„დროს უნდა გაუსწრო ზუსტად ერთი ნაბიჯით“… – ვინ დაწერა სიმღერა: „დავლევ, აბა, რას ვიზამ“
ვერის ძველ უბანში გაიზარდა. ძვირფასი მოგონებები სწორედ აქედან და ოჯახიდან იწყება. ცხოვრების საუკეთესო სტუდენტური წლები შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაატარა. პირველი სიმღერა სკოლის მოსწავლემ დაწერა. შემდეგ კი განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება მოვიდა… თბილისის კოლორიტული პიროვნება ბარდკლუბის პრეზიდენტი და „ქართული ვოდევილის თეატრის“ შემქმნელია. ყოველი მისი დღე მოულოდნელი, არაერთფეროვანი, საინტერესო, იმედებით და სიყვარულით სავსეა. – მსახიობი, რეჟისორი, კომპოზიტორი და მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი.
– ჩემი ოჯახი ის ერთადერთი სიმდიდრეა, რაც მე გამაჩნია ამ ცხოვრებაში. დავიბადე პატიოსან, თბილ, ქართულ ტრადიციულ ოჯახში! მამა ოთარ ზაქარიაშვილი იყო უაღრესად პატიოსანი, ნამდვილი ქალაქელი, ვერაზე დაბადებულ-გაზრდილი კაცი… ახლაც არსებობს ვერაზე ძველი უბანი, რომელსაც სატივეს ეძახიან, სადაც ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. მყავს ორი შვილი – ნიკუშა და ოთო. ჩემი ძმებიც აქ ცხოვრობენ, სამ სართულზე. სამი ძმა ვართ. უფროსი ძმა ზაზა, რომელიც აგრეთვე მუსიკოსია, პირველ სართულზე ცხოვრობს, უმცროსი ძმა ზურაბი, რომელიც პროფესიით გერმანისტია, ჰაინეს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული გერმანიაში – მეოთხეზე და მე მესამეზე. მოკლედ, ასაკის მიხედვით ავიღეთ სართულები. შედარებით „ხანშიშესულ” ზაზას, რომელიც ჩემზე სამი წლით უფროსია, დაბალი სართული მივეცით, რომ არ დაიღალოს კიბეებზე ასვლისას, უმცროსს, რომელზედაც მე 6 წლით უფროსი ვარ და ზაზა კი 9 წლით, ზედა სართული. ახალგაზრდაა და არ გაუჭირდება კიბეებზე სიარული. მე, შესაბამისად, შუათანა ძმას, მესამე სართული შემხვდა. შუაში მომაქციეს. მოკლედ, ციხესიმაგრე ავიშენეთ თავისი მეციხოვნეებით და სამივე აქ ვცხოვრობთ – ერთად, ძმურად და მეგობრულად!
დედა მუსიკის მაწავლებელი იყო. წლების მანძილზე მუშაობდა ბაღში მუსიკის პედაგოგად. არის დამსახურებული პედაგოგი, უამრავი ჯილდო აქვს მიღებული იმ დროს. არაჩვეულებრივად უკრავს ფორტეპიანოზე. დედა სწორედ ის ადამიანია, ვისაც დღემდე პირველს ვასმენინებ ახალ შექმნილ სიმღერებს, ზუსტად ხვდება, ეს სიმღერა პოპულარული გახდება თუ არა!
მამა დიდი ფიზიკური ძალის პატრონი იყო. ფიზკულტურის ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული და მეორე პროფესიით აგრეთვე ისტორიკოსი გახლდათ. მამა კარგად მღეროდა, მასთან ქეიფი და დროსტარება უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა სუფრის წევრებს.
– უამრავი მოგონება გაქვთ მამაზე…
– მასთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას გიამბობთ: თბილისის გარეუბანში მოვხვდი ერთ ოჯახში, ჩემს მეგობრებთან ერთად. გაიშალა სუფრა და გახურდა ქეიფი, ჩემი სადღეგრძელოც შეისვა, სადაც მამაჩემიც ახსენეს. ძალიან ბევრი აქეს ცხონებული მამაჩემი, ერთ-ერთმა სუფრის წევრმა, რომელიც შინაურულად ჩაცმული იჯდა სუფრასთან, გაუპარსავი, მუშა სამოსით, იკითხა, ვინ იყო მამაშენიო? უცებ ვუპასუხე, მამა იყო-მეთქი! არა, მე სხვა რამეს გეკითხებიო. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, არაფრით არ ვუთხარი, რა პროფესიის იყო შეგნებულად, მაგარი მამა იყო-მეთქი, ვპასუხობდი, სამი ბიჭი გაზარდა და ეს საკმარისია-მეთქი. ბოლოს მითხრა, რომელი უბნელი ხარ და მამაშენს რა ექვაო?
მეც ვუთხარი, სატივეს უბანში ვცხოვრობ, მამაჩემი ოთარი ზაქარიაშვილი გახლდათ-მეთქი, ადრე მეც მაგ უბანში ვცხოვრობდი, იქ დავიბადე და გავიზარდე და ასეთ კაცს მე არ ვიცნობდიო, მიპასუხა! ცოტა მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე, გამოვკითხე, რა ადგილას ცხოვრობდა, მანაც არ დაიზარა და სრულად მითხრა მისი სახლის ადგილმდებარეობა!
ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ვუთხარი, ,,ფოლადას” ეძახდნენ ზედმეტ სახელად-მეთქი. ვიფიქრე, იქნებ ზედმეტსახელი მაინც ეცნოს-თქო. დღესაც მისი მეგობრები ამ სახელით იხსენებენ. ბატონი გივი ბერიკაშვილი, რომელიც მამას ბავშვობის მეგობარია და ისიც ამ უბანში გაიზარდა, დღესაც, როცა შევხვდები, „ფოლადიჩით“ მომმართავს ხოლმე!
უცებ ეს ადამიანი ადგა, ბოდიში მოუხადა სუფრის წევრებს. ცოტა ხნით დაგტოვებთო, გვითხრა და შევიდა სახლში! ზუსტად ნახევარ საათში გაპარსული, ინტელიგენტურად ჩაცმული დაუბრუნდა სუფრას, მოვიდა ჩემთან, უკეთ გამეცნო, აბაშიძის გვარის კაცი ვარ, ძველი მოცურავეო. გადამეხვია მამაშვილურად და მითხრა: დიდი კაცი იყო მამაშენი, წესიერი, პატიოსანი, უბანში მის სიტყვას პატივს სცემდნენო.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ისე გამიხარდა ეს ჟესტი. ამას იმიტომ გიყვებით, რომ დიდი სიმდიდრე, ბედნიერება და პასუხისმგებლობაა შვილების, როცა ასეთ ოჯახში იზრდები. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ან წოდების მამა გყავთ – აკადემიკოსი, პროფესორი, გენერალი, თუ უბრალოდ მამა. სწორედ კარგი მამობა და დედობაა ის დიდი, საამაყო პროფესია, რომლითაც უნდა ამაყობდნენ შვილები.
ის, მართლაც, სამაგალითო მამა იყო. როდესაც მეკითხებიან, ვინ იყო მამაშენიო? ვპასუხობ, კარგი მამა იყო-მეთქი. როდესაც ჩემს სადღეგრძელოს სვამენ, იქვე მოკლე სამადლობელ სიტყვაში სიამაყით მივუგებ ხოლმე, მე გამიმარჯოს მამაჩემთან ერთად! ეს იციან ჩემმა მეგობრებმა….
– სამუსიკო სასწავლებლის შემდეგ, დაამთავრეთ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ სამსახიობო და შემდეგ სარეჟისორო ფაკულტეტი. რა დაგამახსოვრდათ სტუდენტობიდან?
– მოკლედ გეტყვით, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო განვლილი წლები. დამამახსოვრდა ჩემი არაჩვეულებრივი ლექტორები, რომლებიც გვასწავლიდნენ სამუსიკო, სამსახიობო და სარეჟისორო ხელოვნებას… სახელებს ჩამოგითვლით – ვოკალის პედაგოგი ირინა ქუთათელაძე, კომპოზიციას მასწავლიდა კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე, თეატრალურში სამსახიობო ხელოვნებას მასწავლიდა თემო აბაშიძე, ვოკალის პედაგოგი გახლდათ ვლადიმერ კანდელაკი, რეჟისურას – გიგა ლორთქიფანიძე და პედაგოგი ანდრო ენუქიძე…
ამ პერიოდში უმაგრესი ლექტორები ასწავლიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში. ჯერ მარტო ზურაბ ანჯაფარიძე რად ღირს, ის ჩვენი მუსიკალური ფაკულტეტის დეკანი იყო. როდესაც გამოცდებს ვაბარებდი, სხვათა შორის, ნანი ბრეგვაძემ შემაფასა და თანაც უმაღლესი ქულა დამიწერა, რაც ძალიან მეამაყება და რისთვისაც მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვარ….
– პირველი სიმღერა…
– სკოლაში სწავლის პერიოდში დავწერე პირველი სიმღერა, იმ პერიოდში ვიავადმყოფე და სწორედ მაშინ დავწერე ცოტა სევდიანი პირველი სიმღერები: „ფიფქის სიკვდილი” (ედიშერ ყიფიანის ლექსზე), „როცა ჩემთან ხარ” (საკუთარ ლექსზე). ეს ორი სიმღერა სკოლის დამთავრების შემდგომ მოგვიანებით შევასრულე ანსამბლ „ივერიასთან“ ერთად. იყო ასეთი კონკურსი: „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”, რომელიც ახალი ტალანტების აღმოჩენის მიზნით იმართებოდა. სამ ტურში გავიარე და დასკვნით კონცერტში მივიღე მონაწილეობა, სადაც ანსამბლ „ივერიის“ თანხლებით ვასრულებდი ამ სიმღერებს. შემდეგ დაიწერა „იმ ღამეს თოვდა”, რეზო ამაშუკელის ლექსზე, რომელიც მოგვიანებით თემურ წიკლაურმა შეასრულა თავისი ვარსკვლავის გახსნაზე, შემდეგ ტრიო „სიმმა“ – ასევე მათი ვარსკვლავის გახსნაზე, სხვა ჩემს სიმღერებთან ერთად. ორივე ვერსია განსხვავებულია და ძალიან მომწონს მეც და მსმენელსაც…
– გამორჩეული იყო რობერტ ბარძიმაშვილთან შემოქმედებითი თანამშრომლობის პერიოდი. რას გაიხსენებდით?
– ჩემი უმცროსი ძმა მის მიერ ჩამოყალიბებულ ბავშვთა ანსამბლ „ლახტში“ უკრავდა. გახსოვთ, ალბათ, ის უნიჭიერესი თაობა – ლევან ლაზარიშვილი, ლიკა დოლიძე, დათო ოძელაშვილი და სხვები. აი სწორედ იმ პერიოდში გავიცანი ბატონი რობერტი, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს ასევე გასტროლებზე, კონცერტებზე და გვქონდა საუბრები შოუბიზნესის განვითარებაზე, მუსიკაზე ბევრ რჩევას მაძლევდა. მოსწონდა ჩემი სიმღერებიც და ხაზს უსვამდა ერთ რამეს, – შენს სიმღერებს შენზე კარგად ვერავინ ასრულებსო, – და ყოველთვის რჩევებს და სტიმულს მაძლევდა!
ერთხელ ქალაქ რუსთავში კონცერტზე გამოვდიოდი, დარბაზში ბატონი რობერტიც იჯდა და მისმენდა, შემდეგ ბანკეტი გაიმართა და ერთად მოვხვდით სუფრასთან. ვკითხე, ამდენი ანსამბლი შექმენით, ბატონო რობერტ, ამდენი ნიჭიერი ხალხი გააერთიანეთ. როგორ ახერხებთ, რომ ყველა ანსამბლი, რაც თქვენ შექმენით, დღემდე ასეთი პოპულარობით სარგებლობს ხალხში-მეთქი… იცით, რა მიპასუხა?
„დროს უნდა გაუსწრო ერთი ნაბიჯით, ხაზს ვუსვამ ერთი ნაბიჯით, არც მეტით, არც ნაკლებით, იმიტომ, რომ თუ ერთი ნაბიჯით ჩამორჩები, დიდხანს ვერ გაუძლებ კონკურენციას და თუ ერთი ნაბიჯზე მეტს გაუსწრებ დროს, ხალხი ვერ მიგიღებსო”. მერე მომიყვა მაგალითები…
არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მუსიკაში გემოვნებიანი, ეროვნული და ყოველთვის უსწრებდა დროს. სიმღერის პროფესორს ვეძახდი. ერთხელ დაგვიბარა მე და ჩემი ძმა „ბერიკონში“. გახსოვთ, ალბათ, რესტორანი „ბერიკონი“, მთლად რესტორანსაც ვერ უწოდებდით, კარგი სცენით, კარგი აპარატურით თანამედროვე საკონცერტო დარბაზს უფრო ჰგავდა და ასეთი წინადადებით მომმართა: მინდა გავაკეთო ახალი ანსამბლი და შენ ჩაუდგე სათავეში, შემოიკრიბე შენი თაობის მუსიკოსები და ვნახოთ, რა გამოვაო… სახლში მივედი, მთელი ღამე არ მიძინია, ვფიქრობდი, მე რატომ შემომთავაზა-მეთქი. მქონდა შიშის და, ამასთანავე, სიამაყის გრძნობა. უარი ვუთხარი, რადგანაც შევშინდი, ახალგაზრდა კაცს არ მქონდა ამის გამოცდილება, სწორედ მაშინ შეიქმნა ახალი ბრწყინვალე ანსამბლი „ჯორჯია”, რომელიც ასევე პოპულარობით სარგებლობდა იმ პერიოდში…
– როგორ დაიწერა სიმღერა „არაფერი ავიწყდება გულს“?
– ეს სიმღერა მეგობრებს მივუძღვენი. ერთ დღეს ბატონმა რობერტმა მთხოვა, რამე ახალი სიმღერა მომასმენინე, შენი ერთი სიმღერა მეც ხომ უნდა ვიმღეროო. დავიწყე თუ არა სიმღერა „არაფერი ავიწყდება გულს”, შემაწყვეტინა, ვისი ლექსიაო, მე ვუთხარი, ჩემი-მეთქი. უკვე კარგია ეს სიმღერა, მე უნდა ვიმღერო, კასეტაზე ჩამიწერე და ერთი სტროფიც მიამატეო. მოკლედ, შევასრულე დავალება, ვაპირებდი ამ სიმღერის ჩაწერას და მოხდა უბედურება, ბატონი რობერტი გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ამის შემდეგ მისმა მეუღლემ დამირეკა და მთხოვა, იქნებ ეს სიმღერა მაინც ჩავწეროთ, მივუძღვნათ ბატონ რობერტს და მისივე ჩამოყალიბებული ანსამბლი „ბარძიმი“ იმღერებსო. რაღა თქმა უნდა, დავთანხმდი და ბიჭებმაც კარგად იმუშავეს. ძალიან მომწონს მათი ნამღერი! არანჟირება ეკუთვნის ჩემს მეგობარ ირაკლი მენთეშაშვილს. ამ ბრწყინვალე მუსიკოსს უდიდეს პატივს სცემდა ბატონი რობერტი. ირაკლიც წლების განმავლობაში მუშაობდა მასთან „ანსამბლ 75“- შიც და მოგვიანებით ანსამბლ „ჯორჯიაშიც“…
– მსახიობი, რეჟისორი, კომპოზიტორი და მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი, – რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ამ პროფესიების უმაღლესი დიპლომები მაქვს. ეს ყველა პროფესია შევისწავლე და, ვფიქრობ, ისეა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ სამივე მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე ცხოვრება და საქმიანობა… მაქვს თხუთმეტამდე სპექტაკლისთვის მუსიკა შექმნილი, მაქვს აგრეთვე სპექტაკლებში ნათამაშები როლები! სამსახიობო ოსტატობა მეხმარება სცენაზეც. ამას წინათ, გულო კობიაშვილის მოთხრობების მიხედვით, დავდგი პირველი სპექტაკლი ჩემივე დაარსებულ „ქართული ვოდევილის თეატრში”, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად! ასე რომ, სამივე პროფესიის შესწავლა მეხმარება ჩემი მიზნების განსახორციელებლად, რომელიც ხელოვნებას უკავშირდება! ახალგაზრდებს ვურჩევ, რა პროფესიასაც აირჩევენ, უმაღლესი განათლება მიიღონ და კარგად დაეუფლონ იმ პროფესიას…
– განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება კი მოგიტანათ სიმღერებმა: „დავლევ, აბა რას ვიზამ“ და „იასამანმა“ . მერე იყო „მე გვირილასთან გიცდიდი“, „იმ ღამეს თოვდა“, „მიყვარხარო“, „მთვარე ანათებს“, „თურმე იასთან გეძინა“, „ნიკალა პაპა“, „მზეო თიბათვისა“ და მრავალი სხვა… რომელს გამოარჩევდით აქედან, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს?
– ბანალურად გიპასუხებთ: როგორც შვილებს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან, ისე სიმღერებს! შვილებიც ჩემი შექმნილია და სიმღერებიც. ასე რომ, მათმა დაბადებამ უდიდესი სიხარული და ბედნიერება მომანიჭა…
– თითქმის ყველა სიმღერა სიყვარულზე გაქვთ დაწერილი… „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“, ასეა, ხომ? სიმღერას „დავლევ, აბა, რას ვიზამ“… – სწორედ ერთი ასეთი ისტორია აქვს საფუძვლად.
– ეს ისტორია ბევრგან მაქვს მოყოლილი და ამიტომ აღარ გავიმეორებ, საერთოდ, სიყვარული დიდხანს ადამიანს აცოცხლებს… ამ სიმღერამ იმ წლებში დიდი აღიარება მომიტანა, მაგრამ დღესაც ავტორის სახელი არ ახსოვთ, ხალხური ჰგონიათ და როდესაც ჩემი მეგობრები ვინმეს ჩემს თავს აცნობენ, იქვე დაამატებენ, ეს ის არის, „დავლევ, აბა, რას ვიზამ” რომ დაწერაო! მიხარია, რომ დღესაც პოპულარულია ეს სიმღერა და ჩვენი ქვეყნის გარეთაც სხვადასხვა ქვეყანაში ასრულებენ. ეს დიდი აღიარება და სიხარულია ჩემთვის…
– ოთარ რამიშვილთან ახლო მეგობრობა გქონდათ. მან გამორჩეულად შეაფასა თქვენი შემოქმედება…
– ბატონი ოთარი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და არაორდინალური ადამიანი იყო! ბევრჯერ გვქონია ერთად კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ჩემი მეგობარი სოსო მაზმანიანი უძღვებოდა კონცერტებს! ჩვენ ერთობლივი კონცერტებიც გვქონდა, რომელსაც „დავლევ, აბა, რას ვიზამ“ დავარქვით. დღესაც ვინახავ იმ აფიშებს სახლში… პირველ მოქმედებაში ის გამოდიოდა, მეორეში – მე. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი საღამოები, მას ჰქონდა ულამაზესი გულშიჩამწვდომი მელოდიები, მოულოდნელი, გამოუცნობი იყო მისი სცენაზე გამოჩენაც, არავინ იცოდა, რას იზამდა კონცერტზე, რას იტყოდა, როგორ მოიქცეოდა, ან რას იმღერებდა, სწორედ ეს ხიბლავდა მასში მსმენელსაც და დიდი სიყვარულით და ოვაციებით პასუხობდნენ მის ყოველ ქმედებას სცენაზე!
არ შეიძლებოდა ეს ადამიანი ვინმეს გაეცნო და არ ემეგობრა მასთან, ისეთი უშუალო და ქალაქურად ვიტყვი, ისეთი ჯიგარი იყო! სწორედ „დავლევ, აბა, რას ვიზამ“ პირველად ოჯახის წევრების მერე მას მოვასმენინე ფილარმონიის საოპერატორო ოთახში, იცით, რა კაცური რამ ჩაიდინა? როცა ვიმღერე „დავლევ, აბა, რას ვიზამ“, იქვე გადავაკეთე სიმღერის ტექსტი და ასე ვუმღერე: ,,შენ კი, ოთარ, ძველებური მადლიანი თბილისური შეუბერე”-მეთქი, სკამიდან ადგა, ღიმილით დაიჩოქა და მუხლზე მაკოცა.
გაოგნებული დავრჩი, წარმოუდგენელი რამ გააკეთა, თითქოს გზა დამილოცა სცენაზე, სიყვარულით იარეო და გამაფრთხილა, რომ კოლეგებს პატივი ეციო. მაშინ, როცა ხელოვანები ერთმანეთს ჭამენ, ლანძღავენ და თათხავენ, ამ ადამიანმა ისეთი ჟესტი გააკეთა, მთელი ცხოვრება დამრჩა მეხსიერებაში!
იქ იმყოფებოდა მამაჩემიც, ორივე ოთარ მიხაილოვიჩი იყო და ამ ფაქტზე ბევრჯერ გვიხუმრია მე და ბატონ ოთარს. ასევე იქ იმყოფებოდა და ამ ამბავს შეესწრო ბატონი ოთარის ულამაზესი მეუღლე, ქალბატონი გულნაზი, რომელიც მართლა ამართლებს ნათლიის სახელს, გულით ნაზი და უსაყვარლესი ადამიანია. ძალიან მიჭირს ქალბატონი გულნაზის დანახვა ბატონი ოთარის გარეშე. ისინი მრავალჯერ მინახავს კონცერტებზე ერთად! მისი ორი იუბილეს წამყვანი ვიყავი, რაც ძალიან მეამაყება. ამ დღის მერე ჩვენ დავმეგობრდით და ყოველთვის, როდესაც ახალგაზრდა დამწყებ მომღერალს მოვისმენ, ვცდილობ, მასავით გზა დავულოცო და რითაც შემიძლია, დავეხმარო. აი, ეს მასწავლა მან…
– ავტორ–შემსრულებელთა ბარდკლუბის პრეზიდენტი ხართ… ატარებთ ბარდების კლუბის კონცერტებს...
– 2015 წელს, ანუ შარშან ჩავატარეთ ბარდების ფესტივალი, სადაც გამოდიოდნენ იმ უბერებელი სიმღერების ავტორები, რომელთა სიმღერებიც ზეპირად იცის ხალხმა! ასევე ახალგაზრდები გამოვიყვანეთ. იყო ძალიან უშუალო, სიყვარულით სავსე საღამო, რომელიც 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. ხალხს აღარ უნდოდა კონცერტის დამთავრება! ყველაფერი ცოცხალი შესრულებით იყო და მხოლოდ გიტარის თანხლებით! მართლაც, საოცარი კონცერტი გამოვიდა, ყოველ წელს ვაპირებთ ამ ფესტივალის გამართვას და ბარდების კულტურის დამკვიდრებას საქართველოში! ჩვენს ქვეყანას ჰყავდა უმაგრესი ბარდები: ოთარ რამიშვილი, ავთო შარვაძე, ინოლა გურგულია… სია დიდია და აღარ ჩამოვთვლი. ეს გვარებიც საკმარისია და მინდა გითხრათ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება….
– ქართული ვოდევილის თეატრი ახსენეთ…
– ეს იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება, ამიტომ ვისწავლე ამდენი წელი, რომ მინდოდა საკუთარი თეატრი შემექმნა და, როგორც ყველა ოცნება, ესეც ავისრულე…
– საგულისხმოა თქვენი მიმართვა ახალგაზრდებისადმი: „მთავარია, შენი ხალხისთვის ქმნიდე რამე ღირებულს. მოვა დრო და სხვაც გაღიარებს. ნუ ჩქარობთ და ნუ ცდილობთ საზღვრებს გარეთ მოიწონოთ თავი მათივე ფოლკლორზე დაყრდნობილი მუსიკით. საკუთარი ფოლკლორი გამოიყენეთ. ის ხშირ შემთხვევაში ბევრად აღმატებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფოლკლორი. ამას ხომ მსოფლიოც თავად აღიარებს. ჩვენი ხალხური ცეკვა, სიმღერა გაიხსენეთ და სწორ გზაზე დადექით“… რა კონკრეტულმა შემთხვევამ განაპირობა ამ მიმართვის დაწერა?
– კონკრეტულმა შემთხვევამ, არა… უბრალოდ, როცა არასწორი მიმართულებით მიდიან ახალგაზრდები, ვინმე ხომ უნდა მისცეს მათ კომპეტენტური რჩევა?
– თბილისის კოლორიტი ხართ… რას ფიქრობთ დღევანდელ თბილისზე?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს თბილისის შენობა-ნაგებობების თავისებურება, მიმაჩნია, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. ჩემთვის მაინც მთავარია ამ ქალაქში მცხოვრები ქალაქელების მორალი და ცხოვრების წესი! რითი მხიბლავდა, იცით, ჩვენი მამაჩემის თაობის ქალაქელობა? გამოირჩეოდნენ განათლებით, იუმორით, ქალების მიმართ რაინდული დამოკიდებულებით, ვაჟკაცობით და ღირსებით! არასოდეს გამიგია მამაჩემისგან და არც მისი მეგობრებისგან სიტყვა „ჩამოთრეული!” ყოველთვის დიდი სიყვარულით ექცეოდნენ სოფლიდან აქ ჩამოსულ გლეხებს, უბრალო ადამიანებს და ისინიც ადეკვატურად ექცეოდნენ და პატივს სცემდნენ ქალაქელებს! რასაც ახლა ნამდვილად ვერ ვგრძნობ! დიდი აგრესიაა ქალაქელების მიმართ და ასევე აქ პერიფერიებიდან ჩამოსული სტუმრების მიმართ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. არ მომწონს ეს დამოკიდებულება!
– როგორი მსმენელი გიყვართ?
– რომელიც ყურადღებით უსმენს მომღერალს და აქვს კონცერტის დროს დარბაზში ჯდომის და ქცევის კულტურა….
– ახლახან კულტურის სამინისტროს მიმართეთ, ზურაბ მანაგაძის ვარსკვლავის გახსნის თხოვნით… რაიმე გამოხმაურება ხომ არ მოჰყოლია?
– არანაირი გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია ამ ამბავს. ალბათ არჩევნების დასრულებას ელოდებიან! ამ საქმეს გამოხმაურება არ უნდა, უბრალოდ იმ ადამიანს, რომელსაც ეკუთვნის ვარსკვლავი, უნდა გაუხსნან!
– რომის პაპის ჩამოსვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა…
– ჩემი აზრი ასეთია: ქართველებს სტუმარ-მასპინძლობაში ბადალი არ გვყავსო, – გავიძახით და ამას დამტკიცება უნდა, ტოლერანტებად მოგვაქვს ყოველთვის თავი, ვამაყობთ, რომ თბილისში გვერდიგვერდ უამრავი სხვადასხვა კონფესიის ტაძრია აშენებული და სხვადასხვა ეროვნების ხალხი მუდამ სიყვარულით ვცხოვრობდით ამ დალოცვილ ქალაქში… მე მართლის მადიდებელი სარწმუნოების კაცი ვარ, ვერავითარი პაპის, ან შაჰის ჩამოსვლა ვერ შემაცვლევინებს ჩემს რწმენას. ამიტომ არ არის საჭირო ხალხის დაშინება ამ კუთხით, აქედან გამომდინარე გეტყვით ქართველებისთვის მნიშვნელოვან ფრაზას: სტუმარი ღვთისაა…
– ოჯახი… მეორე მეუღლე გყავთ… შვილებიც მუსიკას მისდევენ...
– მეუღლე ნინო ბადაგაძე პროფესიით საქონელმცოდნე-ექსპერტია, ხშირად ვაშაყირებ, ჩემს თავზე მივუთითებ და სიამაყით ვეუბნები: „ხარისხში ნამდვილად კარგად ერკვევი-მეთქი”, რაზეც გულიანად იცინის! უფროსი ვაჟი ნიკუშა ზაქარიაშვილი ამას წინათ „ნიჭიერის“ ფინალში იყო. არის ასეთი მუსიკალური მიმდინარეობა ,,ბიდ ბოქსი”, ის ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მიმდინარეობაში… სიმღერითაც საკმაოდ ნორმალურად მღერის! სიმართლე გითხრათ, შვილების არჩევანში არც ვერევი და არც ვაპროტესტებ. მირჩევნია, თავად მონახონ ის, რაშიც წარმატებულები იქნებიან, ჩემი რჩევა კი იქნება, რომ საქმე, რომელსაც აირჩევენ, ბოლომდე შეისწავლონ, აითვისონ და საუკეთესოები გახდნენ… რაც შეეხება უმცროს ვაჟს – ოთარ ზაქარიაშვილს, მოცეკვავეა, საკმაოდ მიზანდასახული სწავლისკენ ორიენტირებული და მშრომელი ბავშვია, ყველაფერი აინტერესებს, უნდა, ყველაფერში იყოს წარმატებული და საუკეთესო. 9 წლის არის, უკვე დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ოჯახში და მიაღწია კიდეც იმას, რომ ვენდობით და ხშირ შემთხვევაში მეც და დედასაც რჩევებსაც გვაძლევს…
– გქონდათ სოლო კონცერტები, 1989 და 1991 წლებში, მარჯანიშვილის თეატრში და 1993 წელს – ფილარმონიაში… აპირებთ სოლო კონცერტს ორკესტრთან ერთად… კიდევ რა გეგმები გაქვთ? რას შეცვლიდით, ცხოვრებას ახლიდან რომ იწყებდეთ?
– ახლა, ამ ეტაპზე, უფრო ყველანაირად მზად ვარ, რომ სოლო კონცერტი გავმართო უმაღლეს დონეზე, მაგრამ ამას სჭირდება დაფინასება, რაც არ გამაჩნია… არ მსურს, კონცერტი გავაკეთო ისევ ფონოგრამებით. ასე შემიძლია ყოველთვე კონცერტები ვმართო, მაგრამ ჩემს ასაკში ახლა უფრო მეტად ორიენტირებული ვარ ხარისხზე…
– სულ ვმუშაობ, მაგრამ არ ვჩანვარ, მე არცერთი მთავრობა არ მწყალობსო, – აღნიშნეთ ერთ–ერთ საუბარში. რატომ არ ჩანხართ აქტიურად?
– იცით, რა მინდა გითხართ, არ მომწონს, როცა რომელიმე მთავრობა ამოიჩემებს რომელიმე მომღერალს რაიმე ნიშნით, გარეგნულად მოსწონს, ვიღაცის საყვარელია, ოჯახის ნათესავია, ან ახლობელი, ან პოლიტიკურად მისი მხარდამჭერი და მხოლოდ იმ ადამიანებს აპიარებს და სხვას კი, უფრო ღირებულთ, ასე ვთქვათ, ბლოკავენ. ამიტომაც გვყავს დროებით „გავარსკვლავებული” მომღერლები, მთავრობის შეცვლის შემდეგ რომ აღარავის ახსოვს, მათი შემოქმედება ერთჯერადია! ხალხის საყვარელი მომღერლები კი ხშირ შემთხვევაში ჩრდილში ექცევიან….
– როდის არის სიმღერა მუდამ თანამედროვე? როცა წლები გადის და სიმღერა უფრო და უფრო პოპულარული ხდება… რა განაპირობებს ამას?
– გულიდან ამოსული უნდა იყოს სიმღერა და არა ნოტების გადაადგილება- გადმოადგილებით, რომელიც ნოტების მცოდნე ყველა მუსიკოსმა იცის …
– როგორ ირჩევთ სასიმღერო ტექსტებს? დღეს რატომღაც გაუმართავი სასიმღერო ტექსტები მომრავლდა…
– ადრე თავად ვწერდი ტექტებს ჩემი სიმღერებისთვის და ზოგიერთი ტექსტი, ხაზს ვუსვამ – ტექსტი და არა ლექსი (სულ სხვა მცნებაა) არ მომწონდა, ახლა ეს პრობლემა ჩემთვის აღარ არსებობს, მყავს უნიჭიერესი პოეტი მეგობრები: თემურ ჩალაბაშვილი, ედუარდ უგულავა, ნანა ცინცაძე,ზურა გოშაძე და სხვ. რომლებთანაც ერთად ვმუშაობ და საკმაოდ ხარისხიან ლექსებს მიწერენ და მჩუქნიან…
– თქვენმა თაობამ მრავალი გაჭირვება, ომები გამოიარა… თქვენს შემოქმედებაზე როგორ აისახა ის წლები… რამდენად უხსნის შთაგონებას შემოქმედს სიმძაფრე?
– იცით, რას გეტყვით? მე პირადად სიმშვიდე და მშვიდობა მირჩევნია ჩემს ქვეყანაში, აი მერე ნახეთ თქვენ, რა სიმღერებს შევქმნი…აღარ მინდა გაჭირვება, ომები და უბედურება, აღარ მინდა, ლექსები სავსე იყოს სიტყვებით: სისხლი, ომი, ბრძოლა, გვამები, ღალატი…. მირჩევნია უფრო მეტი სიმღერები, ლექსები დაიწეროს გაბრწყინებულ, დალაგებულ, ბედნიერ ხალხზე და ერთიან გამთლიანებულ საქართველოზე…
– თქვენი ერთი დღე…
– ვერ მოგიყვებით იმიტომ, რომ ყოველი ჩემი დღე არის მოულოდნელი, არაერთფეროვანი, საინტერესო, იმედებით და სიყვარულით სავსე….
თამარ შაიშმელაშვილი