მთავარი პროკურატურა დავით კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ გავრცელებულ მასალებს შეისწავლის
მთავარი პროკურატურა დავით კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებს შეისწავლის. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს. დავით კეზერაშვილი 2003 – 2008 წლებში საჯარო მოხელე იყო, კერძოდ, მას ეკავა ფინანსური პოლიციის უფროსის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში 100 ათას ლარს შეადგენდა. აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილის ბიზნეს-სექტორში გადასვლის შემდეგ, მის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულმა ჰოლდინგური კომპანიის საერთო შემოსავალმა 2009-2012 წლებში ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მთავარი პროკურატურის მიერ მოცემული გარემოებები შესწავლილი იქნება გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.