როდის ესაუბრა უკანასკნელად დედას ესპანეთში მოკლული გოჩა კაკალაშვილი
ესპანეთში მოკლული გოჩა კაკალაშვილი დედას უკანასკნელად ახალი წლის ღამეს ტელეფონით ესაუბრა და ახალი წელი მიულოცა.
როგორც „კვირას“ რუსთავში, კაკალაშვილების მეზობლებმა განუცხადეს, დედას – ციცო კაკალაშვილს შვილის გარდაცვალების ზუსტ ფაქტს უმალავენ.
„ვიცით, რომ გოჩამ დედას ესპანეთიდან ტელეფონით ახალი წლის ღამეს დაურეკა და ახალი წელი მიულოცა. მერე რა მოხდა, ძნელი სათქმელია.
როგორც ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით შევიტყვეთ, გოჩა ახალი წლის ღამეს მოკლეს. თუმცა, დედას ამ ამბავს უმალავენ. დედას უთხრეს, რომ შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაეღუპა. ამ ეტაპზე არც ჩვენ და არც ოჯახის წევრებმა არ იციან, როდის გადმოასვენებენ ცხედრებს. დედას ფინანსურად უჭირს. არ ვიცით, ან კი როგორ შეძლებენ გადმოსვენებას“, – განუცხადა „კვირას“ კაკალაშვილების ერთ-ერთმა მეზობელმა.
31 წლის გოჩა კაკალაშვილი ოჯახის შუათანა შვილია. ხვიჩა და გოჩა კაკალაშვილებს რუსთავში თითქმის ყველა იცნობს. 31 წლის გოჩა კაკალაშვილმა 2001 წელს რუსთავის N23 საჯარო სკოლა დაამთავრა. თუმცა სწავლა აღარ გაუგრძელებია.
სკოლის დასრულების შემდეგ გოჩა კაკალაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს და მან 4-5 წელი სასჯელაღსრულების საპყრობილეში გაატარა.
საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, გოჩა კაკალაშვილი ესპანეთში წავიდა. გოჩა კაკალაშვილს 23-ე საჯარო სკოლის პედაგოგები კარგად ახასიათებენ. ამბობენ, რომ ის დადებითი და ნიჭიერი მოსწავლე იყო. თანაკლასელებში კი გამორჩეული – მეგობარი. თუმცა წარჩინებული მოსწავლე არ ყოფილა.
„საშუალოზე უკეთესად სწავლობდა. საკმაოდ ნიჭიერი და ზარმაცი იყო. გოჩა საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებდა. მეგობრებს ძალიან უყვარდათ. სკოლა ისე დაამთავრა, რომ რაიმე სახის დანაშაული ჩაედინა, ან ცუდი ყოფაქცევის ყოფილიყო, არ გვახსენდება. ვიცით, რომ სწავლა არ გაუგრძელებია. სკოლის დასრულების შემდეგ დააპატიმრეს და ციხეში რამდენიმე წელიწადს იჯდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საზღვარგარეთ წავიდა. ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, რომ ესპანეთში იმყოფებოდა. მისი დაღუპვის შესახებ ტელევიზიით გავიგე“, – ამბობს პედაგოგი, რომელიც გოჩა კაკალაშვილს სკოლაში ასწავლიდა.
ხვიჩა, გოჩა და ნათია კაკალაშვილებს მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალათ. დედა რუსთავის 36-ე ბაგა-ბაღში უკვე დიდი ხანია ძიძად მუშაობს. მეზობლების ინფორმაციით, დედა რუსთავში მარტო ცხოვრობს. რადგან ხვიჩა და გოჩა კაკალაშვილებმა საქართველო რამდენიმე წლის დატოვეს და საზღვარგარეთ გაემგზავრნენ.
ციცო კაკალაშვილის უმცროსი შვილი – ნათია გათხოვდა და ოჯახით თბილისში ცხოვრობს.
„კვირა“ გარდაცვლილის ოჯახსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
„ზედმეტი კითხვებით ნუ შეგვაწუხებთ და აქ აღარ დარეკოთ“, – განუცხადა „კვირას“ გარდაცვლილი გოჩა კაკალაშვილის ბიძამ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიაში, ქ. ტერასაში ახალი წლის ღამეს საკუთარ სახლში გელა გალიშვილი და გოჩა კაკალაშვილი ქართველებმა მოკლეს. მედიის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო. გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდათ. ორი ქართველის მკვლელობა იმ ბინაში მოხდა, სადაც მათ გარდა კიდევ სამი ქართველი ცხოვრობდა. ესპანეთში ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, გარდაცვლილები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ძმების – კახა შუშანაშვილის, იგივე „კახა რუსთავსკის“ და ლაშა შუშანაშვილის ახლობლები არიან. ესპანეთში მცხოვრები ქართველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება.