თბილისში მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ნაწილი მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მგზავრების ნაწილი, რომლებიც ყვითელ ავტობუსში ისხდნენ, გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.
კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლელა ჩაგანავას ინფორმაციით, სამედიცინო დაწსებულებაში დღეს დილით 5 დაშავებული მიიყვანეს. მისივე თქმით, მათ ზედაპირული დაზიანებები აქვთ მიღებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„დღეს დილით 5 პაციენტი მივიღეთ კლინიკაში. თითოეულ მათგანს სხეულზე ზედაპირული დაზიანები აქვს მიღებული. პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, ისინი, სავარაუდოდ, კლინიკას დღესვე დატოვებენ“, – აღნიშნა ლელა ჩაგანავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ყვითელი ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ისანში, სასტუმრო “რიჩის” ტერიტორიაზე შევარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო 18 მგზავრი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, დაშავებული 18 მგზავრი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები