საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ოთარ დანელია დღეს რუსთავში მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. ოთარ დანელიამ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომსახურების სააგენტოში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება. მისი თქმით, სააგენტო მოქალაქეებისთვის არსებული სერვისების მიწოდებას კვლავ გააგრძელებს. “შევინარჩუნებ გუნდს, რაც აქამდე იყო სააგენტოში. მომსახურების სააგენტო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეს თითოეული თანამშრომელის დამსახურებაა. ჩვენ ვაგრძელებთ იმ სერვისების მიწოდებას მომხმარებლისათვის, რომელიც აქამდე იყო. მაქსიმალურად ვეცდებით ამ სერვისების უმაღლეს სტანდარტებთან გათანაბრებას და, რა თქმა უნდა, წელს დავნერგავთ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე ჩამოსული სტუმრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და აქტუალური იქნება. ამის შესახებ ჩვენ გავაკეთებთ უკვე მიზნობრივ კომუნიკაციას და კონკრეტულ გაშუქებებს თითოეულ პროექტთან დაკავშირებით,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთარ დანელიამ. ოთარ დანელიამ აღნიშნულ თანამდებობაზე ნინო კობახიძე შეცვალა, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნის და რესტრუქტურიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს. შსს-ს ინფორმაციით, ოთარ დანელიას შსს-ს საფინანსო და სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.