ვანდალიზმი მცხეთაში – ჯვრის მონასტერს სხვადასხვა წარწერები აქვს
მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ისტორიული ძეგლის ერთ-ერთ კედელზე თურქული, არაბული და ლათინური წარწერებია, ხოლო ფილები კი ამოტეხილი. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე ნინო ანდრიასოვა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისივე განცხადებით, ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი კედელი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.
“გუშინ ჯვრის მონასტერში მოსალოცად ვიყავით წასულები. ძალიან მინდოდა ჯვრის მონასტრის მონახულება, თუმცა იმან, რაც ვნახე, ძალიან გამაოცა. მონასტრის დაზიანებულ კედელზე თურქულ და არაბულ ენაზე რამდენიმე წარწერა შევამჩნიე. არ ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა X.AZIS.
ფოტოებიც კი გადავუღე. ასე არ შეიძლება, ძალიან გულსატკენია, როდესაც ხედავ, რომ ისტორიულ ძეგლს პატივს არ სცემენ. სხვათა შორის, ჯვრის მონასტრის შემდეგ ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში წავედით. სახარბიელო მდგომარეობა არც იქ იყო. ერთ-ერთ კედელზე ქართული სიტყვები ეწერა. ტაძრის ეზოში კი სიგარეტის “ბიჩოკები”, ნაგავი და პლასტმასის ჭიქები ეყარა. ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენს ძეგლებს, სხვა არავინ იზამს ამას,” – განაცხადა ანდრიასოვამ “კვირასთან“ საუბრისას.
იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან მომხდარი ფაქტით და სამომავლოდ დროულად აღკვეთენ ისტორიული და რელიგიური ძეგლების დაზიანებას.