რატომ თქვა უარი კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულმა გიორგი ოვაშვილმა დაფინანსებაზე
რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა კინოცენტრმა 2015-2016 წელს სრულმეტრაჟიანი ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. გიორგი ოვაშვილის „ხიბულას“ 140 ქულა ერგო, რაც 75 948 ლარს შეადგენს.
„კვირა“ შეეცადა, უარის მიზეზი გიორგი ოვაშვილთან გაერკვია, თუმცა რეჟისორი კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს.
– ვადასტურებ, რომ დაფინანსებაზე უარი ვთქვი. თუმცა სხვა კომენტარის გაკეთება არ მინდა.
– თქვენი უარი ქულების გადანაწილებამ ხომ არ განაპირობა?
– ეს უკვე კომენტარი გამოდის…. აჯობებს თავად კინოცენტრთან გაარკვიოთ. მათ ჩემზე უკეთ იციან, ჩემი უარის მიზეზი.
– რაიმე დაპირისპირება ხომ არ იყო თქვენსა და კინოცენტრს შორის?
– ჩემი პოზიცია არიას ძალიან პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური კონცენტრაცია გავაკეთოთ ჩვენს საქმეზე, რადგან კონკურსში მონაწილეობა მივიღეთ, ესე იგი თანხის მოძიებას ვცდილობდით. ვაგრძელებთ ბიუჯეტის შევსებას, ახლა უკვე სხვა გზებით.
„კვირა“ კინოცენტრის წარმომადგენელს ნინია ახვლედიანს დაუკავშირდა, თუმცა ამომწურავი კომენტარი მათაც არ გააკეთეს.
– რამდენად მოულოდნელი იყო გიორგი ოვაშვილის უარი?
– ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს, ადამიანს მივეცით დაფინანსება და ამბობს უარს. ჩვენ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ?
– გიორგი ოვაშვილის ფილმისთვის განკუთვნილ თანხას რა ბედი ეწევა?
– როცა თანხა ბრუნდება, სავარაუდოდ, გადანაწილდება დანარჩენ ორ კონკურსანტზე ან სხვა კონკურსზე. ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ არის.
კინოცენტრის კონკურსში სამი პროექტი დაფინანსდა:
„43-ორმოცდასამი“ (პროდიუსერი შპს „სინეტექი“ დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე) – 152 ქულა;
„მძევლები“ (პროდიუსერი შპს „20 STEPS PRODUCTIONS“ დირექტორი ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი რევაზ გიგინეიშვილი) – 154 ქულა;
„ხიბულა“ (პროდიუსერი შპს „ალამდარი“ დირექტორი გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი) – 140 ქულა.
ნინო ჯაჯანიძე