პაატა ზაქარეიშვილი ოსური სოფლებისთვის გაზის მიწოდების ინიციატივით გამოდის
მზად ვართ, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს არსებულ ოსურ სოფლებს გაზი მივაწოდოთ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამყოფი ხაზის გასწვრივ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია და ამ სოფლებიდან მივაწვდით გამყოფი ხაზის მეორე მხარეს არსებულ, ოსურ სოფლებს გაზს.
“ნამდვილად არ ვიცი, რა თქვა ბატონმა თიბილოვმა. კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ დოკუმენტს არ გავეცნობი. 2008 წლამდე, სამხრეთ ოსეთს თბილისიდან მიეწოდებოდა გაზი. 2008 წლის შემდეგ, ეს პროცესი შეწყდა. ოსური მხარე ხშირად სპეკულირებდა, თითქოს ქართული მხარე გაზს აღარ აწვდიდა. სამწუხაროდ, მათ ამის საფუძველი ჰქონდათ, რადგან 2012 წლამდე, სანამ ჩვენ ხელისუფლებაში მოვიდოდით, მათ თბილისის მხრიდან გაზი არ მიეწოდებოდათ. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, მაშინვე შევთავაზეთ და მე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას შეტყობინება გავუგზავნე, რომ მზად ვიყავით, აღგვედგინა ახალგორის გაზით მომარაგება. თუ მანამდე სპეკულირებდნენ, რომ ქართველები ბავშებს სკოლებში და ავადმყოფებს საავადმყოფოებში ყინავდნენ, პასუხად მივიღეთ, რომ გაზს რუსეთიდან მიიღებდნენ. ეს იმიტომ, რომ გაზი მხოლოდ ახალგორს მიეწოდებოდა. პასუხად ამბობენ, რომ ისინი რუსეთის გაზს ელოდებიან და ამასობაში საკუთარ მოსახლეობას თავად ყინავენ. ყოველთვის ჩვენ გაზის მიწოდებას ვთავაზობდით და ისინი არ იღებდნენ. ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ გამყოფი ხაზის გასწვრივ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია და მზად ვართ, ამ სოფლებიდან მივაწოდოთ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს არსებულ, ოსურ სოფლებს გაზი”, – განუცახადა ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა.