„მტკვარწაღებულნი“, ანუ “შევებრძოლოთ ბოროტებას, თუნდაც, წელიწადში ერთხელ“…

ერთდროულად არის ჟურნალისტი, დრამატურგი, პოეტი და პროზაიკოსი. მიაჩნია, რომ მისი ცხოვრება ყოფითი დრამაა, თეატრის სცენაზე კი მისი უკვე 35 პიესაა დადგმული. მის ერთ სპექტაკლს ერთი სეზონის რეკორდი აქვს მოხსნილი, რადგან 10 თვეში 98 ჯერ ითამაშეს. თავად მისი საოცნებო გმირისჰამლეტისმონოლოგები ზეპირად იცის. გაიცანით თამაზ მეტრეველის ცხოვრებაკულისებში.

 – ბატონო თამაზ, ამბობენ, ჟურნალისტი,- მწერალია სიჩქარეშიო, ,,თქვენ მედიით, ანუ ჟურნალისტიკით დაიწყეთ, გაზეთაღმშენებლისრედაქტორი იყავით, გაიხსენეთ ჟურნალისტი თამაზ მეტრეველი
– კი, ბატონო. რატომღაც, საშინლად არ მიყვარდა ჟურნალისტობა, წავიდოდი-წამოვიდოდი და ბედი ისევ ჟურნალისტიკაში შემაგდებდა. უამრავი რამის გახსენება შეიძლება, თუნდაც, ის, რომ პირველი წერილი, ზურაბ ჟვანიას ხელმოწერით, სწორედ, ჩემი რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „აღმშენებელში“ დაიბეჭდა, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალტირაჟიანი გაზეთი იყო. ამ გაზეთს  „ლენინელი“ ერქვა და მე დიდი მცდელობების შემდეგ, ჯერ კიდევ კომუნისტებს, ეს სათაური შევაცვლევინე. მაშინ ეს მეხის გავარდნას ჰგავდა. წერილი, სამწუხაროდ, ხუდონჰესის კასკადის დაკონსერვებას შეეხებოდა და ახლა არაფრით დავბეჭდავდი. ამის გამო, დამოუკიდებლობის შემდეგ ბნელში ვისხედით მთელი ქვეყანა. დღესაც დიდი ბნელეთია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ, კი ღირდა, რომ ვეცემეთ, ჯვარში ხალხი კეტებით გამოგვეკიდა,- რას ნიშნავს აკონსერვებთ და ამდენ ხალხს უმუშევრად გვტოვებთო? ჩასხმული იყო უკვე ბეტონი, ეს მთავარი და უზარმაზარი საქმე გაკეთებული იყო. მახსოვს, რომ გადმოვხედე მაღლიდან, ტყე უკვე გაკაფული იყო, გზები,- გაყვანილი. არ მესმის ამ თემის ასე აგორება, მე მალევე ვესაუბრე ბატონ აჩიკო მოწონელიძეს, შემდგომში ამ უნივერსიტეტის რექტორიც რომ გახდა, ენერგეტიკოსი გახლავთ და დიდი შეცდომააო, მითხრა. ახლა კი, იგივე, იქ მცხოვრები ხალხი,  ჰესის ექსპლოატაციაში გაშვების წინააღმდეგია. რომ ჩაუღრმავდეს კაცი, ეს სუფთა ტრაგი-ფარსის თემაა. ან გმირობის ტოლფასი არ იყო, რომ 9 აპრილის ტრაგედიის მესამე დღეს, კომენდანტის საათის დროს სტამბა გავაღებინე და გაზეთის ნომერი, რომელშიც „სახალხო ფრონტის პროგრამა“ იყო დაბეჭდილი, სტუდენტებს ქალაქში გავავრცელებინე? არ ვიცი, იცით თუ არა და მაშინდელი მთელი ეროვნული მოძრაობის ძალები, სწორედ სახალხო ფრონტის ირგვლივ იყო შემოკრებილი.
 – ბატონო თამაზ, ერთ დროს თქვენ საქართველოს რადიოში გადაცემაშიპიონერული დაფიონირუბრიკა უძღვებოდით...
– მართალია, ეს იყო 1971 წელს, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, რადიოში ჰქონდათ ყოველკვირეული „პიონერული დაფიონი“ და მას ჩემი თანაკურსელი, შემდგომში ბრწყინვალე ჟურნალისტი და სხვადასხვა გაზეთის რედაქტორი თემურ მეტრეველი (რომელიც მიშას რეჟიმს შეეწირა, ნათელში იყოს მისი სული) აკეთებდა. მან მთხოვა, ციკლს – „ჩემი იდეალი“ გავძღოლოდი, ანუ ამ საკითხზე ხელოვანებისგან ინტერვიუები ამეღო. თემურმა გამიმხილა, აბა, ვნახოთ, ერთი ვინმე თუ იტყვის, რომ ჩემი იდეალი საქართველოს დამოუკიდებლობააო. მე მივხვდი, რომ ეს სიგიჟეს ჰგავდა, მაგრამ დავინტერესდი. მიდიოდა ეს ციკლი და ბევრი ხელოვანიც გავიცანი, როგორც მახსოვს, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამაზ ჭილაძე, ლანა ღოღობერიძე, ვაჟა აზარაშვილი და სხვანი და სხვანი, მაგრამ, ამ საკითხზე არავის არაფერი უთქვამს. ჰოდა, მაშინდელმა რადიოს დირექტორმა პეტრე შამათავამ გვკითხა, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს თქვენი ციკლიო და თემურმა, სანამ ვინმე არ იტყვის, რომ ჩემი იდეალი საქართველოს დამოუკიდებლობააო… მახსოვს, როგორ გვიფრინა კაბინეტიდან… კიდევ გავიხსენებ, ახალგაზრდობის რედაქციაში ვმუშაობ და დაგვავალეს, კომკავშირის 50 წლისთავზე მეორე დღისთვის ერთსაათიანი მრავალსიუჟეტიანი გადაცემის მომზადება. ეს არც ისე ადვილი იყო.. მოგვცეს ტექნიკა და… მასალებზე გავცვივდით და მოიტანეს ყველამ თავთავისი,- მეც ჩემი წარმოვადგინე. ბოლოს რატომღაც, მე მთხოვეს, ყველამ ამ სიუჟეტების ტექსტის დაწერა. მოგეხსენებათ, საშინელება იყო კომუნისტური მასალების ტექსტები. იმ გადაცემამ 2 ახალი დიქტორი შესძინა ტელევიზიას და მე კი “მოამბეში“ გადასვლა მთხოვეს, მაგრამ უარი ვუთხარი, საბავშვო რედაქციაში გადავედი და სკოლების სპორტული შეჯიბრებების რედაქტორი ვიყავი.
1544061_718669884830843_1685699339_n– 70 იანი წლებიდან დრამატურგი ხართ და პიესებს წერთ, ანუ თქვენს ცხოვრებაში გაჩნდა ,,სცენები, მიზანსცენები, რემარკები და ასე შემდეგ. ძირითადად რაზე წერთ პიესებს?..
– ჯერ იმას გეტყვით, რომ პიესებს 1972 წლიდან ვწერ და ეს იყო ჩემი ოჯახის ხსნა. ვწერდი და ვწერ ბავშვებისთვისაც, ჩემი 12 ან მეტი პიესა საბავშვო თეატრებმა დადგეს. დრამატული თეატრებისთვის თავიდან კომედიებს ვწერდი და როცა ცხოვრება გამკაცრდა, მეც დრამებზე გადავედი. ვწერდი ყოფით კომედიებს და კარგადაც გამომდიოდა. მოკლედ, რაღაც მასალას ვაკეთებდი რადიოსთვის და მოზარდის ფოიეში რეჟისორს ვუცდიდი „ზემელზე“, ახლა რომ პანტომიმის თეატრია.
რაღაც ორად გაიხლიჩა თითქოს ცხოვრება, გარეთ ვიყურებოდი და ვფიქრობდი, რომ თეატრში სულ სხვა, ანუ უფრო ლამაზი ცხოვრებაა, ვიდრე გარეთა ყოფაა-მეთქი და საშინლად მომინდა თეატრში მუშაობა. უნივერსიტეტში ფილოლოგიის და კინოდრამატურგიის ფაკულტეტი დავამთავრე და თეატრში რა უნდა მეკეთებინა? მსახიობად მე არ ამიყვანდნენ. სწორედ იმ დღეებში შევესწარი, ბატონ გივი სარჩიმელიძის, ანუ თოჯინების თეატრის მთავარი რეჟისორის საუბარს, რომ ლერმონტოვზე კულტურის სახლში დრამატურგი უნდოდათ, ძალიან დამაინტერესა და, რომ იტყვიან, ვიფიქრე, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს-მეთქი, ქართულ თეატრს მუდამ უჭირდა კარგი პიესები. ჰოდა, დავწერე, მივიტანე და მაგრად გამიმართლა, რადგან იქ, იმ დროს მწერალი ჯემალ ქარჩხაძე მუშაობდა. ბატონმა გივიმ და ჯემალმა მთელი წელი მამუშავეს და შემასწავლეს ამ რთული თეატრის ნიუანსები. მგონი, ოცი ვარიანტი დავწერე და ბოლოს დადგეს. იმ დროს ახალგაზრდა 26 წლის დრამატურგისთვის პიესის დადგმა, თუ ვინმე ცნობილი ოჯახის შვილი არ იყავი, წარმოუდგენელი იყო. მსახიობებმა ჩააგდეს სპექტაკლი… კულტურის მინისტრის მოადგილე, თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე კი, რომელიც იბარებდა სპექტაკლს, შუა სპექტაკლზე წამოვარდა სკამიდან და თქვა: მე ვხსნი ამ სპექტაკლსო და გავარდა გარეთ. დამთავრდა სპექტაკლი და გარჩევაზე ჯემალმა იმ მსახიობის მიმართ, უცენზურო სიტყვები იხმარა, აბა, რა ეგონა ვიღაც მეტრეველს, რომ ჩააწყოო.
არადა, ცხოვრებაში, არც მაშინ და არც შემდეგ, ხელოვნებას ვგულისხმობ, არაფერი ჩამიწყვია, ჩაუწყობლადაც მომიგია ბევრი კონკურსი. იმ ფიასკოს დღეს კი, მე და გივი სარჩიმელიძემ ერთმანეთს რომ შევხედეთ, ორივეს ეტყობა, ისეთი სახეები გვქონდა, რომ ჰომერული ხარხარი აგვივარდა და ძლივს გავჩერდით. იმ პიესის ბედი კი სკოლაში, ბავშვებს გადააწყვეტინეს. ეს თეატრის დირექტორმა, ბატონმა თენგიზ ჯანელიძემ მოახერხა, რის შემდეგაც სპექტაკლი ბრწყინვალედ მიდიოდა. მეორე პიესა „გვრიტი“ კი, რომელიც ზუსტად ორ დღეში დავწერე, მისი მიტანიდან თვეც არ იყო გასული, რომ რეპეტიციები დაიწყეს და დადგეს. მესამე სპექტაქლი უკვე მეტეხის თეტრში დაიდგა და ასე შემდეგ…
რამდენადაც ვიცი, თქვენი 35 პიესაა უკვე დადგმული, რუსთაველის ერთი სეზონის რეკორდი მოხსენით. 10 თვეში 98 სპექტაკლი ითამაშეს, ანუ სეზონის ყოველი მესამე სპექტაკლი, ეს იყო თქვენი პიესა:” შეშლილი, შეშლილი, ახალი წელი!” გაიხსენეთ ამ სპექტაკლის ყველაზე უჩვეულო შეფასება და როგორ დაიწერა ის?
– უჩვეულო შეფასება ის იყო, რომ ჯერ ას წელს მიტანებულმა დრამატურგმა კიტა აბაშიძემ თავის შავ წიგნში იგი საშინლად გააკრიტიკა: რუსთაველმა პორნო პიესა დადგაო. მერე გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ დრამატურგმა გიგლა ხუხაშვილმა თქვა: თამაზ მეტრეველმა ძალიან ადვილად მოახერხა რუსთაველის თეატრში პიესის დადგმაო. არ ვიცი, ალბათ, იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ დიდი ტრიუმფების შემდგომ პირველი ქართველი დრამატურგი, ვისი პიესაც თეატრმა დადგა. მას დავურეკე და ძალიან ვანერვიულე ჩემი კახური ტექსტით. ბატონი გიგლა, რომელთანაც შემდგომში საოცარი და ლამაზი დღეები მქონია, ანუ ძალიან დავმეგობრდით, დიდი ერუდიტი იყო, უამრავი მწერლის ტექსტი, ლექსების გარდა პროზაც კი ზეპირად იცოდა. ეს პიესა შემდგომში ალბათ ექვსმა თუ შვიდმა თეატრმაც დადგა და, სხვათა შორის, ერთი რეჟისორი მათში, ლაშა გოგნიაშვილიც გახლავთ, თქვენი მოგვარე. ათონელზე ითამაშა მისმა დასმა რამდენიმე სპექტაკლი და წარმატებითაც… მასთან მთავარი როლის შემსრულებელი მომეწონა, რუსთაველში კი ნანა ფაჩუაშვილმა წლის საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის პრემიაც დაიმსახურა.
10003147_718669788164186_195104849_nბატომო თამაზ, თქვენი ცხოვრების შეშლილი ახალი წელი თუ გახსოვთ?
– ჩემი ყველაზე შეშლილი ახალი წელი სტუდენტობის წლების ყველა ახალი წელი იყო… ქორწინების შემდგომ კი ყოველ 31 დეკემბერს მივდივართ ხოლმე და ახალ წელს მეუღლის ძმასთან ვხვდებით. ყველა 31 დეკემბერს ყოველთვის ვამტვრევდი მანქანას, -ასე მქონდა დაცდილი. არ ვიცი, ალბათ, ამით ყველაფერ ცუდს ძველ წელს ვატანდი. ასე დამემართა ორი წლის წინათაც, როცა მეგონა, სამშვიდობოს ვარ-მეთქი, ლილოს გასასვლელში ისეთ ორმოში ჩავარტყი ორივე საბურავი, თავის დისკებიანად დამისკდა. ახლაც პრობლემაა გზებზე, მაგრამ დაუწყიათ უკვე შეკეთება.
 – დრამატურგიის მერე თქვენს ცხოვრებაში პოეზია გაჩნდაპირველი ლექსი თქვენც შეყვარებულს დაუწერეთ?
  -პირველი ლექსი მახსოვს და ის მე-2 კლასში, მართლაც, შეყვარებულს დავუწერე და ვაჩუქე. ლექსის შინაარსი არ მახსოვს. დაბეჭდვით კი ჩემი პირველი ლექსი ახალგაზრდობაზე 1965 წლის აგვისტოში გაზეთ “თბილისში“ დაიბეჭდა. ლექსებამდე კი იყო 6 რომანი, რომელიც ჟურნალ “გზის“ რედაქტორმა ზურაბ აბაშიძემ დამიკვეთა და ზაზა ვაჩნაძის ფსევდონიმით (რადგან იქამდე მოთხრობაც კი არ მქონდა დაწერილი) ხუთწიგნიანი „ველური წაბლის ხეივანი“ და „მტკვარწაღებულნი“ 2005 წლიდან 2008 წლის ჩათვლით იბეჭდებოდა, ექვსივე რომანი სააკაშვილის რეჟიმის ისეთი კრიტიკაა, რომ ერთხელ ვკითხე კიდეც ზურას, ხომ არ გეშინია მისი დაბეჭდვა-მეთქი. მოგეხსენებათ, დღეს ურეკლამოდ საქართველოში ტოლსტოი და ბალზაკიც რომ იყო, წერას აზრი არ აქვს და ეს წიგნიც თავის დროს ელოდება. ლექსების წერა კი დიდი წყვეტის, ანუ მთელი 35 წლის მერე ისევ დავიწყე.
ამ ეტაპზე რომელი უფრო მეტია თქვენში: ჟურნალისტი, დრამატურგი თუ პოეტი?
– თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მეტი იქნება ამ ეტაპზე ჩემში? ისე, პროზაიკოსი გამოგრჩათ. მე სამ წელიწადნახევარში ფეისბუქის კედელზე 4 000 ლექსამდე დავდე, ეს დაახლოებით 6-7 სქელტანიანი წიგნია, ანუ ვთქვათ, 500- გვერდიანი წიგნი. დღეში ხან 10 ლექსამდე ავდივარ და 2-3 თვეში ახალი კრებულის მასალა მიგროვდება. სხვათა შორის, ჩემი ლექსების პირველი კრებული „სასწაული“ ემიგრაციაში მყოფმა ქალბატონმა მანანა ელიაშვილმა დააფინანსა, რომელმაც მეგობრის პირით თავადვე შემომითვალა, რომ თუ არ ეწყინება, წიგნს დავუფინანსებო. ერთმანეთს ფიზიკურად არც ვიცნობთ…
ბატონო თამაზ, თქვენს რომელიმე პიესაში თუ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი? ანუ რა როლს შეასრულებდით?
– ჩემი პიესებიდან თავი არც ერთში წარმომიდგენია, მაგრამ ახალგაზრდობაში ალბათ ჰამლეტს ვითამაშებდი და მქონდა ასეთი მომენტი. კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე მიხეილ ჭიაურელი გვასწავლიდა მსახიობის ოსტატობას და ჩემს კურსთან კოტე მესხის მიერ გადმოქართულებული გერმანელი დრამატურგის, ჰაუპტმანის პიესა „მელანიას ოინები“ დადგა. ისე, რომ იცოდეთ, გიორგი შენგელაიამ თავისი მუსიკალური ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ სწორედ ამ ჩვენი სპექტაკლის ნახვის შემდეგ გადაიღო და მასში მთლიანად შეინარჩუნა მიშა ძიას (ასე ვეძახდით) გმირების ხასიათები. მაშინ პრესაში დიდი კამათიც იყო ამ ფილმის სცენარის გამო, თუ ვის ეკუთვნოდა. თქვენს კითხვაზე კი გეტყვით, რომ ერთ დღეს ბატონმა მიშა ჭიაურელმა ლექსები გვათქმევინა და მე გალაკტიონის „გურიის მთებს“ ვთქვი, მიყურა დაკვირვებით, მიყურა და ასე მითხრა: შენ ჰამლეტს ითამაშებდიო. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა მას, რომ მე ჰამლეტის მთელი მონოლოგები იმ მომენტში ზეპირად ვიცოდი. ჩემი გმირებიდან კი, ახლახან რეჟისორი გიორგი გამყრელიძე მითხრა (სხვათა შორის, ამ ახალგაზრდა, 23 წლის რეჟისორმა ბრწყინვალედ დადგა კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“): კლდიაშვილი ხომ საშინელი ცინიკოსია და თქვენც საშინელი ცინიკოსი ხართო. ასე რომ, მე არასოდეს გამჩენია სურვილი ჩემი რომელიმე პიესის გმირი “გავმხდარიყავი“…
10013545_718669928164172_1105440608_nალეგორიულად თუ წარმოვიდგენთ, თქვენი ცხოვრება რა ჟანრის ნაწარმოები ან პიესაა?
 – რა თქმა უნდა, ყოფითი დრამა…. თუმცა, ბავშვობა უფრო ტრაგედიას ჰგავდა, რადგან მამა, როგორც მაშინ, ომის დროს, გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილ სამხედროთა უმრავლესობა, სტალინის ბრძანებით, ციმბირში გადაასახლეს, მე ახალი დაბადებული ვიყავი, დედას ფეხი დაუცდა ყინულზე და მალების ჩაშლის გამო ოთხი წელი მოსკოვში უმკურნალია, დედის გაცნობა 5 წლის რომ ვიყავი იმ დროიდან მახსოვს, მამის კი,- მეშვიდე წელში რომ ვიყავი. ორივე ფილტვებით დაავადებულნი იყვნენ და მე თელავის ბავშვთა სახლში გავიზარდე. სკოლა, შემდგომ უნივერსიტეტი, თბილისი, დაოჯახება და მერე უკვე ყველაფერი, შემიძლია ვთქვა, რომ კარგად განვითარდა.. ჩემმა ვაჟმა – კობა მეტრეველმა რომის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჟამად ცოლშვილით გერმანიაში, ბონში ცხოვრობს.
– ბატონო თამაზ, იქნებ, საგაზაფხულო განწყობა თქვენი რომელიმე ლექსით გაგვიმძაფროთ?

 – მთვარე მომიტანს ამბავს
თქვენც სიყვარული გინდათ?..
ვერ ვიფიქრებდი ამას,
გიქსოვთ აპრილი მინდვრად
უულამაზეს კაბას.
მე კი ჩამყვება ძილში
თქვენგან ნასროლი მზერა…
თითქოს, სიყვარულს მიხსნის,
მე კი არაფრით მჯერა…
მე ხომ, ძვირფასო, თქვენზე
ჯერ არაფერი ვიცი,
მხოლოდ თვალების ფსკერზე
მოჩანს იმედის ნისლი.
რა პატარაა მიწა,
როგორ ადვილად შევხვდით,
ჭიამაია გიწნავთ
გვირგვინს თავისი ფრთებით…
და როცა მთებში ჩავა
მზის მოელვარე დისკი,
მთვარე მომიტანს ამბავს,
თქვენი ლამაზი სიზმრის.

– საერთოდ ცნობილია, რომ ფინალს პიესაში დიდი მნიშვნელობა აქვს. გაიხსენეთ ფინალური ფრაზა თქვენი რომელიმე პიესიდან, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და რომელსაც ხშირად იმეორებთ?
– ესაა საფინალო მონოლოგი: „შეშლილი,შეშლილი… ახალი წლიდან“, რომლითაც მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი მიმართავდა მაყურებელს. გეტყვით, რომ ეს სპექტაკლი, ალბათ, ერთადერთია, მთელი საბჭოთა კავშირის ისტორიის მანძილზე, რომელიც ცენზურის ანუ მთავლიტის გარეშე დაიდგა. ბატონმა რობერტმა მთხოვა, პრემიერის შემდეგ მიმეტანა ის კულტურის სამინისტროში, რათა მთავლიტს არ აეკრძალა. ასეც გავაკეთე და ჩაბარებაზე მოსულმა,  ცეკას მაშინდელმა თანამშრომელმა ქალბატონმა შენიშვნა მოგვცა: რა ხდება, ამ პიესაში, ბოროტებას რატომ არ ებრძვიანო? ასე გაჩნდა ფინალში რობიკოს ნაკარნახევი ფრაზა: ებრძოლეთ ბოროტებას, რომელიც მე ცოტა შევცვალე. სპექტაკლის რეჟისორი რეზო ჩხაიძე გახლდათ. იმასაც დავამატებდი, რომ პრემიერის შემდეგ მთავლიტში დამიბარეს და მირჩიეს, რომ თანამედროვე თემაზე პიესები აღარ დამეწერა. დიახ. აი, ფინალური ტექსტი ამ პიესიდან: – ჩემო მეგობრებო, არა მგონია, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე შეიცვალოს… მაგრამ დღეს, ახალი წლის ამ პირველ ღამეს, როცა დედამიწა კვლავ აგრძელებს თავის უსასრულო სვლას მცხუნვარე მზის გარშემო, მინდა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი… დიახ, შევებრძოლოთ ბოროტებას, თუნდაც, წელიწადში ერთხელ… გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს და სიყვარულს!..

 

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები