ძლიერი ქარი რუსთავში – გადახდილი სახურავები და ჩამონგრეული ნაგებობები
რუსთავში ქარის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზოების შესასვლელები ჩამოინგრა, წაქცეული და დაზიანებულია ავტობუსების გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდები და ლითონის კონსტრუქციები. ქარმა თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო სახლს სახურავი გადახადა, კონსტიტუციის ქუჩის #19-ე საცხოვრებელ კორპუსში კი მესამე სართულზე მიშენებული აივანი ჩამოანგრია. გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის ქუჩაზე საზაფხულო კაფეს სახურავი ახადა. ასევე, რუსთავში, ვახუშტის ქუჩაზე ქარმა სახურავი სტომატოლოგიურ კლინიკას გადახადა. სტიქიამ სახურავები დააზიანა ბერიტაშვილის, ჯავახიშვილისა და მშენებელთა ქუჩებზე.
ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსები და ობიექტები დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მოინახულა.
“დილიდან დავდივართ და ვამოწმებთ იმ მისამართებს, საიდანაც ცხელ ხაზზე შეტყობინებები შემოვიდა ქარის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ. საკმაოდ მიძიმე მდგომარეობაა ქალაქში. ხვალ დილიდან უკვე სპეციალური კომისია შეისწავლის მდგომარეობას და დაითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს”, – განაცხადა რუსთავის მერმა.