დავით უსუფაშვილმა ბრიუსელის ფორუმის პირველი დღე შეაჯამა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბრიუსელის ფორუმის შედეგები შეაჯამა. უსუფაშვილის განცხადებით, გარდა ფორუმით გათვალისწინებული სესიებისა, იყო საინტერესო შეხვედრები და ძალიან სერიოზული განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა მაღალჩინოსნის მხრიდან. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის გამოსვლაზე.
„ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს ფორუმზეც და პირად შეხვედრებზეც აღნიშნა, რომ ნატოს მოუწია სერიოზული ცვლილებების შეტანა განვითარების გეგმებში, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც რუსეთიდან მოდის. ნატო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს სამი მიმართულებით. პირველი ნაბიჯი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვაა. ამ თვალსაზრისით ბალტიისპირეთი, პოლონეთი, რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნები დამატებით დახმარებას მიიღებენ. მეორე ნაბიჯია დახმარება უშუალოდ უკრაინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად სამხედრო დახმარებაზეც გაკეთდა აქცენტი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და მისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის. მან ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად, ზოგადად, ურთიერთობა გაღრმავდება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ნატოსთან მრავალი წელია პარტნიორულ ურთიერთობაში არიან. მესამე მიმართულებაა უშუალოდ რუსეთთან დაკავშირებული საკითხები, ნატომ პრაქტიკულად შეაჩერა ყველა დონეზე კონტაქტი რუსეთთან და ძალიან კონკრეტულ ზომებზე საუბრობს. ყველა ცდილობს, რომ საქმე არ მივიდეს შეიარაღებულ კონფლიქტამდე და ნატო ამისთვის არ ემზადება, მაგრამ როგორც თავდაცვითი სისტემა, ახალ ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავჯდომარემ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრაზეც ისაუბრა. რომპეი საქართველოში მაისში ჩამოვა, რაც ევროსაბჭოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს. ბოლოს კი შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც უკრაინის ერთ–ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკოც მონაწილეობდა. პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და მიულოცა ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილზე ხელმოწერა. დღის ბოლო სესიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა თემაზე „აღმოსავლეთ ევროპა და ევროპა“. ბრიუსელის ფორუმის ფორმატში შეხვედრები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები