,,საკაიფო“ ინტერვიუ, ანუ ინტელექტუალური ხულიგანის განწყობა №
ერთნაირად ნიჭიერი: ჟურნალისტიც, პოეტიც და ქალიც.. ყველაზე–ყველაზე მაშინ გრძნობს თავს, როცა “ფერხორციან და ვარდისფერ პირმშოსავით“ ლექსს მშობიარობს, გლამურის ხიბლი ფეხზე ჰკიდია და ერთდროულად “სწერვაცაა და ლედიც“ ... გაიცანით,- წინა ცხოვრებებში: მხედარმთავარი, ქურუმი ქალი და სხვა,- ამ საუკუნეში: თამარ ბოლქვაძე..
– სიმართლე გითხრა, ვიცი რა შენი დამოკიდებულება, ზოგადად, შაბლონისა და ჩარჩოების მიმართ, იტერვიუს დროს ვეცდები,- შენი “თამაშის“ წესები დავიცვა: რას ეტყვი მათ, ვინც აქებს თამარ ბოლქვაძეს და მათ, ვინც მას აძაგებს?
– მათ, ვინც მაქებს, ვეტყოდი, რომ უკვე დიდი “გოგო” ვარ და თავში არ ამივარდება!.. ქება სტიმულს მაძლევს, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდე და უფრო მეტი გავაკეთო. პოეზიაში კი, როგორც მთასვლელები იტყვიან ხოლმე, – მთავარია, არ დავკარგო სიმაღლე! (თუ, მკითხველის აზრით, ასეთი მაქვს, რა თქმა უნდა…) მაძაგებელს კი ჩემი ძველი სლოგანით ვუპასუხებ – “მე მესმის მათი, ვისაც ჩემი არ ესმის”… და კიდევ ერთიც, მტრებისა და მაძაგებლების გასაგონად,- ისე უნდა ვიცხოვრო, რომ “სვოლოჩებმა” მთელი დარჩენილი ცხოვრება დამიმახსოვრონ.
– მამაკაცები ამბობენ, რომ ჭკვიან ქალთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ საინტერესოო,- ჭკვიანი ქალის სახელით მათ რაიმე სარევანშოს ხომ არ ეტყოდი?
– ჭკვიანი ქალის პასუხი მამაკაცებს: ქალი როცა იბადება, მას სამი ანგელოზი უდგას თავთან, ერთი კოცნის შუბლზე – ჭკვიანი რომ გაიზარდოს, მეორე – გულზე, კეთილი რომ ჰქონდეს, მესამე კი – ლოყაზე, – ლამაზი რომ იყოს, ეძებეთ სამი ანგელოზის მიერ დაკოცნილი ქალი და თუ იპოვით, მეც გამაცანით, – “დიმიტრი გელოვანი იუბკაში”… ბოლოს, ჩაროზად მამაკაცებს შევახსენებ მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებს: – მამლები კი ყივიან, მაგრამ კვერცხებს ქათმები დებენ!…
– გაიხსენე, შენი ერთი ლექსი, რომელიც ,,არა სიტუაციურია“ და შენს სათქმელს ყველაზე კარგად გამოხატავს?
– ლექსი, რომელიც ჩემს სათქმელს ყველაზე კარგად გამოხატავს? ალბათ არის: “ქალი, რომელიც”
„ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს,
და უყვარს ახლა, მგონი, არავინ…
გამოპრანჭული ყრის ხოლმე ნაგავს,
და სულ უცხოსთან უყვარს სალამი.
ქალი, რომელიც იცნობს თავის თავს,
და სულ აჭარბებს ფიქრის მოლოდინს,
სიტყვით ჯიბეში ვისაც ჩაისვამს,
მას არ გაუმხელს სათქმელს ბოლომდე…
ქალი, რომელიც ასაღამოვებს დილას,
გატანილს უკვე არეზე,
ფეხზე ჰკიდია ხიბლი გლამურის,
რადგან თავის თავს არსად არ ეძებს…
ქალი, რომელსაც უყვარს თამაში,
მაგრამ განწყობებს არ სვამს ზეროზე,
ისე გაგიყრის მაცდურ თვალს თვალში,
რომ დაიჯერებ, რაც არ გჯეროდა…
ქალი, რომელიც ეძებს უცაბედს,
და სულ ”დროულად” ხვდება შემთხვევას,
საათობითაც თუ დაუცადე,
შენთან არ მოვა დროზე ერთხელაც…
ქალი, რომელიც მოჰგავს დანაღმულ
მინდორს, მოჩითულს მუდამ გვირილით,
წლებს გაატანა ყველა სანაღვლო
და ტუჩზე საცხად დარჩა ღიმილი…
ქალი, რომელმაც შეკრა განცდები
გონების ფირზე ერთ დიდ ”სტოპკადრად”,
გადატანილი განსაცდელივით
ხსოვნას ხელკავით ჩემკენ მოჰყავდა“…
ცხვირი ჰგავს? – ჰგავს, თვალები? – მგონი, თვალებიც, მაგრამ, ეს ლექსი მაინც არ არის ჩემში მცხოვრები სამივე ქალის სრული პორტრეტი…
– ყველაზე … ყველაზე… როდის ხარ?
– ყველაზე-ყველაზე მაშინ ვარ, როცა ისეთ ლექსს ვმშობიარობ, რომლის დახედვისას, გულნაკლული არ ვარ, ფერხორცითაც ვარდისფრად ღუის და ჩემი “პირმშოს” სხვებისთვის ჩვენების სურვილიც მიჩნდება, თუმცა, ასეთი “მარწყვივით” ბავშვი იშვიათად გამომდის… კიდევ, ყველაზე კარგად მაშინ ვარ, როცა საკუთარ თავთან ყოფნას მაცლიან და “სამივე” თამარა ერთმანეთთან საერთო ენას პოულობს, რაც ასევე, იშვიათი სიამოვნებაა, მაგრამ, ჩემი “ყველაზე-ყველაზე” კარგად ჩემს ტასოსთან ყოფნაა (თურმე, რა სიტკბო ჰქონია შვილიშვილს!), როცა ტასო თავისი ჟღურტულა ენით – “ბებია-გოგონა, დულში მიკალხალო” – მეუბნება, ამ დროს სხვა სივრცესა და განზომილებაში გადავდივარ…
– შეფასება, რომელიც საკუთარ თავზე გსმენია და მოგეწონა…
– – რომელი შეფასება მომწონებია? რამდენიმე წლის წინ, ლიტერატურულ საიტზე ერთმა, დღემდე უცნობმა, ასეთი შეფასება მომწერა: -“რა მომწონს ამ პოეტესაში? მრავალფეროვანია, ქალური მდიდრული სამკაულებიც აქვს, თუ უნდა, “ტონკი” ირონია და თვითირონია, დახვეწილი სარკაზმი, ზუსტი და 10-ში გარტყმული სახეებიც… იგროკიცაა, “პროსტო” ქალიცაა, მკაცრად ელეგანტურიცაა, სუსტიცაა, “სწერვაცაა”, ჭკვიანია, ენამწარეა, აქვს ბასრი და მოქნილი პოეტური ენა და თავისი ხელწერა, არაა სტანდარტული, დაშტამპული, ბანალური და, ზოგადად, ჩარჩოს გარეშეა. პიროვნებაა, რაც ასე ძნელი საპოვნელია ქალში! ლედიცაა, პასუხის გაცემაც შეუძლია – “მამა, ნი ვსტავაი” ისე და ქალია, რა დახვეწილი და როგორ ვთქვა, იყოს ისევ სლენგით, მაგარი „ვიდის“, და თვალები…ოოოოოოო…”
ამ ტექსტს ასეთი მინაწერი ჰქონდა: – ლალი. 2011-12-16; როგორც ჩანს, ჩემმა ლექსებმა „უამბეს“ ჩემს შესახებ და განა, არსებობს პოეტისთვის ამაზე დიდი შეფასება?..
– ერთნაირად კარგად წერ ქართულადაც და რუსულადაც: ,,გვითხარი“ ერთი შენი ლექსი ორივე ენაზე…
– ჩემი ჭირვეული ქალბატონი მუზა ორივე ენაზე მეჩურჩულება და ხან ქართულად ვწერ, ხან რუსულად. ჩემს რუსულ ლექსებზე ქართველი კომპოზიტორის მიერ ექვსი რომანსია შექმნილი. რამდენიმე ლექსი კი რუსულად ბატონმა გუგული ქებურიამ თარგმნა. შემოგთავაზებთ ჩემს ერთ ლექსს და ქებურიას თარგმანსაც: „განწყობა № 1“
„დღე – დალაქული მოლბერტი,
განწყობა – ფოთლები ქარში.
კაცი – ცარიელი კონვერტი,
ქალი – მენდელსონის მარში“…
თარგმანი:
„Женщина – марш Мендельсона,
Мужчина – пустой конверт.
Настроение – боль без стона,
День – без картины мольберт“.
ეს კი ჩემი რუსული ლექსია, თან ასე მონატრებულ გაზაფხულსაც უხდება, მგონი…
*** Март, весна, улыбка ночи,
Душа с ума сойти захочет.
Пульс весны не даст покоя,
Шепнёт мне ночь – ведь свой я,
Свой я…
Весна любовной срасти жрица,
Мне даст напиток порезвиться.
И понесутся канетели,
Забуду я часы, недели,
Болеть любовью мне помогут
Озорного марта ночи!
Я так напьюсь весной, что больше
Любить меня ты не захочешь!..
– ხუთი წუთი შენს ოჯახში ,,გვამყოფე“ და აგვიწერე, ირგვლივ რა ხდება…
– ხუთ წუთზე მეტს არ შეგახედებთ, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი,- ჩემი ციხე-სიმაგრეა! ოჯახის წევრები – მე, თემო, მარიამი და შაბათ-კვირას ტასო (ამ დღეებს „ტასოობას“ ვეძახი), უფროსი შვილი, გიორგი, მეუღლესთან ერთად ცალკე ცხოვრობს. დედა, ანუ „დიდი მუხრანი“ კარის მეზობელი, დედისერთა ყიყლიყო ამ ორ ოჯახში… ოჯახის ყველა წევრი, ჩემი ჩათვლით, ღამურების „ლოჟის“ საპატიო წევრია, სანამ ტელევიზორი შიშინს არ იწყებს, – დამაძინეთ, მერე რა, რომ ყუთი ვარო… დილა – ფართხ-აფურთხით, ვის სამსახურში აგვიანდება, ვის ლექციებზე და არის ერთი გადარბენა ყავის ან ჩაის ჭიქით ხელში, ტრილიაჟის სარკესთან ჩემი და ქალიშვილის კონკურსია, სახელწოდებით – „ვინ უფრო მალე მოიკაზმება“ (თუმცა, სახლში რამდენიმე სარკეა…). დიასახლისურს კი ვგავარ, მაგრამ, სახლში სულ არ ვარ და ისე ნაღვლიანად შემომანათებს ხოლმე გაზქურის ალი, რომ მზარეულობას მისი ხათრით ვიწყებ… (მგონი, ხუთ წუთზე მეტი გამომივიდა, დანარჩენი მე ვიცი და ჩემმა სახლმა…)
– ერთხელ ასე თქვი: ,, დიდი რეჟისორი – დრო ფილმს იღებს ჩვენზე, მხოლოდ 21-ე საუკუნეში რომ აღმოვაჩინეთ ის, რაც ამ სამყაროსავით ძველია ანუ სექსი“,- მინდა ჩაგეძიო: ვინ ჩვენ თამარ?
– ჰოო, ეგ ერთი „პრადვინუტი“ გოგჩოს სატელევიზიო გამოსვლის პასუხად დავდე ფაცეზე. „ჩვენში“ მათ ვგულისხმობ, ვისაც სექსი მთელი თავისი წიაღსვლებით მხოლოდ 21-ე საუკუნეში „მოკბეჩილი ვაშლი“ ჰგონია, არადა, ისეთივე ძველია, როგორც ეს ბებერი სამყარო… მე ის უფრო მიკვირს, ახლა რომ აღმოაჩინეს ვიღაც-ვიღაცებმა და ამ „აღმოჩენით“ თავი ულტრათანამედროვედ მიაჩნია! ზღვარგადასული უკომპლექსობაც შიგნით მოფუთფუთე კომპლექსების ნიშანია და უნდათ ეს ამ „პრადვინუტებს“ თუ არა, მანქანის სიგნალიზაციასავით ყვირის… საერთოდ, ჩვენს მედიასივრცეში ასე მოჭარბებული სულიერი სტრიპტიზი, ვგონებ, ფსიქოლოგთა კვლევის საგანი უნდა იყოს… იქნებ, გამოლოცვამ უშველოს, მაგალითად, ასეთმა – „ძუძო, ჩადექ საძუძესა, ძუძუვ, ნუ შეგეშინდება!“ აბა, რამ შეშალა ეს ხალხი ცნობად სახეებიან-მაყურებლიანად ამ საცვლების ფრიალზე,- ვერ გავიგე?… ზოგი მათგანი, მართლაც, მარტო სახითაა ცნობადი და არა საქმით…
– როგორ ფიქრობ, წინა ცხოვრებაში ვინ, სად და როგორი იყავი?
– მე მჯერა სულის რეინკარნაციის, სხვათა შორის, ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე, ერთხელ, ერთმა პეტერბურგელმა ექსტრასენსმა წინა ცხოვრების რუქაც კი გამიკეთა, თბილისში იყო ჩემს ახლობელთან სტუმრად და იმდენ ხალხში მაინდამაინც მე დამასვა თვალი. ჰოდა, რომელიღაც საუკუნეში მხედართმთავარიც ვყოფილვარ თურმე და ბევრი ბრძოლაც გადამიტანია, მერე, კაი ხანს, დილეგშიც გამოუმწყვდევივარ ჩემს სულთანს, მეც არა ვთქვი, საიდან ჩემს ლექსებში ამდენი ბუნტი, ზავთი და პლიუს, კლაუსტროფობია – მეთქი? დიდი მექალთანეც ვყოფილვარ, როგორც ჩანს, წავიკაზანოვებდი… ქურუმი ქალიც ვყოფილვარ თურმე, ერთი სიტყვით და ორი აზრით, სულ ბებერი აღმოსავლეთი იყო ჩემი წინა ცხოვრების სამშობლო…
არ ვიცი, ჩემმა ქვეცნობიერმა იქიდან რა დაიმახსოვრა, მაგრამ, ყველაზე საუკეთესო ლექსი „ტერორიზმის ეტიმოლოგია“ ამ უხსოვარმა ხსოვნამ რომ დამაწერინა, ამაში ეჭვი არ მეპარება!
– შენი ცნობილი გურული ისტორიებიდან ერთი ამბავი გაიხსენე ...
– საოცრად მიყვარს გურია და ჩემი იქაური მოგონებებიც ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა პრესაში.
ასეთ ამბავს გავიხსენებ, ერთ ხვატიან ზაფხულს მშობლებმა ქალაქს გამარიდეს და ბებია-ბაბუის კალთას მიმაბარეს, ვიქნებოდი ასე, 7-8 წლის. სოფლის ბავშვები ჯერ შორიდან მზვერავდნენ, შემოყოფდნენ მეჩხერ ღობეში თავს და „ვინცხა ბაღანას“ მეძახდნენ. ბებია სულ მაქეზებდა, – მიდი, ნენა, გეერიე ბაღნებშიო! ჰოდა, მეც გავერიე, მაგრამ, ვაი ამ გარევას! პირველივე დახუჭობანა იმით დამთავრდა, რომ მკრეს ხელი და დედა ღორი რომ ტალახის აბაზანას იღებდა, იმ ტლაპოში აღმოვჩნდი… არადა, ახალი გაქუთქუთებული და თავზე ძმარგადანავლები ვიყავი… შეიცხადა, მარა, რა შეიცხადა ფატი ბებიამ, 2 წუთში მთელი სოფელი ჩვენს ჭიშკართან გაჩნდა. რომ გაიგეს, რაც მოხდა, ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი, მაგრამ, ერთი ჩემთვის ეკითხათ? არავის დანახვა არ მინდოდა, ტალახისფერი ცრემლებით ვტიროდი და თბილისში მინდა- მეთქი, გავიძახოდი… დაფაცურდა ბაბუა, დაანთეს შუა ცეცხლი, გამიცხელეს წყალი და დიდ მამაპაპურ აბაზანაში მაბანავეს. ბოლოსკენ ბებიამ თავზე კვერცხი დამატეხა, თმას გაგისლიკინებსო. ახლა, ამაზე მოვრთე ბღავილი – არ ვუყვარვარ ფატი ბებიას, კვერცხებს მამტვრევს თავზე -მეთქი. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ტლაპოს ინციდენტი ამით ამოიწურა, ფატის შიშით ვინღა გაბედავდა ჩემს ხელყოფას. მეორე დღიდან აღარ მეძახდნენ „ვინცხა ბაღანას“. ასე მივიღე ამ გაფრონცქილმა თბილისელმა გურულ ტლაპოში ნათლობა…
-,,თუ არ გიყვარს კაი ფერი, ცხოვრებით ვერ “კაიფდები“,- რითი “კაიფდები“ ხოლმე?
– ჰოო, რაღაც სლოგანივით კი გამომივიდა ეგ ორი სტრიქონი… ეს ცხოვრება ისედაც შავ-თეთრია, მე კი სულ ვცდილობ, ეს „სერა-ბური“ ფერები „მალინოვით“ გავაფერადო, საერთოდ, მიყვარს ფერადოვნება ჩაცმულობაშიც, ადამიანებშიც და ფანტაზიაც. პალიტრის ყველა ფერით მდიდარი მყავს, ჰო, მყავს და არა მაქვს! ყველა არსებულ სიამეთაგან ყველაზე დიდი „კაიფი“ ჩემთვის კარგი ლექსია, ამ გრძნობას არაფერი შეედრება! მსიამოვნებს, როცა შვილებში საკუთარ თავს ვხედავ ანუ იმას, რაც კარგი მაქვს. ახლა არ მკითხოთ, რა გაქვთ ყველაზე კარგიო, უკითხავადაც გიპასუხებთ, – სიყვარულის ნიჭი! ტყემლის ხე თეთრად რომ “გაიპუდრავს“ ტოტებს ან ნუში ვარდისფრად, ტოტები თეთრ ბენდენებს რომ შეიბამენ, გაზაფხული ხელკავით რომ მოჰყავს მზეს და მიწას ახალშობილის სურნელი რომ ასდის, შეიძლება ეს არ გიყვარდეს, სიამოვნებას არ განიცდიდე? აი, ამისთანებზე „ვკაიფობ“ მე და სხვისი არ ვიცი…
– პოეზიის საღამოები არა ერთხელ გაქვს ჩატარებული, რომლის მერე იგრძენი თავი ყველაზე კარგად?
– ყველაზე მეტად როკკლუბში ჩატარებული პოეზიის საღამო დამამახსოვრდა და იცით, რატომ? თითქმის უცხო აუდიტორია იყო, უმეტესობა თინეიჯერები და ძალიან მაინტერესებდა, რამდენად გასაგები და მისაღები ვიყავი მათთვის. თავიდან გამაფრთხილა კლუბის მენეჯერმა, ესენი ბოლომდე არასდროს უსმენენ პოეზიას, ერთ ნახევარ საათში დაიწყებენ შედი-გადის და არ გაგიკვირდეთო. საოცარი ის იყო, რომ გასვლა კი არა, პირიქით შემომატება დაიწყეს, ბოლოს ადგილები რომ აღარ იყო, იატაკზე დასხდნენ ფეხმორთხმით, ვიღაც ფლეიტისტიც შემოვიდა და თუ უფლებას მომცემთ, ერთ ნაწარმოებს მოგიძღვნითო, ერთმა ახალგაზრდამ ბეილისი გამომიგზავნა-პოეზიას უხდებაო, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ისეთი კარგი მსმენელები აღმოჩნდნენ, მერე ჩემი პირველი კრებული დავურიგე საჩუქრად, რიგი დადგა ავტოგრაფებზე… ახალგაზრდებს თუ მოსწონხარ, ე.ი. ღირებულია, რასაც წერ, მათთვის თანამედროვე ხარ და თითქოს, ასაკობრივი ზღვარიც იშლება…
ეს თაობა სიყალბეს და ხელოვნურობას ჰაერშივე იჭერს და უბრალოდ, არ გაპატიებს! ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი საღამო, მე, თინეიჯერები და როკერების მიერ ჩემთვის შესრულებული ფრენკ სინატრა…
– შენი ცხოვრების ერთი დაუვიწყარი საღამოც გაიხსენე…
– როცა ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ბედობა დღეს, აეროპორტიდან ვაჟას ძეგლამდე ფეხით იარა, დილის 4 საათზე მოაღწია ჩემს სახლამდე და… მის უდიდებულესობას, სიყვარულს, უკვე ახსნა აღარ დაჭირდა… ეს 1993 წელი იყო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური, ამ წელს მომიკლეს ძმა!
– დაასრულე აზრი: მწყინს, როცა….. და ბედნიერი ვარ,- თუკი… – მწყინს, როცა ღალატის სუნი მცემს, როცა ვარდს დავთესავ და ეკალი ამოდის… ბედნიერი ვარ, თუკი ჩემი ესმით და ისეთს მხედავენ, როგორიც ვარ და არა ისეთს, როგორიც ვინმეს უნდოდა რომ ვყოფილიყავი!
– რომელია, კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს დაუსვამ…
– კითხვა, რომელსაც დავუსვამდი საკუთარ თავს? – ზოგი ქალი, ბედნიერების მოსაწვევი ბარათიაო, თამარ, შენ რისი მოსაწვევი ბარათი ხარ, ნეტა?..
თეონა გოგნიშვილი