ფრანგი გუბერნატორის ქართული სიყვარული, ანუ რა გაუკვირდა ფრანგ ჩინოვნიკს ქართველი კოლეგებისგან?
დღეს „პერსონაში“ ფრანგი გუბერნატორი გვყავს. იგი მართლმადიდებლურად მოინათლა და ცოლად ქართველი ქალი მოიყვანა. ტრადიციულ ფრანგულ ოჯახში გაზრდილმა განათლებულმა და კეთილშობილმა ადამიანმა ქართული ანბანი და ტრადიციები შეისწავლა, საქართველო და ქართველები გულწრფელად შეიყვარა. ამიტომ ჩვენს მიმართ გამოთქმული მისი ნებისმიერი შენიშვნა ჩვენთვის ანგარიშგასაწევი და მისაღები უნდა იყოს. გავიცნოთ,- წარმოშობით ბრეტანელი ფრანგი ვინსენტ დელანოე.
– მუსიე ვინსენტ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა… რა იყო საქართველომდე?
– სანამ საქართევლოში ჩამოვიდოდი, 15 წლის მანძილზე აღამოსავლეთ საფრანგეთში ვცხოვრობდი, 2008 წელს მე ბრეტანიაში (ფრანგულად Bretagne), იმ ადგილას დავბრუნდი, სადაც დავიბადე. ამ დროს დედაჩემი ავად იყო. ამიტომ გადავწყვიტე, მის სახლთან ახლოს მეცხოვრა. სახლიდან 100 კილომეტრში იგივე სამუშაო, ანუ ადმინისტრაციის გენერალური დირექტორობა ავიღე. ეს ჩემი ბავშვობის ადგილებია, ატლანტიკის ოკეანესთან ახლოს მშვენიერი ბუნება და ნადირობისთვის კარგი ადგილებია. 2010 წელს საფრანგეთიდან მოშორებით შვებულების გატარება გადავწყვიტე, საამისოდ საქართველო ავირჩიე. ჩემი ძმა 2008 წლის ომის შემდეგ სამშვიდობო ძალებში გორში მსახურობდა. საერთოდ, ფრანგებმა ცოტა რამ იციან საქართველოს შესახებ, ესაა მხოლოდ: სტალინი და თბილისი, რომელიც ქალაქ ნანტის დაძმობილებული ქალაქია, და რომლის უნივერსიტეტიც მე დავამთავრე. ამ უნივერსიტეტში 5 წლის განმავლობაში გეოგრაფია ავითვისე. აქ ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე ძველი კულტურის მქონე ქვეყანა მშვენიერი და განათლებული ადამიანებით, წარსულის ტრადიციებითა და უძველესი ისტორიით. ასე რომ, აქ დაბრუნება და ქართველი მეგობრების შეძენა გადავწყვიტე და ასეც მოხდა.
– თქვენ ტრადიციულ ფრანგულ ოჯახში აღიზარდეთ. რა ფასეულობები იყო იქ და როგორ იზრდებოდით?
– მე ბრეტანიაში დავიბადე,- ეს საფრანგეთის ტერიტორიაა, ადრე კი სამეფო იყო, რომელმაც ტრადიციები და ენა შეინაჩუნა, ისევე როგორც საქართველომ. ოჯახი და ტრადიცია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ჩემს ძმას და მე გაგვიმართლა, რომ ასეთი გამორჩეული მშობლები გვყავდა. მათ უყვარდათ წიგნები, ისტორია, ხელოვნება და ფიქრობდნენ, რომ ცხოვრების დასაწყებად განათლების მიღება აუცილებელია.
მე მახსოვს, საოჯახო სადილები, ისინი ლიტერატურასა და ისტორიაზე საუბრობდნენ. ბავშვობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროა, მე მახსოვს ჩემი პატარა სოფლის ძველი სკოლა. მახსოვს ზეიმი, რომელიც სკოლის მერე ტარდებოდა. ჩვენ სათევზაოდ რომ დავდიოდით და ტყეში ძველი პატარა სახლები იყო აშენებული. მახსოვს, ხანშიშესული ადამიანები და ჩვენს ტრადიციულ ენაზე მოთხრობილი მათი ამბები. ეს იყო ბედნიერი და უზრუნველი დრო…
– თქვენი ოჯახის რომელ ტრადიციას გაიხსენებდით?
– ბავშვობაში ჩვენს ოჯახს ერთი ტრადიცია, რიტუალი ჰქონდა. დასვენების დღეს სახლში, ოჯახში ვატარებდით. მივდიოდით ჩვენს ბაღში და ყვავილებს, ხილს და ბოსტნეულს ვუვლიდით. მახსოვს, ფუტკრების სკა გვქონდა, ბაბუა არაჩვეულებრივ თაფლს ამზადებდა. იგი გონიერი ადამიანი იყო და ქართველივით ამაყობდა თავისი დამზადებული ღვინით, მერე ამ სიხარულსა და სიამაყეს სხვებსაც უზიარებდა. კიდევ ერთი ტრადიცია გვქონდა: „კვირაობით, როცა რაიმე რელიგიური დღესასწაული იყო: აღდგომა ან შობა, მთელი ოჯახი ერთად ვსადილობდით. შობა მთელი წლის მანძილზე ყველაზე მთავარი დღესასწაული იყო: ჩვენ ერთად ვრთავდით ნაძვის ხეს და ვიღებდით საჩუქრებს. თან მახსოვს, ბავშვებს იმის გვეშინოდა, რომ სანტა – კლაუსმა იცოდა ჩვენი შეცდომები და საჩუქარს არ მოგვიტანდა. საახალწო სუფრაზე იყო: სალათი, ტორტი, ხილი და სხვა აუცილებელი პროდუქტი. ახალ წელს ჩვენს უახლოეს მეზობლებთან გადავდიოდით სტუმრად ყავის დასალევად და ტორტის საჭმელად, ზოგჯერ კი ალკოჰოლის დასალევად. ისინი ჩვენ ფორთოხლითა და ტკბილეულით გვიმასპინძლდებოდნენ. ეს არ იყო კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების დრო… მეორე მომენტი იყო შემოდგომაზე ე. წ. ,,ღორის დღე“, როცა ყველა მეზობელი ერთად იკრიბებოდა.
– მუსიე ვინსენტ, როდის და როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში ქართული სიყვარული ფრანგული სახელით – ნანა?
– ქართველი ნანა ხაჩიძე ჩემს ცხოვრებაში 2011 წელს გაჩნდა. ამ დროს ინტერნეტში ჩემი მომავალი მეუღლის, ნანას ფოტო აღმოვაჩინე. ამ ადამიანმა საქართველოსთან ერთად მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. აქამდე ერთმანეთს თითქმის მთელი წელი ვიცნობდით. დაქორწინება კი 2012 წელს გადავწყვიტეთ. ჩვენს გარშემო ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა გაოცებული იყო: ნანას დედით დაწყებული ჩემი ძმით დამთავრებული. ნანა ფრანგული სახელია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ფრანგი მწერლის ემილ ზოლას რომანის პერსონაჟს ერქვა. ეს იყო ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონის სიმბოლო და დღემდე ასე რჩება.
– თქვენ მართლმადიდებლობა მიიღეთ…
– როცა ჩემს მეუღლეს შევხვდი და რელიგიაზე დავიწყეთ საუბარი, გავიგეთ, რომ ორივე ქრისტიანები ვართ და ეს ორივესთვის კარგი ფაქტი იყო. მაგრამ მე გადავწყვიტე, მართლმადიდებელი გავმხდარიყავი, რადგან ის უფრო ღრმა რელიგიაა და თანაც კათოლიკურ სამყაროში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს არ ვეთანხმებოდი. მე ვხედავ, რომ ფრანგულ ეკლესიებში ხალხი არ დადის, იმ დროს, როცა საქართველოში ბევრი მორწმუნეა და აქ ეკლესიებში დადიან.
რა მომწონს საქართველოში? პირველ რიგში, ჩემი ცოლი და ის ადამიანები, რომლებიც კეთიად არიან განწყობილი ჩემს და, საერთოდ, ყველას მიმართ. მე მომწონს ქართული სადილობა და თავყრილობები მეგობრებთან ერთად, მათთან კონტაქტი რომ შემძლებოდა, ქართული ენის შეწავლა დავიწყე, ბედნიერი ვარ, რომ თქვენი ლამაზი ანბანი უკვე ავითვისე. მომწონს ქართული ბუნება და ლანდშაფტი. საქართველო ისტორიული ტრადიციებისა და კონტრასტების ქვეყანაა და ჩემთვის ამის აღმოჩენა სასიამოვნო იყო. რა არ მომწონს? სრულყოფილი არავინაა.. თუმცა მე უკვე შევეგუე ქართველი მძღოლების უწესრიგო და დაუდევარ ქცევებს გზებზე, არ მომწონს, როცა მოხუცი გადადის და მას გზას არ უთმობენ. მე ვიცი, რომ მათ რთული ცხოვრება აქვთ და ჯანმრთელობის პრობლემებიც. არავინ უფრთხილდება, რომ ისინი არ მოყვნენ სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში და ეს მე არ მომწონს! მათ ისე უნდა შეხედოთ და მოექცეთ, როგორც თქვენს მამას ან დედას.. კიდევ,- საქართველოს ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა, ამიტომ ქართველები ერთად უნდა იყვნენ, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ეგოისტურ დამოკიდებულებებს ვაწყდები ხოლმე, ქართველები საკუთარ თავსა და ცხოვრებაში არიან ჩაკეტილები. მე ვფიქრობ, თუკი გაერთიანდებით, გარკვეული დროის მერე ყველა პრობლემას დაძლევთ. მერე კი თქვენი ქვეყანა მთელს კავკასიაში უძლიერესი იქნება. კიდევ ერთი საკითხი მაწუხებს: თბილისი ძველი ქალაქია და საკუთარი არქიტექტურული სტილი და იერსახე აქვს, ეს მისი სულის ნაწილია და ამ ძველ ტრადიციულ არქიტექტურასთან ერთად მე ვხედავ სრულიად შეუსაბამო თანამედროვე შენობებს, ეს კი შოკში აგდებს ჩემს ფრანგულ გონებას! ის ახალი შენობა-ნაგებობები, ცალკე შესაძლოა, საინტერესო იყოს, მაგრამ არა ამ გარემოში და ადგილზე, სადაც ააშენეს. მაგალითისთვის მე მოვიყვან იუსტიციის ,,სოკოებსა“ და კაზინოს,- პატრიარქის სასახლის გვერდით! თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქცია კი აშკარად მომწონს.
– როგორია ფრანგულ – ქართული ოჯახი, რა ღირებულებები შემოიტანა თქვენს ცხოვრებაში ქართველმა მეუღლემ?
– ნანამ ჩემს ოჯახში ახალი ტრადიციები და ერთგულების, ბედნიერების, იმედისა და ოჯახის ფასეულობები შემოიტანა და დაამკვიდრა. ეს ყველაფერი ახლოსაა ფრანგულ, ბრეტანულ წარმოდგენებსა და ფასეულობებთან, რომლებიც ახალ თაობაში, საუბედუროდ, ნელ-ნელა უკვე ქრება.
– მისიე ვინსენტ, თქვენ სახლში იარაღებისა და ფოტოაპარატების კოლექცია გაქვთ. რომელია მათში თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
– მე ფოტოკამერების კოლექცია მაქვს. ძირითადად, “Canon“ -ის ფირმის აპარატებია. მაგრამ ახლა რუსული და უკრაინული კამერებით დავინტერესდი. ბევრი მათგანი საქართველოში შევიძინე და მეორე სიცოცხლე ვაჩუქე. სულ 300 ფორტოაპარატი მაქვს. ამ კოლექაციას უკვე 20 წელია ვაგროვებ. პირველი აპარატი „Canon AE- 1“ 80 -იან წლებში, სტუდენტობის დროს შევიძინე. მაქვს ძველი ფოტოების კოლექციაც: მეცხრამეტე საუკუნეში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩემი დიდი წინაპრები არიან გამოსახული.
ბაბუაჩემს პირველი მსოფლიო ომამდელი ფოტოაპარატი ჰქონდა. მისი ფოტოები საფრანგეთის ომამდე, 1915 წლამდეა გადაღებული. მამამ კი ეს ტრადიცია გააგრძელა, მაროკოში წაიღო მისი აპარატი, სადაც 40-იანი წლების ბოლომდე ცხოვრობდა. ამ დროს იგი კასაბლანკაში იმყოფებოდა და ცნობილი მოკრივის, მარსელ სერდანის მეზობლად ცხოვრობდა,- ეს იყო ედიტ პიაფის ქმარი!. მამასაც „Canon“ -ის მარკის ფოტოაპარატი ჰქონდა და მეც მათი შეგროვება სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. ყველაზე იშვიათი მათ შორის 1986 წელს გამოშვებული პირველი N °71 ციფრული კამერაა. ეს იშვიათია ნიმუშია!
– თქვენს ოჯახში ინახება ისტორიული წიგნიც…
– ეს 1922 წელს ორ ტომად გამოცემული 12 – კილოგრამიანი ორიგინალური წიგნებია. ეს ფოტოალბომი ომის სხვადასხვა ეტაპს ასახავს. მასში იმ დროის, ანუ მეოცე საუკუნის დასაწყისის ცნობილი გაზეთებიდან ილუსტრაციები და ფოტოებია შესული. ეს წიგნი იმითაცაა უნიკალური, რომ მასში ცნობილი ფრანგი გენერლების ხელმოწერებია შესული. ეს წიგნი ჩემმა მეგობარმა მაჩუქა, რომელმაც იცის, რომ ძველი და ისტორიული წიგნები მიყვარს.
– როცა ფრანგებსა და ქართველებს შორის პარალელებს ავლებთ, რა მსგავსებას ხედავთ?
– ორივე ერი თავისი უძველესი კულტურითა და ისტორიით ამაყობს. ორივე ოჯახი და მეგობრები გვიყვარს. ჩემი მეუღლე ბრეტანელებს ხშირად სვანებს ადარებს, რომლებიც ჩვენსავით ძლიერი, მკაცრი, მაგრამ ძალიან თავისუფლებისმოყვარე და ლოიალური ხალხია.
– მისიე ვინსენტ, გაიხსენეთ ფრანგული ანდაზა, ან ფრაზა, რომელიც ქართულ ურთიერთობებსა და ხასიათს ესადაგება …
– გამონათქვამი ბრეტანულ ენაზე: ” kentoc’h Mervel Eget эм zaotra” ძალიან ჰგავს შოთა რუსთაველის ნათქვამს: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“. ფრანგებს ბევრი ანდაზა გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება ცნობილ ფრაზებს, მათ შორის ძალიან მიყვარს ნაპოლეონის მიერ გამოთქმული სიტყვები: « Quand на veut , на Peut ! Et Quand на Peut , на DoIt ! » რაც ქართულად ნიშნავს: როცა ჩვენ გვინდა, ჩვენ ვაკეთებთ და თუკი შეგვიძლია, – ვალდებული ვართ, გავაკეთოთ! ეს გამონათქვამი ადამიანურ ძალასა და თავისუფლებაზეა.
– რამ გაგაკვირვათ საქართველოსთან პირველი შეხვედრის დროს?
– როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი და მანქანაში ჩავჯექი, გამაოცა თქვენმა მოუწყობელმა გზებმა. ასეთი გზების გამო ფრანგები რევოლუციას მოაწყობდნენ. კიდევ მახსოვს, ყველგან ხილი და ბოსტნეული იყიდებოდა და პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ საქართველო ალბათ მდიდარი ქვეყანაა -მეთქი, მაგრამ ამის გვერდით მოხუცი ქალები და ბავშვები დავინახე, რომლებიც ძალიან ღარიბები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, თუკი ქართველები მოინდომებენ, მდიდარი ერი იქნება, იმიტომ რომ ამის ყველანაირი საშუალება აქვთ. ეს საოცარი ქვეყანაა, რომელსაც უბრალოდ, მოვლა უნდა.
– დღეს თქვენ საფრანგეთის მთავრობის წევრი და 27 კომუნის ხელმძღვანელი ხართ, რაც ქართულად გუბერნატორის სტატუსის ტოლფასია. რა არ მოგწონთ ქართველ ჩინოვნიკებში?
– საფრანგეთში ყველას, თითოეულ ადამიანს შეუძლია, რომ პრეზიდენტს ან მინისტრს წერილი მისწეროს და ისინი მათ აუცილებლად უპასუხებენ…. სურვილის შემთხვევაში აუცილებლად შეგხვდებიან. ასეთი რამ ფაქტობრივად შეუძლებელია საქართველოში. პირადად მე ყველას, ვინც კი მწერს, ვპასუხობ. ფრანგული წესების მიხედვით თითოეულ მათგანს ორი თვის მანძილზე პასუხი უნდა გავცეთ.. კიდევ გამიკვირდა, რომ ქართველი ჩინოვნიკები ასეთი ძვირფასი მანქანებით დადიან. ჩვენ უფრო მოკრძალებულები ვართ…
– რა არის ცხოვრებაში მთავარი?
– ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული, მშვიდობა, იმედი, კარგი სამუშაო, ფულიც საჭიროა, მაგრამ არა აუცილებელი, ფული მიზანი არა არის, – საშუალება.. მთავარი ის მორალური და მარადიული ფასეულობებია, რაც ერის მეხსიერებაშია შემორჩენილი.
თეონა გოგნიაშვილი