ხაჯიმბა – აფხაზეთი რუსეთიდან დახმარებას იღებდა და მომავალშიც მიიღებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ოკუპირებული რეგიონი რუსეთიდან დახმარებას იღებდა და მომავალშიც მიიღებს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის შესახებ ხაჯიმბამ ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დღევანდელი მდგომარეობით, რამდენიმე მიმართულება რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. მრავალი სტრუქტურის წარმომადგენელთა ხელფასი იქიდან ფინანსდება. მაგრამ ჩვენ გვსურს ამ სიტუაციის შეცვლა ქვეყნის შიგნით არსებული რეზერვების ხარჯზე. მხოლოდ ასე შევძლებთ დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთი უნდა გახდეს რუსეთის სრულფასოვანი სტრატეგიული პარტნიორი და მუდმივად მისი დახმარების იმედად არ იყოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.