლიტერატურისა, აუცილებელი იყო პროფესია, რომელიც მეტად დამეხმარებოდა თვითდამკვიდრებაში. რაოდენ კარგი მწერალიც არ უნდა იყო, მცირერიცხოვან ქვეყანაში გჭირდება სპეციფიკური განათლება. ერთი პერიოდი ვფიქრობდი ტელეწამყვანობაზე, მაგრამ მახსოვს, იუმორით მეუბნებოდნენ, სახის იარის მოშორება მოგიწევს ან გრიმით დაფარვა, პირდაპირი ეთერიდან ნაიარევი სახით ვერ დაენახები საზოგადოებასო. სახის იარაც აფხაზეთიდან გამომყვა და ამ ისტორიას ვერაფრით გადავუძახებ სანაგვეზე, არც გრიმით დავფარავ და არც ქირურგიულ ჩარევას დავუშვებ. ჰოდა, ყველაზე კარგი საქმიანობა ადვოკატობა იყო. ამ პროფესიის წყალობით შემეძლო ასობით ადამიანი მეხსნა განსაცდელისგან!
როდის და როგორ დაიწერა პირველი ნაწარმოებები – ლექსად თუ პროზად?
– თავდაპირველად ლექსებს ვწერდი… შექმნილი ნაწარმოების მიმართ მუდმივი კრიტიკით გამოვირჩეოდი. ეს თვისება დღემდე არ დამიკარგავს! (გამომცემლობიდან წიგნის გამოტანისას ვფიქრობ, რა გზა გაიარა მწერალმა წიგნიდან – წიგნამდე და რამდენად პროგრესული გახდა შემოქმედი, გაუმჯობესდა ნაწარმოების ხარისხი თუ პირიქით). ნაწარმოებში ძლიერი და სუსტი ელემენტების ძიება ჩემთვის ერთგვარი ჩვეულებაა. შექმნილით არასდროს ვარ კმაყოფილი, ვფიქრობ, მეტიც შეიძლებოდა, გაცილებით უკეთესი ხერხითა და ტექნიკით. ჰოდა, ერთ დღესაც მივხვდი, რომ პოეზიაში საკმაოდ სუსტი ვიყავი, ანუ ვაღიარე რომ ლექსის წერა არ ჰგავდა საშინაო დავალების შესრულებას და იგი საჩემო საქმე არ იყო. ამის პარალელურად, მალევე შევძელი პროზას შევჭიდებოდი, სადაც ყველაზე კომფორტულად მოვკალათდი. ლექსში რა თავდაჯერებულობაც მაკლდა, ის პროზაში ავინაზღაურე.
ოთხი კრებულის ავტორი ხართ.  რომელი მოთხრობა გიყვართ განსაკუთრებით?16231261_1282568208456506_1938303992_o
– გამოქვეყნებულ ნაწარმოებთაგან განსაკუთებით მიყვარს ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოები „კაენი და სახარება“, რომელშიც გადმოცემულია პირველკაცობის სევდა… ძმა ძმის წინააღმდეგ ილაშქრებს, რადგან სახლში პირველობა სწყურია.
როდესაც ერთი ძმა დანის იარაღს ლესავს და შემზარავი მკვლელობის სცენარს ამუშავებს, მეორე ძმა დამრიგებლური ტონით ეუბნება: – „მაშინ, როცა იალაღზე გაშლილ ცხვარს ვწყემსავ, ამეკვიატება საზარელი ფიქრი წარმავლობის სევდაზე. იმაზეც, რომ გაივლის დრო და არ ვიქნებით ერთმანეთის ნუგეშისმცემელნი. რომ სხვათა უბედურებაზე პილატე პონტოელივით ხელებს დავიბანთ, ჯვარზე ერთმანეთის გრძნობებს აღვმართავთ და სიამოვნებას მოგვანიჭებს ძე კაცის წინაშე ფარისევლობა…“ რომ, მართლაც, ვერაგობაა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი. ვერაგობაა იმაზე ფიქრი, ჩვენ ორს შორის საფლავი პირველს ვის ერგება, მშობლები ვისგან იგემებენ პირველად „ჭირისუფლობას“, ვისი ქვის აღმართვა მოუწევთ, ვის ქელეხს გადაიხდიან… რომ საშინელებაა შური „სამიცვალებულო პატივზეც“…
მინიატიურისთვის „ბავშვობადაკარგული თაობა“ გურამ რჩეულიშვილის პრემია მოგენიჭათ…. თქვენი თაობის ტკივილი და ოცნება აფხაზეთია…
– „ბავშვობადაკარგული თაობა“ პირველად 2011 წელს გამოქვეყნდა. მინიატურა ავტობიოგრაფიულია, შესაბამისად პირველ პირშია დაწერილი.
როგორც კი თბილისის მერიის და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი კონკურსი გამოცხადდა, კონკურსანტად დავრეგისტრირდი. თავიდანვე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ გამარჯვების მსაზღვრელი ჟიურის გემოვნება იყო. ჩემდა გასახარებლად, ახალგამოქვეყნებულ წიგნს მთავარი პრემია მიენიჭა… წიგნი თაობის იმ სატკივარზე გვიამბობს, რაც ომმა და სისხლისღვრამ მოიტანა. რომ ჩემთვის მთავარი საზომი მუდამ ის კი არ იყო, რომ მე მქონდა, არამედ ის, რომ სხვას აკლდა, სწორედ ასე გავხდი ბავშვობადაკარგული.
 ორი რომანის ავტორი ხარ: „ოდიშის დიდი მთავარი“ და „დემნა უფლისწული“… ამ უკანასკნელისთვის დავით აღმაშენებლის პრემია მოგენიჭათ. რამ განაპირობა ისტორიული რომანების შექმნა?
16229696_1282568238456503_1020156705_o
– პირველი ისტორიული რომანი 18 წლის ასაკში დაიწერა. „ოდიშის დიდი მთავარი“ ლევან მეორე დადიანის და დარუნდია შარვაშიძის სიყვარულზეა, ხოლო მეორე რომანი უფრო სიღმისეული კვლევაა უკანასკნელი ბაგრატიონის სისხლიანი ქრონიკის. დემნა უფლისწულის აჯანყება საკმაოდ საინტერესო და შესასწავლი ფაქტია ქართულ ისტორიაში. ეს არ იყო უბრალო ამბოხი, იგი ტახტის ნამდვილი მემკვიდრის სამართლიან მოთხოვნას ეფუძნებოდა. ისტორიული რომანი, ვფიქრობ, საინტერესო ჟანრია და კარგი იქნება, თუ მეტად დაინტერესდება თანამედროვე მწერლობა ამ ჟანრით. გასაგებია, რომ ფენტეზის ეპოქაა და დროება სხვა სტანდარტებზე გადაწყობას გვთხოვს, მაგრამ წარსულის მივიწყების ხარჯზე დაუშვებელია რისამე კეთება.
 მოგზაურობა დედამიწის გარშემო… 30 ქვეყანა ორ წელიწადში… რა შეცვალა თქვენში ამ მოგზაურობამ?
– მოგზაურობის მიზანი თვალის დაღლაა. სანახაობა არათუ მწერალს, ნებისმიერს ესაჭიროება. ჩემი ერთი მეგობარი თანამედროვე მარკო პოლოს მეძახის. რაც მეტს გავდივარ ქვეყნიდან, მით პატარავდება ჩემი ქვეყნის გეოგრაფიული არეალი. უსაზღვროება მიზიდავდა ყოველთვის, მოგზაურობამ კი უფრო მაძიებელი გამხადა. დაუდგრომელი ხასიათი მართავს ჩემს პიროვნებას, მას არ შეუძლია ერთფეროვნება და სხვადასხვა გზით ეძებს თავგადასავლებს.
თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ორგანიზატორად დაინიშნეთ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს კონკურსი ქართული სახელოვნებო სივრცისთვის და რის შეცვლას აპირებთ, როგორ გესახებათ მისი მომავალი?16251490_1282568228456504_65338276_o
– საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს მწერლებს, მომღერლებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, არქიტექტორებს, სახელოვნებო ფორმატში გაეჯიბრონ. კონკურენცია უფრო სასიამოვნოა, რადგან მასში როგორც დებიუტანტები, ისე ღვაწლმოსილი ხელოვანები ერთვებიან. სასიხარულოა, როდესაც ამ მარათონში ასობით მწერალი, მოქანდაკე, არქიტექტორი, მხატვარი, მუსიკოსი თუ ფოტოგრაფია. ძალიან ბევრის ნაწარმოებს ვეცნობი პირადად და, შედეგების მიუხედავად, მიყალიბდება საკუთარი სიმპათია. ეს კონკურსი სტიმულია, მეტი ნაწარმოებები შეიქმნას ქართულ სახელოვნებო სივრცეში.
მოტივაციას ამაღლებს ფულადი პრემია, რომელიც შეადგენს 1500 ლარს და კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის – ხოხბის – გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი), რომელიცს პეციალურად ამ კონკურსისთვის გიაჯაფარიძემ შექმნა. ვფიქრობ, კარგი იქნება ნომინაციების მრავალფეროვნება და იდეაში განიხილება კინემატოგრაფთა და მთარგმნელთა ჩართვაც. კონკურსი 2015 და 2016 წელს ჩატარდა და საკმაოდ წარმატებულად. კონკურსის მიმართ ხელოვანთა სიმპათია და დაინტერესება ყოველწლიურად მზარდია, რაც მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ის მოსწონს სახელოვნებო სფეროს.  2017 წლის გაზაფხულზე, კონკურსი კვლავ გამოცხადდება.
– სამართლის დოქტორანტი ხართ. პარალელურად როგორ ახერხებთ შემოქმედებით შრომას?
– საკმაოდ ძნელია, იყო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის  დოქტორანტი. კავკასიის სამართლის სკოლას დავუკავშირე სამეცნიერო კვლევითი ეტაპი და ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ალბათ რამდენიმე წელში გავხდები კიდეც დოქტორი. ამით, როგორც ჩემი, ისე ოჯახის ოცნება ახდება. შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობა და საგანმანათლებლო პროცესი ურთულესია შესათავსებლად, მაგრამ კაცისთვის შეუძლებელი არაფერია. დღის მანძილზე რა სჯობს, როცა თავს გრძნობ მწერლად, ესაუბრები პერსონაჟებს, იძლევი სამართლებრივ კონსულტაციებს, ესწრები სალექციო კურსს და ა.შ. იანუსის ქანდაკებასავით ხარ, განსხვავებული სახე და როლი გაქვს ერთდროულად… დღის მანძილზე რამდენიმე ირაკლი შამათავა მოძრაობს დიდი ქალაქის ქუჩებში, რომელსაც გადაუწყვეტია არა ერთ ფლანგზე, არამედ მრავალ ასპექტში გაიბრძოლოს.16237989_1282572201789440_294215971_n
– დედა… იქ არის, აფხაზეთში… ამაღელვებელი წერილიც მისწერეთ… მეუფე თადეოზის სტრიქონი მახსენდება: „სად არს იმედი, რითაც ყოფნას გაიხანგრძლივებ?“
– დედაჩემს ენგურის ხიდს ვამსგავსებ… მისი როლია გამოღმით მყოფი შვილები – ხელსაყრელ დროს – შინ დააბრუნოს. დედაა რეალურად ერთადერთი იმედი, ომის დროს ნახანძრალი სახლი ვინც უნდა აღადგინოს. მტრის ცნებას, რომელიც დღესაც ვერ გამიგია წესიერად, დედა ებრძვის. მართალია ისევ შიშველი ხელებით, მაგრამ მაინც იმედისმომცემად. სწორედ, მისნაირების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა. დედაჩემისებრნი დარაჯობენ დღემდე ერთიანი საქართველოს პირველი მეფის – ბაგრატ მესამის საფლავს. სხვა დედაჩემისნაირები ნათლავენ ბავშვებს ილორსა და ბედიაში, სააღდგომოდ კვერცხებს წითლად ღებავენ და ასწავლიან იქ მყოფებს ადათ-წესებსა და ტრადიციებს. ჩემს სოფელში, „იავნანას“ ნაცვლად, დედები ასე მღერიან: „დაბრუნდებოდეთ, ნეტავი“!..
– თქვენი მოთხრობები რამდენიმე ენაზე ითარგმნა…
– დიახ!.. რუსულად, აფხაზურად, სომხურად, ინგლისურად და გერმანულად. „კაენი და სახარება“ მსოფლიო ხალხთა პროზაულ კრებულშიც კი არის შესული.
 7 ლიტერატურული პრემია მიიღეთ. 2016 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის პრემიები მოგენიჭათ. იშვიათია მწერალი ამ ასაკში, რომ ასე განებივრებული ყოფილიყოს ჯილდოებით… და მაინც, ყველაზე მეტად რომელ ჯილდოს გამოყოფთ?
– არ შეიძლება მწერლისთვის ლიტერატურული პრემია ერთგვარი საზომი იყოს, ის უბრალოდ სტიმულია, მოტივაცია, მეტი დროით დარჩე საკუთარ თავთან და გაცილებით უკეთესი ნაწარმოები შექმნა. ნიკოლოზ ბარათაშვილის, გურამ რჩეულიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემია განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ალბათ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემიაა. 16231408_1282568255123168_1423931196_o
„კაენი და სახარებისთვის“ ჟიურიმ წლის საუკეთესო პროზაიკოსად დამასახელა. წმინდა ილია მართლის ორდენი ბიბლიოთეკაშია დაბრძანებული, ყველაზე რთულ დროს ის და ბიბლია მეხმარება.
 ჰობი…
– პროზაიკოსისთვის მუსიკალურობა უმთავრესია, ამიტომ დავუახლოვდი ფორტეპიანოს. კარგი პროზაული ნაწარმოები მუსიკას ჰგავს, ბგერითი მისტიფიკაცია დაკვირვებულ მწერალს გასაოცარ ამბავს აწერინებს, ამდენად, მწერალი თუ მუსიკალურია, ნაწარმოები ორმაგად დიდებული გამოდის!.. მუსიკოსი მწერალი გაცილებით იოლად აღწერს მგლის ყმუილს, ქარის ზუზუნს, მდინარის მღელვარებას და ა.შ
რას ეტყოდით ენგურს იქით დარჩენილ მხარეს?
– ვეტყოდი, რომ უიმედობა ცოდვაბრალიანი რამაა და რწმენაში გავძლიერდეთ!.. რომ ადამიანებმა ხელოვნური იმედი უნდა შევქმნათ და რომელიღაც ჩინოვნიკის დაპირებით დავბრუნდეთ (იყის ეს დაპირება ცრუც, მთავარია, იმედი ჩაგვესახოს) იქნებ მხსნელი გმირი გვეპოვა, – მითიური ამირანი ვით შეუდრეკელი, ქართველ მეფეებივით ლომგულები… ან აფხაზურ-ქართული საზიარო ქორწილი გადავიხადოთ, გამოღმით გარდაცვლილები – ენგურს გაღმა გადავასვენოთ.
16251339_1282576595122334_649346891_oვეტყოდი, რომ ისევ დაბრუნების იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, რომ ტკივილის მხატვრულად მოგერიება უნდა ვისწავლოთ, რომ აფხაზური მიწის სიყვარულზე ვეჩიჩინოთ ახალგაზრდა თაობას, რათა სხვა მიწის სიყვარულით არ მოიწამლონ, რომ ჩვენ, ადრე თუ გვიან, ნებსით თუ უნებლიეთ, განგების ნებით, მაინც დავბრუნდებით!..
რაზე ოცნებობთ?
– ერთადერთი ოცნება აფხაზეთში დაბრუნება და მამის ნეშტის გადასვენებაა. ჩემი საქართველო იქ არის!.. ჩემი იერუსალიმი ხომ აფხაზეთია, რწმენის ნავსაყუდელი ქალაქი სოხუმი, უალტერნატივო ზღვისპირეთი – გაგრაა, თანადგომის მაგალითი – მიტოვებული სოფელი რეფი-შეშელეთი, ხოლო ტკივილის ჟამთააღმწერელი – მდინარე ენგური…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები