დავით უსუფაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მიიღო

    თბილისის იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი მიიღო. შეხვედრის მთავარი თემები დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პრინციპები იყო.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მიესალმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას და კონსტიტუციის გადახედვის პროცესს. მისი მოსაზრებით, უნდა მოხდეს კონსტიტუციის არსებული ტექსტის გადამუშავება მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი ტექსტი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების კონსენსუსის გზით უნდა იყოს მიღებული. მისივე თქმით, უნდა გამოიძებნოს ბალანსი, რათა, ერთი მხრივ, კონსტიტუცია იყოს მყარი, ხოლო, მეორე მხრივ, ტოვებდეს შესაძლებლობას, რომ დროდადრო, საჭიროებისამებრ, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოთხოვნილებების შესაბამისად იყოს მისი გადახედვის შესაძლებლობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს გასულ წელს უკვე განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განიხილეს სახელმწიფო მოწყობის, თვითმმართველობის რეფორმის, კომპეტენციების გამიჯვნისა და სახელისუფლებო შტოებს შორის წონასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის საკითხები. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხიც და მისი დაკომპლექტების წესი. ჯანი ბუკიკიომ პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ კომისია ძალიან წამომადგენლობითია. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია უკვე ამ სტადიიდანაა ჩართული კონსტიტუციის ცვლილებების პროცესში. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჯანი ბუკიკიოს მადლობა გადაუხადა, როგორც პირადად მისი, ასევე ვენეციის კომისიის, როგორც ინსტიტუტის, 1993 წლიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები