ირაკლი ალასანია ესპანელ კოლეგას შეხვდა

   ესპანეთის სამეფოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ესპანელ კოლეგასთან პირველად გამართა ოფიციალური შეხვედრა. პედრო მორენეს ეულატემ ირაკლი ალასანიას ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წვრთნისა და განათლების სფეროებზე. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესსა და დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზეც. მხარეებმა ქართული კონტინგენტის ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში, 2014 წლის შემდეგ “გადამწყვეტი მხარდაჭერის” (Resolute Support) მისიასა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობაზეც იმსჯელეს. ირაკლი ალასანიამ ესპანელ კოლეგას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ქართველი სამშვიდობოების ჩართვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრმა პედრო მორენეს ეულატეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო. ირაკლი ალასანიამ ესპანელ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ესპანელი დამკვირვებლების ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. პირისპირ შეხვედრაზე მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ.
„ჩემს ესპანელ კოლეგასთან დღევანდელი ოფიციალური შეხვედრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების გარემოს შეეხო, რომელიც უკრაინის მიმართ ბოლო აგრესიის შემდეგ ჩვენს რეგიონში ჩამოყალიბდა. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია უნდა დაჩქარდეს. ნატოში ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციაზე ესპანეთს ძალიან მკაფიო პოზიცია ექნება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ.
ესპანეთის სამეფოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადისა და საავიაციო ბაზებს ესტუმრება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან გონსალო დე ბენიტოსთან. სამეფო ინსტიტუტში “Elcano” სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები