შორიდან ნაგრძნობი სამშობლო, ანუ თესალონიკში მცხოვრები ქართველი
რუსუდან გოგბერაშვილი,- თესალონიკში შექმნილი ქართული დიასპორის კონფედერაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. მისმა ორგანიზაციამ საქართველოდან წასული ქართველებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა: გახსნა საკვირაო სკოლა, მხარი დაუჭირა ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ლიტერატურული სალონის დაარსებას, დღემდე აწყობს საქველმოქმედო და სხვა სახის აქციებს. საღამოობით კი საქმეებისგან გათავისუფლებული ემიგრანტი შორს დარჩენილ მშობლიურ სამყაროს ლექსებით ესაუბრება…
– ქალბატონო რუსუდან, რა იყო საბერძნეთში ცხოვრებამდე და როგორი იყავით?
– საბერძნეთში 1994 წელს მომიწია ჩამოსვლა. მანამდე თბილისის მე-60 საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ ვმუშაობდი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, სტუდენტი მივედი ამ სკოლაში სამუშაოდ და დიდი და საინტერესო გზა გავიარე უფროსი პიონერხელმღვანელიდან დირექტორის მოადგილეობამდე,- ჯერ კლასგარეშე აღმზრდელობით, ხოლო შემდეგ სასწავლო დარგში. სხვათა შორის, პირველი არჩეული, ანუ არჩევნების გზით მოსული (და არა დანიშნული) დირექტორის მოადგილე ვიყავი საქართველოს მასშტაბითაც კი, თუ კარგად მახსოვს. ჩემი ცხოვრება იყო ეს სკოლა. მისი თითოეული მერხი მახსოვს, თითოეული კედელი დღესაც მიყვარს, კოლექტივსა და მოსწავლეებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ახლაც კი, ამდენი წლის მერე, ხშირად ვიხსენებ იქ გატარებულ უბედნიერეს წლებს, ჩემს საყვარელ კოლექტივს, მეგობრებს. ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის, რაც ძალიან მტკივა. ერთი ჩვეულებრივი, ოცნებებში მონავარდე ახალგაზრდა ვიყავი, როგორც თითქმის ყველა ჩემი თანატოლი. სანამ არ ამოვარდა დიდი ქარიშხალი, რომელმაც ბევრს მოგვამტვრია ფრთები და ციდან დედამიწაზე დაგვანარცხა. ძირითადი პიროვნული ცვლილება ჩემში ამ ამბებმა მოახდინა, განსაკუთრებით,- სახელმწიფო გადატრიალებამ. იმხელა პროტესტი დამიგროვდა,რასაც ბოლოს გამოუვალი ეკონომიკური პრობლემებიც დაერთო. მიკვირდა ქართველი ემიგრანტებისა, ნეტავ, როგორ სძლებდნენ უსამშობლოოდ – მეთქი. არსებულმა ვითარებამ სამშობლოდან წასვლა გადამაწყვეტინა. ასე მოვხვდი საბერძნეთში…
– პიროვნულად რა შეცვალა თქვენში უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ?
– უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ წინა პლანზე უკვე სხვა პროტესტი წამოსწია. ეს იყო თვითრეალიზაციის შეზღუდვით გამოწვეული პროტესტი. აქ რაც დრო გადის, მეტად გრძნობ, რომ იმას არ აკეთებ, რისი სულიერი მოთხოვნილებაც გაგაჩნია, ან რაც ისწავლე, გეკეთებინა წლების მანძილზე. ეს ყველაფერი უსარგებლობის, უსუსურობის, უცხოობის შეგრძნებას გიჩენს. ვერ ეგუები როლს, რომელიც ცხოვრებამ მოგისაჯა. ვერ ეგუები უსამშობლობას. შენთვის ყველაფერი უცხო და ცარიელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიაზე მოქმედებს და იცვლები. ჩემშიც იქნება ალბათ ეს ცვლილება. უფრო ხისტი გავხდი და უფრო რისკიანიც, თუ შეიძლება ასე ითქვას.
– თქვენ უკვე სამი წლის წინ თესალონიკში შექმნილი ქართული დიასპორის კონფედერაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე ხართ…
– ამ ორგანიზაციაში მარტო ქართველები ვართ, ეს ჩვენი გაერთიანებაა, თითოეული ქართველისა ამ უცხო მიწაზე და ჩვენ – ყველანი ვალდებულნი ვართ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ზოგიერთმა ქართველმა არც კი იცის, სად მდებარეობს ესა თუ ის სათვისტომო წლების მანძილზე, ან იცის, მაგრამ არც ერთხელ დაინტერესებულა, იქ შემოეხედა და გაეგო, რა ხდებოდა. მერე ასეთი ადამიანი ერთ “მშვენიერ“ დღეს პრეტენზიით მოგმართავს: რას მიკეთებო?! ანუ, მინდა ვთქვა, რომ სათვისტომოებთან მიმართებაში მიდგომა, დამოკიდებულებაა არაწორი. სათვისტომოს თუ ნებისმიერი ემიგრაციული გაერთიანების ძლიერება თავად ემიგრანტების მიერ მის გვერდით დგომითა და დახმარებით განისაზღვრება. რა თქმა უნდა, მე მხედველობაში არა მაქვს ისეთი სათვისტომოები, რომლებიც ბიზნესმენებისა და ოლიგარქების მიერაა შექმნილი და თავისთავად იგულისხმება, რომ უნდა დაეხმაროს ემიგრანტებს და ეხმარება კიდეც. ასეთი შემთხვევები ბედნიერი გამონაკლისის სახით გვხვდება ხოლმე. ძირითადად კი ჩვენ, თითოეული ემიგრანტი, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვზრუნავთ და ვაძლიერებთ ჩვენს ემიგრაციულ გაერთიანებებს.
ბოლო დროს შესანიშნავი გუნდი შეიკრა. ძალიან აქტიური და საქმისადმი დიდი სიყვარულითა და თავდადებით გამორჩეული ადამიანების ახალი ნაკადი შემოგვემატა. ისინი დიდ შრომას და ენერგიას ხარჯავენ დიასპორული საქმიანობისათვის, რისთვისაც მადლობისა და დაფასების ღირსნი არიან: მაია ჯანგიძე, ხათუნა ბალახაშვილი, ნანა შარიქაძე, ეკა დარბაიძე, ჯუნა ტყემალაძე, სუზანა კოვლაკოვა და სხვა მრავალი, თუ ვინმე გამომრჩა, ბოდიშს მოვუხდი.
– რამდენადაც ვიცი, ორი წელია თესალონიკის ქართული დიასპორა არსებობს და ის ბევრ კარგ ქართულ საქმეს აკეთებს?
– ქართული დიასპორა კონფედერაციულ პრინციპებზე 2012 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა. იგი წარმოადგენს თესალონიკში არსებული ქართული საზოგადოებრივი და კულტურული სტრუქტურების ნებაყოფლობით გაერთიანებას. ჩვენი მოღვაწეობის ძირითად პრიორიტეტებად ქართული და ბერძნული სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას მივიჩნევთ. დიასპორა მრავალ კარგ საქმეს აკეთებს ემიგრანტებისთვის. დიდია კონფედერაციის მხარდაჭერა დიასპორის ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლებისადმი. აქ ქართული ცეკვის 3 ანსამბლი გვყავს. ესენია: ლექსო ნიკოლაძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი“, რომლის ხელმძღვანელია ნანა მილაშვილი; ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები“- ლიკა ჯოხაძის ხელმძღვანელობით და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მამული“, რომელსაც ზ. გიუნაშვილი უდგას სათავეში. დიასპორა მრავალ გასვლით ღონისძიებას ატარებს და ადგილობრივ მოსახლეობას ქართულ კულტურასა და ტრადიციებს აცნობს. ასევე ვაწყობთ ექსკურსიებს, რათა ქართველებმა უკეთ გაიცნონ ის ქვეყანა და მისი ისტორია, სადაც დღეს ვცხოვრობთ. ვხვდებით ხოლმე საქართველოდან ჩამოსულ საინტერესო ადამიანებს, დასამახსოვრებელი იყო სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანთან, მამა გურამ ოთხოზორიასთან შეხვედრა. საქველმოქმედო აქციებსაც ვაწყობთ. ვზრუნავთ და რაც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით სამშობლოში დარჩენილებს: გაჭირვებულ ოჯახებსა და ავადმყოფ ბავშვებს, აქაურ ამა თუ იმ უბედური შემთხვევით დაზარალებულ ქართველებს.
– ქალბატონო რუსუდან, სულ რამდენი ქართველია თესალონიკში?
– თესალონიკში ქართველების რაოდენობა არაოფიციალური მონაცემებით, 15 ათასს აღწევს. უმრავლესობა არალეგალია, რაც მათ გადაადგილების პრობლემებს უქმნით. ბოლო პერიოდში უმუშევრობამ იმატა და ქართველების უმრავლესობა მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაშია. რაც შეგვიძლია, ერთმანეთს ვეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში. ყოველ კვირა დღეს იკრიბება დიასპორის კონფედერაციის სათათბირო, სადაც დასწრება და მონაწილეობა ყველა ემიგრანტს შეუძლია. ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებზე და სამშობლოში დაბრუნების გზებს ვეძებთ. ძალიან შეგვაშფოთა ბოლო დროს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გახმაურებულმა ინფორმაციამ. ამჟამად მოქალაქეობა 24 ათას ქართველს აქვს შეწყვეტილი. ეს ფაქტი უამრავ ქართველს გზას უკეტავს სამშობლოსაკენ და ფაქტობრივად ხელს უწყობს მათ უცხოეთში ინტეგრირებასა და სამუდამო დამკვიდრებას. და ეს მაშინ, როცა საქართველოში ქართველების რაოდენობა კატასტროფული ტემპით მცირდება. ჩვენი თხოვნა იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლება მეტი ყურადღებით მოკიდებოდა ამ და მსგავს საკითხებს და იქნებ, როგორმე გამოესწორებინა ეს მეტად მტკივნეული მდგომარეობა.
– ის, რომ სამშობლოსგან მოშორებით მყოფი ჩვენი ბავშვები ქართულად სწავლობენ, თქვენი საკვირაო სკოლის დამსახურებაა...
– ამ სკოლის გახსნა დიასპორული ორგანიზაციების მონდომებითა და ხელისშეწყობით გახდა შესაძლებელი. უკვე 10 წელია, რაც ის არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ეს პირველი სკოლაა, რომელიც ამ ქალაქში გაიხსნა. წლების განმავლობაში იყო აქ ქართული სკოლები, მაგრამ მათ პერიოდული ხასიათი ჰქონდა. ჩვენ მონდომებული ვართ, რომ ჩვენმა სკოლამ არსებობა მანამ გააგრძელოს, სანამ ამ ქალაქში თუნდაც ერთი ქართველი ბავშვი იქნება. ამჟამად, სკოლაში დედა ენას 28 პატარა ეუფლება. ისინი ძირითადად, 6-7 წლის ასაკის პატარები არიან, თუმცა უფროსებიც არიან. სკოლა საქართველოს დიასპორის სამინისტროს მიერ საკვირაო სკოლებისათვის შემუშავებული პროგრამით მუშაობს. მეცადინეობა მიმდინარეობს, ძირითადად ,ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში.
– ქალბატონო რუსუდან, თქვენ ლიტერატურული გაერთიანება “ქართულ სალონი” დააარსეთ, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სულიერ საზრდოს აწვდით.
– ლიტერატურული გაერთიანება “ქართული სალონი” 2005 წელს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ. ისინი ემიგრანტების ძველ თაობას ეკუთვნიან. აქ ყოფნის 15-20 წელს რომ ითვლიან და რომელთა მხრებზეც ფაქტობრივად დღესაც დგას ჩვენი კონფედერაცია. ესენი არიან: ჩვენი სკოლის მასწავლებელი და ჩვენი კონფედერაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე ელგუჯა ციგროშვილი, მომღერალი და მუსიკოსი მერაბ სიამაშვილი, რომელიც სათავეში უდგას ჩვენი ხელოვნების მუშაკებს. ჟურნალისტი მალხაზ რაზმაძე , ელენე ფიფია, ვახტანგ არქანია, ირაკლი ხონელიძე, ზაზა გუჩმანიძე, ეკა ზურაშვილი, ტარიელ ბიბილაშვილი. მათგან რამდენიმე საქართველოში დაბრუნდა. დანარჩენები კი ისევ საზღვარგრეთ ცხოვრებას ვაგრძელებთ. ჩვენს სალონში მრავალი თბილი და სასიამოვნო საღამო ჩავატარეთ, ყველას რა ჩამოთვლის. ბოლო პერიოის შეხვედრებიდან განსაკუთრებით მინდა უსაყვარლეს პიროვნებასთან, პოეტ მურად მთვარელიძესთან და საყვარელ მწერალთან, ელგა ფოლადიშვილთან შეხვედრები გავიხსენო, ასევე საინტერესო იყო ემიგრანტი პოეტის, ნანა მეფარიშვილის პირველი და ახლახან მეორე კრებულის პრეზენტაცია.
ჩავატარეთ ხალხური პოეზიის საღამო. ელგუჯა ციგროშვილის საიუბილეო საღამო, „ვაჟაობის“ დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში ტრადიციად იქცა. ახლახან კი საქართველოში პოეტ თამარ ლომიძის დიდი მეცადინეობით გამოცემული ემიგრანტული კრებულის “სამშობლოს სურნელის” წარდგინება მოხდა, სადაც თესალონიკიდან ოთხი ავტორის ლექსებიცაა შესული. სისტემატურად იმართება საახალწლო, საგაზაფხულო, საშემოდგომო შეხვედრები და პოეზიისა და ჩვენი შემოქმედების ურთიერთგაცნობის საღამოები. სამშობლოს მონატრებამ ლამის ყველა პოეტად გვაქცია. ასე, რომ აქ მრავლად გვყავს ლექსის მოყვარული და თავადაც პოეტური ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონები.
– თქვენც 12 წლის ასაკიდან წერთ ლექსებს და პირველი და ერთადერთი კრებული აქ, თესალონიკში გამოეცით.
– დიახ, ეს იყო “ქართული სალონის” მიერ გამოცემული პირველი კრებული, ვახტანგ არქანიას ლექსების კრებულთან ერთად, მალხაზ რაზმაძის რედაქტორობით. ამ კრებულების პრეზენტაციით ფაქტობრივად ჩვენი სალონის საქმიანობა დაიწყო. მართალია, ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი, მაგრამ მათ გამოქვეყნებაზე არასოდეს მიფიქრია, ახალგაზრდულ გატაცებად მიმაჩნდა და მათ მიმართ საკმაოდ დაუდევარი დამოკიდებულებაც მქონდა. ვწერდი ყველგან: პირად წიგნაკში, წიგნის ყდაზე, ქაღალდის ნაგლეჯზე. სტუდენტობის პერიოდში მქონდა ერთი რვეულიც, რომელიც ჩემს მეგობრებში მოგზაურობდა, მაგრამ აღარც კი ვიცი, სად დამეკარგა. ყოველ შემთხვევაში, როცა მალხაზ რაზმაძის დაჟინებული მოთხოვნით ჩემს დას ვთხოვე მისი აქ გამოეგზავნა,-სახლში ვერ იპოვა. ის იძულებული გახდა, სხვადასხვა წიგნსა და ძველ სატელეფონო წიგნაკებში მოეძებნა ლექსები და ისინი ასე, ფურცელ-ფურცელ შეგროვებული გამომიგზავნა. ჩემი ფეისბუქის პირად გვერდზე ბოლო პერიოდში იმატა ლექსებმა. ალბათ ესეც ერთგვარი განმუხტვის საშუალებაა, რომ ზედმეტი ფიქრისგან არ გადაირიო ადამიანი, შენი განცდები და ემოციები გადმოაფრქვიო და განთავისუფლდე. როცა თავის ტკივილი მეწყება, ლექსის დაწერის შემდეგ ვმშვიდდები. მაპატიეთ, ზედმეტი გულახდილობა და წერის დროს თითქმის ყოველთვის ვტირი.
– ქალბატონო რუსუდან, როგორია, შორიდან დანახული და ნაგრძნობი სამშობლო?
– ეს ერთი დიდი დარდია,- აქედან დანახული სამშობლო… ქვეყანა გადაშენების გზაზე დამდგარი და გათითოკაცებული, მოშიმშილე ბავშვებითა და გამათხოვრებული მოხუცებით. გზას აცდენილი ახალგაზრდობით. მტკივა, ძალიან მტკივა ეს ყველაფერი. ქართველობამ ერთმანეთის გაგების უნარი დაკარგა. აღარ გვესმის, ერთმანეთის სატკივარი აღარ გვტკივა და სიკეთე აღარ გვახარებს. წვრილმან თემებზე ისე ვეკიდებით ერთმანეთს, თითქოს მოსისხლე მტრები ვიყოთ. ამასობაში კი ყურადღების მიღმა გვრჩება ის, რომ თითქმის გადავშენდით, სამშობლოდან სათითაოდ, ფეხაკრებით გავიკრიფეთ. ისე გავიპარეთ, გადადებულ ავადმყოფს რომ გამოეპარება ჭირისუფალი, მისი ამქვეყნიდან წასვლა რომ არ ნახოს.
– რა გიადვილებთ უცხოეთში ცხოვრებას და ქართველებს რას ეტყოდით?
– აქ ცხოვრებას ჩემს ქართველებში ტრიალი, ჩემი საქმიანობა და კიდევ უკან დაბრუნების იმედი მიადვილებს. უსამშობლო კაცი ცარიელი და მიუსაფარია. ამიტომ ვეცადოთ, დროულად დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე და აღარასოდეს დავტოვოთ იგი. ნუ მიატოვებთ სამშობლოს, ქართველებო!..
თეონა გოგნიაშვილი