ჯიქიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა თბილისში. „კვირას“ ინფორმაციით, ჯიქიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რის შედეგადაც თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
„პაციენტი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ქალა-ტვინის მრავლობითი ტრავმები აღენიშნება, იგი კომატოზურ მდგომარეობაშია და ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე იმყოფება“, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები